თეგი: ენრიკო ვალვო

იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე

Europetime-მა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა. ელჩს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, მით უფრო ახლა, როცა საქართველოს გადმოეცა ევროკომისიისგან შეფასების კითხვარი. ასევე, იტალიისთვის რუსული გაზის ალტერნატივების მოძიებაზე, იმ ფონზეც როცა იტალიამ უკვე მოაწერა ალჟირთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი. იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) განხორციელებას იტალიური მხარე ხელს უწყობს.  „რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება რუსული გაზის ალტერნატივის მოძიებისა და ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ენრიკო ვალვოს შეფასებით, იტალიის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები დივერსიფიკაციის ნაწილია. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომაც, არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ, მთლიაად ევროკავშირს აქვს დიდი სურვილი, იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. როგორც ცნობილია, იტალიის პრემიერმა ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მიმართ პასუხია. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ამას უკავშირდება. ეს არის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავაფინანსოთ რუსული ომის მანქანა და მისი აგრესია უკრაინაში“, - განუცხადა ენრიკო ვალვომ Europetime-ს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა  

ენრიკო ვალვო: ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს

საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის, თავისი ისტორიული მონაცემებით უნდა შეფასდეს. ამასთან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება.  ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა „როგორც იცით, იტალია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროცესის წარმმართავი ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. იტალიამ კრიტიკულ ეტაპზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავისთავად, ევროკავშირის გაფართოებისადმი არის განსხვავებული მიდგომები. ვთვლი, რომ საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეფასება ლეგიტიმაციის საკითხის, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები, მსგავსი გაკეთდა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ პროცესს სჭირდება დრო, ვიცით, რომ სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს ყველა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინტეგრაციის საკითხებით. ევროკავშირის ინსტიტუციების მხრიდან უფრო მეტი ზედამხედველობა იქნება საჭირო ამ ძირითადი მიმართულებით“, - აღნიშნა ენრიკო ვალვომ. იტალიელმა დიპლომატმა, ასევე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და თქვა, რომ ნაკლები პოლიარიზაცია მეტი წარმატების შესაძლებლობას შექმნის. „პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, უფრო მეტიც, უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა ერთიანი ამოცანების წინაშე, რომ მოხდეს შესაბამისი ადაპტირება, რომ აღმოიფხვრას პოლარიზაცია და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება“, – განაცხადა ვალვომ. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო მისიას ასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.   მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება. „ხაზი გაესვა  ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია. აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.