თეგი: ვენესუელა
ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი
Reuters-ის ცნობით, ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გამოცემის ცნობით, გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა აგრეთვე ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას და საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო მომსახურების ექსპორტს ითვალისწინებს. „ვენესუელამ აჩვენა სამაგალითო წინააღმდეგობა სანქციების, მტრებისა და იმპერიალისტების მუქარის წინააღმდეგ. 20-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი მოწმობს ორი ქვეყნის ნებაზე, განავითარონ კავშირები“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ.
ვენესუელაში, მეწყერის შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში, მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 56 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქიის გამო, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ყველა, რამდენიც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
მედიის ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს
ესპანური „ელპაისის“ ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, სამი კვირის წინ კატარში ერთმანეთს შეხვდნენ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ხუან გონსალესი. მედიის თანახმად, კომუნიკაციის პირდაპირი არხის დასამყარებლად მოლაპარაკებები მედიატორებისა და მესამე მხარის გარეშე ჩატარდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლებასა და ვენესუელაში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების აუცილებლობაზე. კარაკასი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მოკავშირე კოლუმბიელი ბიზნესმენის, ალექს სააბის გათავისუფლებას ითხოვს. მას აშშ-ში ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ, ვენესუელის მთავრობა კი, სააბის დიპლომატად მიიჩნევს. კარაკასმა ბაიდენი საზღვარგარეთ გაყინული ვენესუელის თანხების ბლოკირებაშიც დადანაშაულა. გარდა ამისა, იმ ფონზე, რომ მადურო სანქციების სრულ მოხსნას ითხოვს, ვაშინგტონმა ნავთობკომპანია „შევრონს“ ვენესუელაში ოპერირების ლიცენზია მიანიჭა.
WP: აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს, სანაცვლოდ, ვენესუელა არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობით ჩაატარებს
The Washington Post-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვენესულის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს და ვენესუელა მომავალ წელს არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს. ამერიკული გამოცემა ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით წერს. შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელას დროით ლიმიტს დაუწესებს. შეთანხმება არ მოიცავს ვენესუელის გაყინული აქტივების გათავისუფლების საკითხს. შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, მადურო ვალდებული იქნება, რომ მომავალ წელს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას და მედიის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა. REUTERS-ი გასული წლის ივნისში წერდა, რომ აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ვენესუელის ნედლი ნავთობი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარებოდა. გასული წლის მაისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებდა.
ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა
ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმზე ხმა დაახლოებით, 10,5 მილიონმა ვენესუელელმა მისცა, რომელთაგან 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შექმნას დაუჭირა მხარი. გაიანას პრეზიდენტი, ირფაან ალი მოსახლეობას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ აქციაზე შეუერთდა. მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას გაიანას ტერიტორიის ნაწილის ანექსიას უკრძალავს. რეფერენდუმი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. 1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ გაიანა-ესეკიბოს ტერიტორია გაიანის ნაწილად აღიარა. მაშინ ეს დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2015 წელს სადავო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს.
ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე მადურომ გამარჯვება გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. „ესეკიბოს მთელ ტერიტორიაზე ნავთობის, გაზისა და მაღაროების მოძიებისა და ექსპლუატაციის საოპერაციო ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაცემას გავაგრძელებ,“ - განაცხადა მადურომ. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა
მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა. ამასთან, მან გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, გაიანის ხელისუფლებამ რეფერენდუმს ანექსიის მცდელობა უწოდა. თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, გაიანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესეკიბოს გაიანის სახმელეთო ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს. იქ 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაიანის მოსახლეობა სულ 800 ათასია. ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა ვენესუელა დიდი ხანია, ესეკიბოზე პრეტენზიას აცხადებს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია ExxonMobil-მა რეგიონში ნავთობით მდიდარი საბადოები აღმოაჩინა. გაიანამ და ვენესუელამ 1966 წელს ჟენევაში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გაიანა გახდა ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში ბრიტანეთის სამართალმემკვიდრე. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გაიანა ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ესეკიბო გაიანის ნაწილად აღიარა. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენესუელამ არ უნდა მიმართოს ქმედებებს, რომლებიც სადავოს გახდის ამ რეგიონზე გაიანის კონტროლს, თუმცა კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ აუკრძალავს. ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც საქართველოს ორი ნაწილის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ბრაზილია ვენესუელის საზღვართან ჯარებს აგზავნის
ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგება გადაწყვიტა. ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ქვეყნის არმია სრულ სამხედრო მზადყოფნაშია და რეგიონში მშვიდობას დაიცავენ. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ვენესუელასა და გაიანას შორის დავის საგანს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენს. მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა
აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი გაათავისუფლა - Reuters
Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა. კერძოდ, ვენესუელის მთავრობამ 20 ოპოზიციონერი და 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ალექს სააბი შეიწყალა. ალექს სააბს კარაკასის აეროპორტში პრეზიდენტ მადუროს მეუღლე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში თავად მადურო დახვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არ მიატოვა. ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალი ეპოქისკენ გადადგმული ნაბიჯია. სააბს, რომელიც მაიამის ფედერალურ ციხეში 2021 წლიდან იყო დაკავებული, ამერიკელი პროკურორები 350 მილიონი დოლარის მითვისებასა და ვენესუელელი ოფიციალური პირების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.
ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებმა ნიკოლას მადუროს „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს. ბჟანიას განცხადებით, „მადუროს წარმატება არჩევნებში, ხალხის მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის დადასტურებაა.“ შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ აღიარა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა. თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მადუროს მაღალი ავტორიტეტი და მისი წამყვანი როლი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ასახავს ხალხის ნებას.“ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა. ეს მადუროს მესამე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა იქნება. ზოგადად კი, „ბოლივარი სოციალისტები“ ვენესუელას 25 წელია, უწყვეტად მართავენ. ოფიციალურად, ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტს ხმების 51 პროცენტზე მცირედით მეტი აქვს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს - ედმუნდო გონსალესს - 44 პროცენტი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შედეგები, ისევე როგორც 2018 წლის ბოლო არჩევნებში, გაყალბებულია. ამერიკული Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო გამოკითხვებმა და ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა 30%-ზე მეტი სხვაობით გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიეცათ. არგენტინამ, პერუმ, ჩილემ, ურუგვაიმ და პანამამ უკვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა "სერიოზული შეშფოთება" გამოცხადებული კენჭისყრის შედეგების გამო და ეჭვი, რომ ისინი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას. ბრაზილია გაეროს სთხოვს, გამოიძიოს შესაძლო გაყალბება. მადურო, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა თავისი ქვეყანა სრულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსამდე, რუსეთის დიდი მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. ბოლო 14 წლის განმავლობაში, 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა - ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედმა უკვე დატოვა ქვეყანა. ამ ათწლეულის დასაწყისისთვის, სიღარიბის დონე იმდენად გაიზარდა, რომ ვენესუელა გახდა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.
აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი, ვენესუელის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა და გამარჯვების შესახებ მადუროს პრეტენზია უარყო. „აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალეს ურრუტიამ ვენესუელაში 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ირგვლივ დაპირისპირებამ ვენესუელაში პროტესტი გამოიწვია. ვენესუელის საარჩევნო საბჭომ 28 ივლისის არჩევნების გამარჯვებულად 51%-იანი მაჩვენებლით აღიარა მადურო, რომელიც 2013 წლიდან სათავეშია. მაგრამ ქვეყნის ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი ხმების დაახლოებით 90%-იანი მაჩვენებელით, გონსალესმა მოქმედი პრეზიდენტზე ორჯერ მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. Reuters-მა სამშაბათს დაწერა, რომ ვაშინგტონი სადავო არჩევნების შემდეგ ახალ სანქციებს განიხილავს. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ვენესუელაში დემოკრატიული ნორმების აღდგენის პროცესს და მზად ვართ, განვიხილოთ მისი გაძლიერების გზები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა ბლინკენმა. ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს
ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა
ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, 201 წინააღმდეგი იყო, ხოლო 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს ნიკოლას მადუროს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ და „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.“ ევროპარლამენტში პირველ რიგში დეპუტატების ულტრამემარჯვენე, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ჯგუფებმა დაუჭირეს მხარი გონსალესის პრეზიდენტად ცნობას. ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ ისინი პირველად გამოვიდნენ ასეთი ერთიანი ფრონტით. ევროპარლამენტის მემარცხენე დეპუტატები წინააღმდეგი იყვნენ და მსგავს ნაბიჯს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში გონსალესმა ვენესუელა დატოვა - ესპანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სამშაბათს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 8 ივლისს ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევის შემდეგ, ვენესუელის ხელისუფლებამ გააძლიერა თავისი „ცნობიერი და დაგეგმილი ქმედებები (...) ოპოზიციის გაჩუმების, მოგერიებისა და ჩახშობის მიზნით“, აამოქმედა „რეპრესიული აპარატის ყველაზე მკაცრი და სასტიკი ფორმები.“ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, ვიდრე საარჩევნო უბნის შედეგები გამოცხადდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ნიკოლას მადურომ 28 ივლისს არჩევნებში გაიმარჯვა და გონსალესს თითქმის 8 პროცენტით გაუსწრო. თუმცა ოპოზიციამ გამოაქვეყნა თავისი გათვლები, რის მიხედვითაც, აშკარად გაიმარჯვა გონსალესმა და ხმების 67% მიიღო. არჩევნებიდან შვიდ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია კენჭისყრის ოქმები, როგორც ამას ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი ითხოვდა, იტყობინება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო RFI. აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა
ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა
Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ელ-სალვადორში დეპორტირებული, ვენესუელის 200-ზე მეტი მოქალაქე კარაკასში გაგზავნა, ხოლო სანაცვლოდ, ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა. „ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი თავისუფალია,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მან ელ-სალვადორის პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, სულ გათავისუფლდა ვენესუელის 252 მოქალაქე, რომლებიც სალვადორის მაღალი უსაფრთხოების დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის, მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს. შესაბამის განცხადებას „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიქტატორმა ნიკოლას მადურომ ვენესუელელი ხალხის ნება უარყო და საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. მადურო ნარკოტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Cartel de Los Soles-ის ლიდერია და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკების კონტრაბანდაზეა პასუხისმგებელი,“ - აცხადებს მარკო რუბიო. ამერიკელი დეპლომატის თქმით, „წლების განმავლობაში ნიკოლას მადურო ძალაუფლების უკანონო კონტროლის მიზნით ვენესუელის საარჩევნო სისტემის მანიპულაციას ახდენს.“ „28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვიდან ერთი წლის შემდეგ მუნიციპალური არჩევნების დანიშვნით, რეჟიმი კიდევ ერთხელ მიზნად ისახავს, რომ ვენესუელელი ხალხის ნება სამხედროებისა და პოლიციელების გამოყენებით ჩაახშოს. ისინი, ვინც არჩევნებს აყალბებენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ძალას იყენებენ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ძირს უთხრიან,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ტრამპის ადმინისტრაციამ Chevron-ისთვის ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღადგინა - მედია
Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღუდგინა, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. გადაწყვეტილება მოჰყვა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი გაათავისუფლეს, სალვადორში დაკავებული 250 ვენესუელელი კი, სამშობლოში დააბრუნეს. როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სრული დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, ხსენებული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დიპლომატიისა და ენერგეტიკული პოლიტიკისადმი უფრო ტრანზაქციულ მიდგომაზე მიუთითებს. თეთრ სახლს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება „შევრონს“, მისმა წარმომადგენელმა ბილ ტურენმა განაცხადა, რომ კომპანია გლობალურად საქმიანობს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების, ასევე, აშშ-ის მთავრობის მიერ გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად, მათ შორის, ვენესუელაში.“ ცნობისთვის, მანამდე, Chevron-ს ვენესუელაში ოპერაციების შეწყვეტა დაევალა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მადუროზე ზეწოლის მიზნით დაწესებული ფართო სანქციების ნაწილი იყო. ლიცენზიის აღდგენა ჰიუსტონში დაფუძნებულ ენერგეტიკულ გიგანტს საშუალებას მისცემს, თავის ობიექტებზე წარმოება განაახლოს. „შევრონი“ დიდი ხანია, ვენესუელას ნავთობის სექტორში აშშ-ის მნიშვნელოვან წარმომადგენლად რჩება და სახელმწიფო კომპანია „პეტროლეოს დე ვენესუელა SA“-სთან ერთობლივ საწარმოებს მართავს. ლიცენზიის შეჩერებამდე, კომპანია დღეში 240 000 ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა - რაც ვენესუელას მთლიანი წარმოების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ „შევრონს“ უფრო შეზღუდული ლიცენზია მიანიჭა, რომელიც ნავთობის წარმოებასა და ექსპორტს უშვებდა, მაგრამ გაფართოებას კრძალავდა. ტრამპის ადმინისტრაციის უახლესმა ნაბიჯმა შესაძლოა, „შევრონს“ კიდევ ერთხელ უფრო აქტიური როლის შესრულების საშუალება მისცეს. ვენესუელური ნავთობი კვლავ აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის, განსაკუთრებით, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარე ქარხნებისთვის მნიშვნელოვანია. 2024 წლის ბოლოს, აშშ დღეში დაახლოებით, 250 000 ბარელი ვენესუელური ნავთობს იმპორტს ახდენდა. მთავარი მომხმარებელი Valero Energy Corp-ი იყო, შემდეგ მოდიოდა Chevron, რომელიც ნავთობს საკუთარ ობიექტებში ამუშავებს და სხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც ამარაგე დიპლომატიური დინამიკის ცვლილებისა და ენერგეტიკული პრიორიტეტების განვითარების კვალდაკვალ, ვენესუელაში Chevron-ის ხელახლა შესვლა შესაძლოა, ამ ქვეყნების რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში, ახალი თავის დაწყების საფუძველი გახდეს. შეგახსენებთ, ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საინაუგურაციო სისტყვაში განაცხადა: „ამერიკა კვლავ წარმოების ქვეყანა გახდება, და ჩვენ გვაქვს რაღაც ისეთი, რაც სხვა ქვეყანას არ ექნება – მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობი და გაზი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ.“