თეგი: ვერა იუროვა

რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია. „მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა - EUROPOL და Frontex, თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

8 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მოკლე მოხსენებით წარდგა.  მან ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ხაზი გაუსვა მის თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება. „ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია,“ - განაცხადა ვერა იუროვამ. იუროვა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებების და რიტორიკის“ ფონზე, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდა. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა. მისი თქმით, არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. მან გააკრიტიკა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკაც. „ჩვენ ასევე გვესმის მცდარი ბრალდებები, უსირცხვილო დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათ შორის მმართველი პარტიის თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისგან. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ გეგმავენ, მიუღებელია, მცდარია და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ეს ნარატივი მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ მცდარი ნარატივის გამოვლენას და პასუხს გასცემს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.“ ევროპარლამენტში 8 ოქტომბრის დებატებს მოსდევს ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციების კენჭისყრა.