თეგი: ვილა
საფრანგეთში დააყადაღეს ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა
საფრანგეთის სასამართლომ დააყადაღა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კურორტ როკებრიუნ-კაპ-მარტენზე მდებარე ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა. სასამართლომ ვილაზე საკუთრების უფლება პარიზის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გაყინა. ვილა „მარია ირინა“ ოფიციალურად, წარმოშობით სომეხ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, რომელიც რუსეთში საქმიანობს. პარიზის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რეალური მფლობელი რუსეთის ნავთობის და გაზის კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი ფირმა „გაზპრომ ნეფტია“. 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა განთავსებულია სამ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც სამი აუზი და ვერტმფრენის მოედანიცაა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პარიზის პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების გამოძიებით, ვილა ფიგურირებს დამამძიმებელ გარემოებებში ფულის გათეთრების საქმეში. დანაშაული ჩადენილია პარიზსა და როკებრიუნ-კაპ-მარტენში და ასევე, კვიპროსსა და რუსეთში. „გაზპრომის“ შვილობილმა „გაზპრომ ნეფტმა“ სამველ კარაპეტიანს ვილა 2016 წელს მიჰყიდა, თუმცა, გამოძიებისას გაირკვა, რომ რეალურად ეს ქონება კომპანიის კონტროლიდან არასდროს გასულა. გამოძიების მასალებით, კარაპეტიანმა ვილის მფლობელი კომპანიის, Maritime Villa Holding SNC აქციები შეიძინა 115 მილიონი ევროს კრედიტით, რომელიც კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული „გაზპრომბანკისგან“ აიღო და გარანტიად ვილა ჩადო. კარაპეტიანი უძრავი ქონების, მშენებლობის, ენერგეტიკის და ფინანსების სფეროში მომუშავე კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ პრეზიდენტია. „ფორბსის“ მონაცემებით, კარაპეტიანის ქონება 2,7 მილიარდი დოლარია. როგორც გამოცემა „მონდი“ წერს, კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება დიდწილად განაპირობა „გაზპრომისგან“ მიღებულმა კონტრაქტებმა.