თეგი: ექიმები
ირაკლი ღარიბაშვილი: 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს
11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ზურაბ აზარაშვილმა შეიმუშავა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და უკვე დღეიდან, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო და შემდეგ, ბატონი მინისტრი თავად ახსნის ამ ინიციატივის არსს. დღეიდან, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, მოქალაქეს შესთავაზოს სამი ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ – თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. მინისტრი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, დარგის სპეციალისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან. ეს ყველაფერი გავლილია მათთან და დიდი იმედი მაქვს, აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება, მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, 60-70-80%-ით შემცირებულია ფასები, რაც დამერწმუნებით, მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში და პრაქტიკულად ყველგან. „მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს – ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ზურაბ აზარაშვილი: დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა
„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აზარაშვილი: 2 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს. ექიმები ხელფასის 100%-ით მატებას ითხოვენ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა. „დღეს, ჩვენ სასწრაფოს ადმინისტრაციასთან შევიკრიბეთ. სასწრაფოში დასაქმებულები ხელფასის 100%-ით ზრდას ითხოვენ. ჩვენ წინა კვირას მინისტრის ორ მოადგილესა და დამსაქმებელთან შეხვედრა გვქონდა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალ მოდელს შეიმუშავებდნენ და დატვირთვიდან გამომდინარე დაითვლებოდა. შესაბამისად, მათი ხელფასი გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენ ეს დაპირება ვერ მივიღეთ“, -განაცხადა ამირანაშვილმა.
სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ
სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა და სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი. „ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე) რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება. სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1 200 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2 000 ლარს, ექიმის 1 700 ლარს, ექთნის 1 300 ლარს, მძღოლის 1 200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს ოთხ დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები. ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გაცემა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის, გააგრძელეს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რათა საქართველოს მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, – აცხადებენ უწყებაში. ასევე წაიკითხეთ: სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასის მატების მოთხოვნით მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. „ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელფასების ზრდა და არა ის პილოტური მოდელი, რომელიც ადრეც იყო დანერგილი სასწრაფოში და არ გაამართლა. აქედან გამომდინარე დასაქმებულები დამსაქმებელს უხსნიან, რომ ეს მოდელი ადრეც იყო და მან არ გაამართლა. შესაბამისად, არ უნდა დაინერგოს და დრო ტყუილად არ უნდა დაიკარგოს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთი კვირა მოითხოვეს იმისათვის, რომ ახალი მოდელი შეემუშავებინათ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ მათ ხელფასების ზრდის მოდელი კი არ შემოგვთავაზეს, არამედ თორმეტ საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შემოგვთავაზეს, რაც დასაქმებულებისთვის თითქმის ორმაგ სამუშაოს გულისხმობს. როცა 27 მაისს აქცია გავმართეთ, მათ დღევანდელ დღემდე მივეცით ვადა, რათა გადაწყვეტილება მიეღოთ, პროფკავშირებისთვის და სასწრაფოში დასაქმებულებისათვის დაეძახათ და ერთად რაიმე სახის მოდელი შეგვემუშავებინა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ეს საუბარი, შეხვედრა და მოთხოვნა ქუჩაში გადავიტანოთ, არამედ ჩვენ გვაქვს სურვილი ცივილურად შევხვდეთ სამინისტროში და გადავწყვიტოთ რა ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ. სამწუხაროდ, სამინისტროს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და ჩვენ მათ შემოთავაზებას ველოდებით“, - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს
პროფესიული განვითარების საბჭო: ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა 6 თვით შეუჩერდა. „საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1 თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 საქმე განიხილეს.
პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 5 საქმე განიხილეს და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. 2 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. „პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს განიხილავენ. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს, ან ოპტიმალური ვადით შეუჩეროს, პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაავალოს და წერილობითი გაფრთხილება გასცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. ამასთან, სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. "ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ
უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. "ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- აცხადებს დაღუპული ბავშვის დედა მაია ინჯგიამ. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
მედია: რუსეთს მაღალკვალიფიციური ექიმები ტოვებენ
რუსეთიდან, IT სპეციალისტების, ინჟინრებისა და ბლოგერების შემდეგ, მობილიზაციის გამო მაღალკვალიფიციური ექიმებიც მიდიან. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის დაწყების შემდეგ, ექიმების, სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტების დაქირავებაზე რეკლამების რაოდენობა ზაფხულის თვეებთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა. მობილიზაციის პირველ კვირას უშუალოდ ექიმებზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა. „უპირველეს ყოვლისა, სამსახურს ტოვებენ საკვანძო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც დიდ კლინიკებსა და სამედიცინო ქსელებში კადრების დეფიციტის მიზეზია. ორ კვირაში რუსეთმა შესაძლოა, სამუშაო ძალის დაახლოებით 1% დაკარგოს, რაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით 72 მილიონი ადამიანია“, - წერს მედია. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები "ღირსეულ ხელფასს” ითხოვენ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, პერსონალი იძულებული იქნება უკიდურესი ზომა მიიღოს. “ჩვენ მოვისმინეთ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასები იანვრიდან 10%-ით გაიზრდება. მოთხოვნა, რომ ხელფასი მეტით გაზრდილიყო, თურმე არარელევანტური ყოფილა და 10%-იანი ზრდით უნდა დავკმაყოფილებულიყავით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფლაცია 10%-ზე მეტია, შესაბამისად, ეს 10% სასწრაფოში დასაქმებულებისთვის საკმარისი არ არის. იქნებ დამსაქმებლებმაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მორიგე მედპერსონალი და მძღოლები მოვიდნენ არა აქციაზე, არამედ ოჯახთან გაატარონ თავისუფალი დრო. ჩვენი მოთხოვნა ხელფასის 100%-იანი ზრდა იყო, თუმცა ახლა ეტაპობრივ ზრდაზეა საუბარი”, - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.
პროფესიული განვითარების საბჭომ ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა
პროფესიული განვითარების საბჭომ ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა, - ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი ხუთი საკითხი განიხილეს და რვა ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრო: მომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7 ლარი, ექთნის კი 4,4 ლარით განისაზღვრება
საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის პირველი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. "2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტროს განმარტებით, ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის - 5,6 ლარით განისაზღვრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრომ შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს. პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია, ვერ დადის - ადვოკატი „რაც შეეხება ჩვენ შეფასებას, ამ წუთას რაც შემიძლია გითხრათ იმის გამო, რომ ბევრ რამეზე ვერ ვსაუბრობ, რადგანაც ჯერ თანხმობა არ მაქვს, ჩემი კონსილიუმის შეფასებით, ეს მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ პროგნოზს, რასაც ისინი აკეთებდნენ გაზაფხულზე, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა. არსებული სიტუაცია სრულად შეესაბამება იმ ნეგატიურ პროგნოზს, რაც ჩვენი ექიმების მიერ გაკეთდა და მათი შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა ეს მდგომარეობა დამძიმდება და ძალიან პრობლემური იქნება. კონკრეტულად, რა იქნება ჩვენი პოზიცია, შეესაბამება თუ არა არსებული მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება თუ გადავადებას ამაზე ვმსჯელობთ და თუ გადავწყვეტთ გვექნება ჩვენი საჯარო პოზიცია", - აცხადებს ლომჯარია. კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოითხოვეს
ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. „ექიმები მოვითხოვთ, ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას. პაციენტი ხელში გვაკვდება. მოსახლეობასაც მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ. დავიცვათ პრეზიდენტის უფლებები!“ - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მანანა ჯებაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შრომის ინპექციის სამსახური: ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხს შევისწავლით
შრომის ინპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. „2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარი, ექთნების კი, საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები. შესაბამისად, ინსპექტირებისას თუ დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება. შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებელების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს შეუჩერდა
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს შეუჩერდა, - ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება”,- აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს, რაც 266 ექიმს დაეკისრა. საბჭოს გადაწყვეტილებით 70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, 6 მედიკოსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებულად შეძლებენ - სამინისტრო
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი. გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე - კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.