თეგი: ვალერი გერასიმოვი
ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა
ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ. „მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ,“ - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შარშან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო. მარტში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეხუთე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ინაუგურაციის შემდეგ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა თავდაცვის სტაჟიანი მინისტრის, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის ნაცვლად ეკონომისტ ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნას. შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად. ეს უკანასკნელი კი, პუტინის თანაშემწე გახდა.