თეგი: ვეტერანები
ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - ჩვენს საამაყო ჯარს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს: იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას. დიდი პატივი და პატრიოტიზმია, ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი. ასევე დიდი სიამაყის განცდაა, შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას. თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე. მინდა ასევე გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები", - აღნიშნავს პრემიერი.
დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. აღნიშნული თარიღი, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნებოდა, თუმცა ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მერია ვეტერანებს შეკრებას კიკვიძის პარკში სთავაზობს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, კიკვიძის პარკში გეგმავენ მისვლას. ცნობისთვის, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია არ გაიზიარეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა
თბილისის მერიამ 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაურიცხა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 1 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 39-მა წევრმა მიიღო. თბილისის მერიამ თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განახორციელა.
ომბუდსმენი პრემიერს ვეტერანების დახმარებაზე რეგულაციის შეცვლისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ. „საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავრობას, განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.