თეგი: ვილნიუსის სამიტი
„კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ
ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, NATO მეორე სამიტს მადრიდის შემდეგ, ვილნიუსში ჩაატარებს. ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან. ლიეტუვა განსაკუთრებულად ემზადება და უსაფრთხოების ზომებს იღებს. ქვეყანამ ამ მიზნით უკვე გამოყო 3000 ჯარისკაცი. პარალელურად, გერმანია კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. ამის პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას მოითხოვდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ გაკვეთილი უნდა გამოიტანოს. „გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, სანამ რომ რუსეთს არ დაამარცხებს. და კითხვა მაქვს - თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დვიწყოთ. NATO არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის NATO. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი ასე ვთქვათ განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, რატომ - თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა NATO და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშა, რომ „ეს მაგალითი გაკვეთილია“ საქართველოსთვისაც. „ასეთ ვითარებაში, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40 მლნ ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, მის გამო NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი, როცა ამის დრო იქნება. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ სიმართლე გითხრათ მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, იმიტომ, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იმიტომ, რომ იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძალიან ბევრი უბედურება ხდება, რაც იცით კარგად ომის გამო და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, საგარეო საქმეთა სამინისტრი გავაგზავნეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში