თეგი: ენტონი როტა
კანადის პარლამენტის სპიკერი გადადგა მას შემდეგ, რაც ნაცისტური კავშირების მქონე უკრაინელ ვეტერანს „გმირი" უწოდა
ენტონი როტამ კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერის თანამდებობა დატოვა. 22 სექტემბერს, პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის სტუმრობის გამო, მან სხდომაზე 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა მიიწვია და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანად და გმირად წარადგინა. ჰუნკას ტაშით შეეგება დარბაზი, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც. თუმცა გაირკვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰუნკა გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ, უკრაინელ მოხალისეთა დივიზია „გალიციაში“(გალიჩინა) მსახურობდა. კანადის თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დამატებითი ინფორმაცია გვიან გახდა მისთვის ცნობილი. ამასთან, განმარტა, რომ ჰუნკას მიწვევა პირადად გადაწყვიტა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც დეპუტატებმა და არც უკრაინის დელეგაციამ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ მომხდარს პარლამენტის და ყველა კანადელის სირცხვილი უწოდა. მისი კაბინეტის ზოგიერთმა წევრმა კი როტას გადადგომისკენ მოუწოდა.