თეგი: ვენჩურული ფონდი
ლევან დავითაშვილის თქმით, 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი დაიწყებს
„საქართველოში გაჩნდება პირველი გლობალური, ვენჩურული საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფო შევა თავისი კონტრიბუციით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსოფლიოში წამყვანი ამერიკული სტარტაპ-აქსელერატორი კომპანია „500,“ ,რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით საქმიანობს და აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, დააფუძნებს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად ახალ ფონდს, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად“- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფონდის მოცულობა, 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება. „ჩვენ დავინახეთ, რომ ბიზნესი საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ტექნოლოგიების წახალისების მიმართულებით საკმაოდ არის დაინტერესებული. ვენჩურული ფონდის ჩამოყალიბებით, სადაც, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც სტარტაპ-ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული, ინსტიტუციური საშუალება უჩნდება იმ დახმარებასთან ერთად, რომლითაც, აქსელერაციის ბაზაზე ამ კომპანიებს მხარს ვუჭერთ ხოლმე და ხდება ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა. ამ ზრდაში მონაწილეობენ სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის კომპანია „500,“ რომელიც გამორჩეული აქსელერატორია, წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე საქართველოშიც, სადაც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 500 Georgia არის ვენჩურული ფონდი, რომელიც დაფუძნდა 500-ის მიერ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების, ინოვაციების მხარდაჭერისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ფონდში, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. ფონდის პარტნიორებს ასევე წარმოადგენენ „საქართველოს ბანკი,“ ახლად შექმნილი ქართული ვენჩურული ფონდი „ისარი“ და სხვა ადგილობრივი კერძო ინვესტორები. ვეჩურული კაპიტალის ეს არის კერძო ინვესტირების სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პერსპექტიულ კომპანიებში. ვენჩურული კაპიტალი - ტერმინი აღნიშნავს ინვესტორის მიერ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებას პოტენციურად წარმატებულ სტარტაპში. ასეთია ტერმინის მოკლე და მშრალი განმარტება. რეალურად კი, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარ მიზანს არამხოლოდ განხორციელებული ინვესტიციის დროის მოცემულ მომენტში ამოგება, არამედ ინვესტირებული კომპანიის იდეის, კონცეფციისა და პროდუქტის/სერვისის განვითარება წარმოადგენს. ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარი მიზანი არის მიიღონ დიდი მოგება 5-10 წლიანი ინვესტირების გზით. ვენჩურულ ინვესტორთა მიზანი დამწყები, პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენაა, მათ სტარტაპ კომპანიებში ფინანსების დაბანდება და გრძელვადიანი მოგების გათვლა.