თეგი: ვანდალიზმი
მივმართავ ვანდალიზმის ჩამდენ პირებს, რასაც თქვენ აკეთებთ, უმძიმესი დანაშაულია - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები, რა დროსაც სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს აზიანებენ, ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ. „ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ, რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში, უსაფრთხოების. რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამის რეაგირება, ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან დაყენება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან ცუდი, როდესაც ვანდალიზმი ხდება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რაშიც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. მინდა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული, ამით თქვენ საფრთხეს უქმნით თქვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს. ასევე, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი ინფორმაცია. მერიის ცხელ ხაზზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან დაუკავშირდით თქვენივე რაიონის გამგეობას. ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ ვანდალიზმი დიდი პრობლემაა - კალაძე
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანება ან განადგურება დაჯარიმებას გამოიწვევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტია, ნადგურდება ქალაქის ინფრასტრუქტურა. „მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარდგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონმდებელთა მხარდაჭერას მივიღებთ. არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ პრევენციის მიზნით, ამ ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს საზოგადოების მხარდაჭერის, რადგან ბევრი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ხდება ვანდალიზმი, იქვე დგანან ზრდასრული ადამიანები და შენიშვნასაც არ აძლევენ მოზარდებს. ეს დიდი პრობლემაა და ერთად უნდა შევეჭიდოთ ამ გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას ყველა ერთად მოვერევით“, – განაცხადა კახა კალაძემ.