თეგი: ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივი ახალი, მნიშვნელოვანი მასალებით შეივსო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2022 წლის ექვსი თვეში 23 085 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 766 ფოტო, 23 კინოდოკუმენტი, 10 ფონოჩანაწერი, 55 წიგნი და 300-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს. დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები. "2022 წლის პირველ ნახევარში ეროვნული არქივის კინოარქივის მდიდარ კოლექციას რეჟისორ გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმი „ქართული ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (კინოფირი) და რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმები: „მე ვხედავ მზეს“ და „ფერისცვალება“ (ელექტრონული ვერსია) დაემატა. გარდა ამისა, ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისგან შეიძინა ქართული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი 140-მდე ფოტო, მოქალაქე ირაკლი ებრალიძისგან კი საჩუქრად მიიღო კომპოზიტორების – სულხან და გურამ ნასიძეების – ოჯახური ფოტოები. აუდიოარქივი გამდიდრდა ანსამბლების – „რუსთავი“ და „ადიღეა” – ჩანაწერებით, ასევე, კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო სიმღერებით. ფონოარქივს შეემატა მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა „დარეჯან ცბიერის“ აუდიოჩანაწერი. ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა: შეიქმნა წერილობითი დოკუმენტების 466 209 ფურცლის, 150 კინოდოკუმენტის, 3 520 ფოტოს და 220 აუდიოდოკუმენტის ელექტრონული ვერსია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: გამოძიება დაადგენს, როგორ მოხდა კინოფირების აალება

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბუბა ლომუაშვილის განცხადებით, არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში ხანძრის შედეგად, რა გადარჩა და ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, ამ დროისთვის კი, გამოძიება მიმდინარეობს. ლომუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დამონტაჟებული იყო ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა როგორ მოხდა კინოფირების აალება, ამას გამოძიება დაადგენს. „ახლა, ამ შენობაში ხანძარი აღარ არის. რაც შეეხება იმას, თუ რა განადგურდა, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ შევიდეთ. შსს, როდესაც დაამთავრებს ყველა იმ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც უკავშირდება გამოძიებას, მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია, ვნახოთ, რა დაზიანდა. რა გადარჩა, ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ სასიხარულო ფაქტი ის, არის, რომ ჩვენ ვიცოდით ამ რისკების შესახებ, გვქონდა ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს არის აალებადი კინოფირები, თუ როგორ მოხდა ამის აალება, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ის ძვირფასი მასალა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო განლაგებული, გაციფრულებულია და ჩვენ ამის ასლები გვაქვს. ყველა საჭირო პროცედურა და სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, ამ შენობაში იყო განთავსებული. პირველადი დეტექციაც, ასევე ის სახანძრო სპეციალური სისტემა, რომელიც შიგნით იყო დამონტაჟებული ეს ჩაირთო, ამან იმუშავა და რაც ყველაზე მთავარი იყო, ის ჰიდრანტები, რითაც აღჭურვილია მთლიანად არქივის შენობა გამართულად მუშაობს ამ წუთშიც და მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული. თუმცა, გეტყვით,რომ საჭირო დაცვის სისტემებიც აუცილებელი იყო, ყველაფერი იყო აქ,“ - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული არქივის ეზოში გუშინ ის შენობა დაიწვა, რომელშიც ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები ინახებოდა. ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასალა, რაც კინოფირებში იყო, გაციფრულებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. „საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,“ - ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში.