თეგი: ვეტო
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“. მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება. „2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება. მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც, მათ შორის, ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად უკვე განიხილა, თუმცა, 4 წელია სასამართლო საბოლოო გადაწვეტილების მიღებას აჭიანურებს. ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით. აღნიშნულზე მიუთითებს ევროკავშირის დელეგაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს“,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „ლიბერალური აკადემია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „უფლებები საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“.
სალომე ზურაბიშვილი: ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს
ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო პრეზიდენტის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება და ყველა კანონზე, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა.
სალომე სამადაშვილი: მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ცვლილებებზე ევროკავშირსაც სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ვიცით, რომ ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო „მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს, უმრავლესობა გამოიყენოს ვეტოს დაძლევისთვის, რაც იქნება პრემიერის დღევანდელი გამაოგნებელი გამოსვლის შემდეგ მორიგი ნაბიჯი, რომელმაც ფაქტობრივად, ნათლად თქვა, რომ მისი გუნდის დღის წესრიგში არ შედის არანაირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ეს იქნება იმის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ გამიზნული საბოტაჟია „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი ევროპული არჩევანის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოზე: პარლამენტი მოსმენების კანონპროექტზე, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტი როცა პარლამენტს დაუბრუნდება, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო „სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საკმარისი არგუმენტები იყო წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული. ვეტოს შემდეგ კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში. რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რასაც მხარი მხოლოდ 20- მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 68 დეპუტატი წავიდა. შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79 - მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 დეპუტატი კი, წინააღმდეგი წავიდა. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს. „სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, იმავე დროს პარლამენტი აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს. იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები“,- აღნიშნა მომხსენებელმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც კომიტეტის სხდომაზე და არც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყო არაერთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. „პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს ვეტოს უფლება, თუმცა ეს არ არის ლიტონი სიტყვები. კანონმდებლობა ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს მოტივირებული შენიშვნები. კონსტიტუციურ სამართალში ეს აღიარებული აქსიომაა, რომ ამ შემთხვევაში აქ ხდება არა მხოლოდ ფარატინა ქაღალდის გამოგზავნა პარლამენტში, არამედ, საუბარია მოტივირებულ შენიშვნებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. სუსპენზიური შეყოვნებითი ვეტოს უფლება, როდესაც პრეზიდენტს შეუძლია შეაჩეროს კანონის ამოქმედება, დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს და პარლამენტმა შემდგომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ეს არის კონსტიტუციური დოგმა და საკანონმდებლო მოთხოვნა, რაც პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენლობამ ელემენტარულ დონეზეც ვერ უზრუნველყვეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვების დროს ინიციატორებმა გაითვალისწინეს გამოთქმული შენიშვნები. „სახელმწიფომ რაღაც ეტაპზე მიიჩნია, რომ ტერორიზმთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედება დაშვებული უნდა იყოს ისეთ დანაშაულებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებული დანაშაული. თუკი პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა განსხვავებული შეხედულება რომელიმე კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს არის ამისთვის ერთადერთი ადგილი (პარლამენტი), თუმცა უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნების სახით და არა ზოგადი „მოტივირებული შენიშვნები“ და ასეთი უშენიშვნო იყოს „მოტივირებული შენიშვნები“. ინიცირებულ ვერსიაში 20 მუხლით მეტი იყო გათვალისწინებული, რაზეც საგამოძიებო მოქმედება უნდა დაშვებულიყო. ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ არ იქნება მართებული ეს დანარჩენ 20 მუხლზე გავრცელდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო
"მოსმენების კანონის" გაფართოების კანონპროექტს შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა
ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას. "ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებდნენ, საქართველოს პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო.
შალვა პაპუაშვილი: ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს, პაპუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, ვეტო დაადოს. „ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არამხოლოდ მიღებული არაა, არამედ, რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება უმეტესწილად მის სახელწოდებას უკავშირდება და არა შინაარს. „დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო, პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე, (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან) უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით. თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.
ცესკოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ადმინისტრაციის განმარტებით, ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. „სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან. პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში. „ქართული ოცნება“ ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 15 მომხრე და 26 წინააღმდეგი ხმით დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან
პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს. „100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გასული წლის 5 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო. არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებდნენ და აცხადებენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე „ქართლი ოცნების" კანონპროექტი უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და "უკიდურესად დააკნინებს" პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: გაიზიარა ჩვენი წუხილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებებისთვის ვეტოს დადებით გაიზიარა მმართველი გუნდის წუხილი. რაც შეეხება ზეპარტიულობის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, არასწორია მიდგომა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობით და ის პარტიულ ხაზს ატარებს. პაპუაშვილის თქმით, თითქოს ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ეს არ აძლევს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას, რომ წარუდგინოს პარლამენტს კვალიფიციური, მიუკერძოებელი კანდიდატი. „ამ ვეტოთ ერთი რამ არის ფაქტი - პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი. ერთადერთი რაც მან თქვა, ნაცვლად 100-ისა ხომ არ იყოს, 90, თორემ ის, რომ ზოგადად, 100 ბევრია, რომ ამან ჩიხში შეიყვანა მდგომარეობა, ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იზიარებს, ეს ერთი. მეორე, ამ წუხილიდან გამომდინარე, თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ 2/3 ანუ, 100 ხმა არის ზედმეტად დიდი, ეს არის იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება. ეს გამოსავალი იყო სწორედ ის, რომელიც ჩვენ ამ კანონში ცვლილების შედეგად შევთავაზეთ საზოგადოებას, უბრალო უმრავლესობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გამოსავალი. 100 იქნება თუ 90, ჩემი აზრით, ეს დიდი სხვაობას არ გვაძლევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
“სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პრეზიდენტის ნაცვლად. პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო.
პრეზიდენტი ორ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება. ადმინისტრაციის განმარტებით, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს. „ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს. სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას. საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა. ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ეს საფრთხე. პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს,“ - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
TI-საქართველო პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს „მაუწყებლის შესახებ“ კანონს
მაუწყებლის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის, - ამის შესახებ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამძჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კანონის ძალით: ქართული მედია ცენზურის საფრთხის პირისპირ.“ როგორც ორგანიზაციის შეფასებაშია ნათქვამი, სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე. „საერთაშორისო გამძჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებითვე, კანონპროექტის განხილვის პროცესი ინკლუზიური არ იყო. „პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლის შესახებ“ კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად, ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან (როცა პროფესიული სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის, მედია თავად განიხილავს საჩივრებს და მათზე რეაგირების ფორმებს) რეგულირების სფეროში გადატანას. სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების (გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება) დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება. სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე. „მაუწყებლის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის,“ - ნათქვამია დოკუმენტში. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს. „არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა - ამ პირობებში კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის. პაპუაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და იგი შესაძლოა სადამსჯელო ბერკეტად იქცეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებული. ამდენად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები არ უნდა მიიღებოდეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიღებულია
ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის. „საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი – ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში. ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკოს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები.“ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო, რომელიც დაძლეული იქნება.“ კობახიძის თქმით, ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას სტაბილურად პროცესების განვითარებას.
პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული. გარდა ამისა, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება - პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის პირველ მაისამდე აქვს. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს
პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. „საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია ცესკო წარუდგინოს ისეთი სია, რომელშიც სულ მცირე ყოველი მეოთხე ადამიანი ქალი იქნება. ქალთა კვოტირების გაუქმებას 4 აპრილის პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო. მმართველ პარტიას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, საპარლამენტო უმრავლესობაში კი, 83 დეპუტატია. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს." პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)