თეგი: ელჩები

ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე. „დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს - კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

კობახიძის თქმით, ელჩების დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება და ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა. ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „პირველ რიგში, მთავრობის სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს არ შეეხება. ვიზიტები არის განყენებული თემა, მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს შეეხება მთავრობის სარჩელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, დღეს ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელი შეეხება 2 თანამდებობის პირის დანიშვნას და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. „პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა. სარჩელი შეეხება ამ 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც კობახიძის შეფასებით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. „არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტს ეს ადამიანები არ დაენიშნა. გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტმა ვიღაც დანიშნა, კომპეტენცია არ აღმოაჩნდა და ა.შ. ეს არის მთლიანად მთავრობისა და პოლიტიკური გუნდის პრეროგატივაა. როდესაც საჭიროდ ჩაითვალა, მაშინ შევიდა ეს სარჩელი იმიტომ, რომ რაღაც კულმინაციას მიაღწია პრობლემამ, ეს მოხდა ახლა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც უარი ითქვა ბაქრაძისა და იმნაძის დანიშვნაზე. პრობლემამ კულმინაციას მიაღწია და ამ დროს მთავრობის რეაგირება უნდა ყოფილიყო სარჩელის ფორმით. სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა თხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, რომ კონკრეტული ნორმა განმარტოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ზელენსკიმ საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია: „მოძებნეთ სხვა სამსახური" უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებებშია ნათქვამი. შესაბამისად, საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტი დატოვა იგორ დოლგოვმა. თანამდებობები დატოვეს სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა იური მუშკამ, პორტუგალიაში ინა ოგნივეცმა, ირანში სერგეი ბურდილიაკმა და ლიბანში იგორ ოსტაშმა. 2022 წლის 30 მარტს, ვოლოდიირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. მანამდე  ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა. 

პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერება უნდა მოჰყვეს - საელჩოები

„იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ“, - ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში. „მივესალმებით 2022 წლის პრაიდ კვირეულის ჩატარებას. ვულოცავთ თბილისი პრაიდს და სხვა სათემო ორგანიზაციებს ამ წარმატებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მხარს ვუჭერთ მათ სამოქალაქო უფლებას შიშისა და შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით. კარგად გვესმის, რომ პრაიდ კვირეულის აღნიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს. უამრავი ლგბტქი+ ადამიანი მსგავს გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდება. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ. მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაც პრაიდ კვირეულის მსვლელობისას , უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყვეს. მივესალმებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობას კვირეულის მომზადებისა და კოორდინირების პროცესში. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ადამიანის ძირითადი უფლებების საყოველთაო დაცვას და ისეთი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც აძლიერებს და იცავს მის ყველა წევრს, გამონაკლისის გარეშე, და აღიარებს და აფასებს მრავალფეროვნებას. მივესალმებით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ მხრივ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით. საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მრავალფეროვნებას და მიაჩნიათ, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ეს სოციალური ცვლილება სახელმწიფოს პოლიტიკასა და პრაქტიკაზე უნდა აისახოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულოს ამ მხრივ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და სათანადოდ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, მათი შესაძლებლობის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რასობრივი მიკუთვნების, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირი უნდა წარსდგეს კანონის წინაშე. ვადასტურებთ მზაობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელშეწყობას, რათა საქართველომ დაიცვას ლგბტქი+ თემის უფლებები, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა, გააძლიეროს ლგბტქი+ ადამიანების სოციალური დაცვა, შეამციროს მათი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და უზრუნველყოს განათლებაზე, დასაქმებასა და ჯანდაცვაზე წვდომა“, - წერია განცხადებაში. 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება დახურული იყო. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 15-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე, ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ზელენსკიმ ევროპის 4 ქვეყნიდან და ინდოეთიდან ელჩები გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და ინდოეთიდან ელჩები გაიწვია. სახელმწიფოს მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას გერმანიაში უკრაინის ელჩის ანდრეი მელნიკის, უნგრეთში ელჩის ლუდმილა ნეპოპისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ელჩის ევგენი პერებინოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან ნორვეგიაში უკრაინის ელჩის თანამდებობას დატოვებს ვიაჩესლავ იაცუკი, ხოლო ინდოეთში იგორ პოლიხა, რომელიც ასევე შეთავსებით იყო ელჩი შრი-ლანკასა და ბანგლადეშში.   ამ დროისთვის, ელჩების თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები არ დასახელებულა.  თანამდებობიდან გაათავისუფლებული ელჩებიდან, ყველაზე ცნობილია უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას, უკრაინისთვის იარაღის გადმოცემის შენელების გამო აკრიტიკებდა. 

ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხი განმარტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხი განმარტა. „ეს როტაცია დიპლომატიური პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილია. ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთში დაინიშნებიან უკრაინის ახალი წარმომადგენლები. კანდიდატების მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 9 ივლისს, 5 ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიანი ეჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტი: 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე - 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა. ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ერთადერთი ელჩი, რომლის წარდგენასაც ხელი არ მოაწერა, დავით ბაქრაძეა. მისი დანიშვნა მმართველ გუნდს გაეროში სურს. „37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. მგონი, მაქსიმუმი დრო, რაც გავიდა, იყო ერთი კვირა, თუ 10 დღე იყო. მოგცემთ სიას და მათ ჰკითხეთ, ერთი რჩება, 37-ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის უკვე გადაცემული. იმ დროისთვის არც ერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, ასევე ელჩების გამოწვევა. ბაქრაძესთან დაკავშირებით არ იყო მოსული [მოთხოვნა], ახლა მოვიდა. რასაც არ ამბობენ – ყველა პრემიერის დროს, წინა პრეზიდენტების დროსაც იგივე იყო, არსებობდა ორი ნაწილი ელჩების დანიშვნის პროცესში. ერთი ნაწილია კონსულტაციები, სადაც საგარეო მწერს, კონფიდენციალური ნაწილი, რომ ვაპირებთ, ან დგება შეხვედრა და მერე ამ შეხვედრის ოქმში, რაზე შევთანხმდით, რა არგუმენტები, როგორ. მერე მხოლოდ, როცა შეთანხმებაა, მოდის ოფიციალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი. გაიჭედა ბაქრაძეზე. რატომ, პირდაპირ გეტყვით – ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი, მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოსთან და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არც ერთი სტატია, არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში. წავიდეს სხვაგან. მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. არა, ეს არ მიიღეს, თქვეს, რომ უთუოდ უნდა წასულიყო გაეროში, რაზეც არ დავეთანხმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთში ელჩები შეცვალეს

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ელჩები სინქრონულად შეცვალეს. „იგეგმება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის შეცვლა მოსკოვში. მარკუს ედერერმა დატოვა რუსეთი და უახლოეს მომავალში ამ თანამდებობას დაიკავებს საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი“,- წერს მედია წყაროებზე დაყრდობით.  4 სექტემბერს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა დაასრულა მუშაობა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად და მოსკოვი დატოვა. მანამდე UNIAN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი, ვინ შეცვლდა ედერერს.   

პრემიერ-მინისტრმა ელჩებს საახალწლოდ უმასპინძლა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა – საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.  ირაკლი რარიბაშვილმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

თურქეთმა ცხრა დასავლური ქვეყნის ელჩები გამოიძახა - Reuters

Reuters-ის ცნობით, თურქეთმა დასავლეთის ცხრა ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატებისა და შვედეთის ელჩები დაიბარა, რათა გაეკრიტიკებინა მათი გადაწყვეტილებები, დროებით დახურონ დიპლომატიური მისიები და გამოსცენ უსაფრთხოების გაფრთხილებები. ეს ფაქტი ევროპაში ყურანის დაწვის ინციდენტებს მოჰყვა. ევროპულმა ქვეყნებმა დაგმეს ხსენებული ინციდენტები, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის წესების გამო, მათი აღკვეთა არ შეუძლიათ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, ანკარაში ასევე გამოიძახეს ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბრიტანეთის ელჩები. გასულ კვირას, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და შეერთებული შტატები იყვნენ მათ შორის, რომლებმაც თავისი მოქალაქეები თურქეთში თავდასხმების გაზრდილი რისკის შესახებ გააფრთხილეს. გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც ამ კვირაში უსაფრთხოების მიზეზების გამო დროებით დახურეს დიპლომატიური მისიები თურქეთში.  „ასეთი აქტივობები მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციების ფარულ დღის წესრიგს ემსახურება“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ Reuters-ს. აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ მისი ელჩი, ჯეფრი ფლეიკი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო.   

ექვსი ქვეყნის ელჩებმა ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის, ინდონეზიის, შვედეთის, ჩილეს, კოლუმბიისა და პერუს ახალი ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. ზელენსკი ხაზს უსვამს ხსენებულ ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხს. მან დიპლომატებს და მათ მიერ წარმოდგენილ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის ელჩ მარტინ იეგერთან შეხვედრისას ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის გერმანიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსული აგრესიის მოგერიებაში. მან ხაზი გაუსვა გერმანიის როლს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. ინდონეზიის ელჩთან არიეფ მუჰამედ ბასალამასთან საუბრისას მადლიერება გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რასაც ადასტურებს ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს ვიზიტი 2022 წლის ივნისში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა უკრაინის მონაწილეობა G19-ის სამიტში გასული წლის ნოემბერში ინდონეზიის პრეზიდენტის მოწვევით, სადაც სახელმწიფოს მეთაურმა წარადგინა მის მიერ ინიცირებული ყოვლისმომცველი მშვიდობის ფორმულა. მან მადლობა გადაუხადა ინდონეზიას მისი წარმომადგენლის მონაწილეობისთვის ჯედაში, სადაც მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილეს.  შვედეთის ელჩ მარტინ ობერგთან საუბრისას ზელენსკიმ შეაქო ამ ქვეყნის ეფექტიანი სოლიდარობა უკრაინის მიმართ.  

"თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს

საქართველოს პრეზიდენტი  ვიდეომიმართვას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს, რომ ისინი "გაურკვევლობაში არიან", როცა "ერთი რამ უნდა თქვან და მეორე რამ სწამთ." საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე მომემართა თქვენთვის და სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით. დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო იყო მომემართა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ყველა ელჩი გუშინ და დღეს შეკრებილნი ხართ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, შუაგულ ევროპაში. იმ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ჩვენი მხარდამჭერია და მთელ ამ გზაზე მოგვყვებოდა და მხარს გვიჭერდა. ქვეყანა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ასოცირების გადაწყვეტილებისას, ასევე, ვიზალიბერალიზაციისა, დაბოლოს, ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, ,,მაინც“- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე. სწორედ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ახლა. და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული. მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა,“ ამბობს პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში  20 ივნისს განუცხადა, რომ მან შეხვედრა გამართა საქართველოს ელჩებთან. „შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე. და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემაზე,“ - განაცხადა კობახიძემ. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის