თეგი: ერთწლიანი ანგარიში

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისის შემდეგ ქუთაისში წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა. „იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული: დაინერგა და შვიდ რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს ექვს დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა PROBBOX; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია; გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა ხუთ ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში; დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ (HeinOnline); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან; სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში. „გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისთვის“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, იმერეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპების თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.