თეგი: ერთად ევროპისკენ
თბილისში აქცია - „ერთად ევროპისკენ“ გაიმართა
საქართველოს სურს ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება - ამ მოწოდების ირგვლივ რესპუბლიკის მოედანზე აქცია „ერთად ევროპისკენ“ გაიმართა. აქციაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა. გეგმავენ, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაფიქსირონ ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, რომ მათ ევროპული ოჯახის წევრობა სურთ. ეს დროშა შემდგემ ბრიუსელში გაიგზავნება. შეკრების ორგანიზატორები მოქალაქეები არიან, თუმცა პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც იყვნენ ადგილზე. „ყველა ერთადერთი რამის თქმას ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმსახურებს ევროპას და ამ პროცესში ერთადერთი წინაღობა არის „ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირის პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ, ჩვენ ინიციატივა ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ და მთელ მსოფლიოს გავაგონოთ, რომ გვინდა თავისუფალი სასამართლო, გვინდა თავისუფალი მედია, არ გვინდა ძალადობა. გვინდა ისეთი ქვეყანა, რაზეც დღეს ევროკავშირი დგას. დღევანდელი ინიციატივაა, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერა ბრიუსელში გაიგზავნება", - განაცხადა პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.