თეგი: ექსტრადირება

საქართველოდან აშშ-ში, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა - პროკურატურა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, აშშ-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში, მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა. ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა პირებზე ასაღებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბრალდებულმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო, რის შემდგომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირის ექსტრადიციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, CNN 23 თებერვალს წერდა იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით, რომ 28 წლის რუსი მამაკაცი, რომელსაც ჰაკერული ინსტრუმენტების შემუშავება-გაყიდვა ედება ბრალად, საქართველოში ოქტომბერში დააკავეს და ის უკვე ექსტრადირებულია აშშ-ში.