თეგი: ვაკის პარკის ტრაგედია
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის სამსახურის ყოფილ უფროსს, სპეციალისტსა და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინა
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“. გამოძიების ინფორმაციით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. "კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტროტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტროტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტროდენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა. ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. „კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური)",- აღნიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,გრინსერვისი +“-ს შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა. საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ელექტროტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს LMC -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს LMC -მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანს“ მიმართა. 2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს LMC -ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს“, - წერია უწყების ინფორმაციაში.
„ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რვა პირს პატიმრობა მიესაჯა, ერთი გამართლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი, პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის - 3- წლით, დევი კახოიძეს - 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს - 3.6 წლით, დავით თუშიშვილს - 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს - 3- წლით და ბექა მურღვლიანს - 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი, გამართლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა. დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). ბრალდება წარედგინა „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცველებმა 2022 წლის 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.
ვაკის პარკის ტრაგედიიის საქმეზე, თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დააჯარიმა ის კომპანიები, რომლებიც “ვაკის პარკის” შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, “ექსპერტიზა დიაინი”- 50 000 ლარის, “მშენ ექსპერტი” - 100 000 ლარის და “გრინსერვისი”- 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში იყო, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს.“