თეგი: ეუთო/ODIHR
ეუთო/ODIHR-ი საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების შესახებ გადაწყვეტილებას, წინასაარჩევნო გარემოს დეტალურად შეფასების შემდეგ მიიღებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადებას დეტალურად შეაფასებს. ამის შესახებ Europetime-ს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა განუცხადა. „მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით. საქართველოში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით არჩევნებს და ჩვენი ძირითადი ექსპერტთა გუნდი რეგულარულად იგზავნება ქვეყანაში, არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე,“ - აღნიშნავენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში. ეუთო/ODIHR-ი საქართველოში წინასაარჩევნო მისიას არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს. საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია. ცნობისთვის, 19 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.