თეგი: ვედანტ პატელი

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად

აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევის მცდელობას და მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რაზეც ეს ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას. ეს არის ის, რაზეც თავად [აშშ] სახელმწიფო მდივანიც საკმაოდ კონცენტრირებულია. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში“, - განაცხადა პატელმა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ახალი მრჩევლის ლუის ბონოს მომავალ ჩართულობას და მის მომავალ ვიზიტებს, თუმცა დეპარტამენტში ამ თემაზე მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო დანიშნა. ბლინკენის თქმით, ბონო იმუშავებს რეგიონის ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე.  

ვედანტ პატელი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, ხელისუფლემამ უნდა უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება.   „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის ოფისის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება“, - განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიცულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.  

ვედანტ პატელი: აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. შესაბამისი ვიდეო კითხვის ავტორმა Twitter-ზე განათავსა. „მე მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში," - განაცხადა ვედანტ პატელმა. უფრო ადრე გაავრცელა განცხადება ამერიკის საელჩომ და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოშიც და ვაშინგტონშიც.  „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით.   როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“- აცხადებს ამერიკის საელჩო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, მმართველი პარტიის წევრებმა და რიგმა ტელეარხებმა გაავრცელეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: განადგურების გამომწვევი ქმედების მორიგი მაგალითია, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შედეგია

კირბალში მკვლელობა მძიმე ზიანის მომტანი ქმედებების მორიგი მაგალითია, რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიასა და სხვაგან, რუსეთის ოკუპაციის შედეგია. ამის შესახებ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა. „ჩვენ ამ მკვლელობას ვგმობთ. ეს არის მიმდინარე, განადგურების გამომწვევი ქმედების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოს სურენეულ ტერიტორიასა და სხვაგან, რუსეთის ოკუპაციის შედეგია. ეს არის ის, რის შესახებაც მონიტორინგს და მოწოდებასაც გავაგრძელებთ," - განაცხადა პატელმა შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ. მანამდე, განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმ, მეთიუ მილერმა გაავრცელა. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ვედანტ პატელი: ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე გაააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე. დამაზუსტებელ კითხვას, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილემ უპასუხა: „ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი.“ პატელის კომენტარის ეს მონაკვეთი დღეს ამერიკის საელჩომაც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეექვსე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გააკეთა. რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი აქტივობა მის მიერ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და სწორედ მათ მისწრაფებას უჭერს მხარს აშშ. პატელი იხსენებს საქართველოს მთავრობის განაცხადს, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისეთ ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მთავრობის ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება. „ვფიქრობ, აქ მთავარი ის არის, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის მისწრაფებებს არ შეესაბამება - არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ, ქართველი ხალხის მიერ თვითგამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისეთ ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა, მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მთავარი მოადგილის თქმით, თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ფლობს. „ჩვენ თბილისში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ცნობები გვაქვს. როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის და ამისთვის ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს. განცხადება ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე, სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რაც გვაქვს საქართველოსთან, რაც არსებობს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის. მაგრამ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ ის კურსი, რომელზეც არის უნდა შეცვალოს. კიდევ ერთხელ, მე წარმომიდგენია, რომ მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენს, შეხვედრების დასრულების შემდეგ, მეტი ექნება სათქმელი," - განაცხადა პატელმა. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეტის თქმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებლი. „ჩვენთვის ცნობილია კანონის სტატუსის შესახებ და ვაგრძელებთ შემდგომ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისშია, ის მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ქართველ ოფიციალურ პირებს და ამ ჩართულობის შემდეგ, მეტი სათქმელი ექნება," - აღნიშნა სპიკერმა. ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმის კურსშია სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც. უწყების წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მაგრამ, მსგავსი რამ, როგორიცაა ეს კანონმდებლობა, არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზანს," - აღნიშნა პატელმა. შესაძლო სანქციების შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ განაცხადა, რომ როგორც ყოველთვის, ის ახლაც არ ისაუბრებს წინასწარ იმ ზომების შესახებ, რომელსაც შესაძლოა დეპარტამენტმა მიმართოს. თუმცა, შესაძლო შეზღუდვების შესახებ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა. მისი თქმით, თუკი მიღებული კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. „თუკი ეს კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება," - განაცხადა ო'ბრაიენმა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

“მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ჩართულობა შესაბამის ოფიციალურ პირებთან“ - სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე

ქართველი ოფიციალური პირების ნაწილისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ "შესაბამის" ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის, ჩართულობა გრძელდება. ჟურნალისტის კითხვას, გზავნის თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი შერეულ გზავნილებს საზოგადოებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე განმარტავს, რომ არა. ჟურნალისტი გულისხმობდა, ერთი მხრივ, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სავიზო შეზღუდვების დაწესებას და მეორე მხრივ, ნატოს ვაშნგტონის სამიტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევას. „როცა საქმე საქართველოს ეხება, და ვიცით, რომ ამ ბრიფინგების ოთახში ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მათ შორის კანონზე, რომელიც ახლახანს მიიღეს. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსში, გვსურ პრიორიტეტი მივანიჭოთ. და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ გსმენიათ ჩემი და მეთიუს [ მეთიუ მილერი, აშშ-ის სახ. დეპარტამენტის სპიკერი] საუბარი, იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას. და ჩვენ მაინც გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და კვლავაც არის სხვა საკითხები, რომლებზეც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ მათთან ვისაუბრებთ," - განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ. მანამდე "ბრუკინგსის" ინსტიტუტში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკამ შესაძლოა, ახალი ზომები მიიღოს. „ვფიქრობ, [რეგიონში] ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არა მხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს“, - თქვა ბლინკენმა და განმარტა, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომელიც არის საქართველოში და რეგიონში.  

პატელის თქმით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის აღსრულებას აშშ ყურადღებით დააკვირდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს. „ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს," - აღნიშნა პატელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ბრეგაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის და დახმარების პროგრამების გადახედვა დაიწყო. პენტაგონმა  სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა, ქვეყანას სამხედრო და თავდაცვის კუთხით გამოყოფილი დახმარება - 30 მილიონი ევრო გაუყინა. ყველა ეს გადაწყვეტილება, დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.  

პატელი: მზად ვართ, დამატებითი ქმედებები განვახორციელოთ, თუ საჭიროება იქნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიეკრის მოადგილემ ვედანტ პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის, თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, სულ უფრო აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან. სახელმწიფო დეპარტამენტში ისაუბრეს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე 95 მილიონი აშშ დოლარის გაყინვის შესახებ და განმარტეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო გადაიდგა. აშშ „აგრძელებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.“ პატელის თქმით, აშშ მზად არის, დამატებითი ქმედებები განახორციელოს, თუ საჭიროება იქნება „დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დახმარების 95 მილიონ დოლარს გაყინავს, რომელიც საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა წასულიყო. აშშ ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და NATO-ში წევრობის ნორმებს. გვახსოვდეს, რომ ქართველის ხალხის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან. გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე “უცხოური გავლენის” კანონის გაწვევით, სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, თავისი დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებითა და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით. ეს ქმედებები შესაბამისი იქნება დემოკრატიული პარტნიორის მიერ აშშ-ის მხრიდან დახმარების მიღებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულ გამომწვევ მომენტშია. აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. გავაგრძელებთ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ეს [ორმხრივი ურთიერთობების] გადახედვა, რომელიც ახსენეთ, მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დამატებითი შესაბამისი ქმედებები განვახორციელოთ, თუ ამის საჭიროება იქნება,” - განაცხადა პატელმა. მისივე განცხადებით, აშშ ამავდროულად გააგრძელებს უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას. „დახმარების პროგრამები, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ “ქართული ოცნების მთავრობისთვის, გაჩერებული იქნება, ამავდროულად გავაგრძელებთ უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამების შეიძლება, მოდიფიცირებული იყოს, რათა რესურსები არასამთავრობო ერთეულებს გადაეცეს, რომლებიც კონკრეტულ სექტორში მუშაობენ," - აღნიშნა პატელმა.