თეგი: ვირტუალური კაზინო
ქართული ვირტუალური კაზინოს საქმიანობას აშშ უკანონოდ მიიჩნევს
აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას. ამის შესახებ რადიო თავისუფლება აშშ-ის მარეგულირებლებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული. თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს, კაზინოს ოპერატორებს ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი ელით, რაც 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და ამასთან იმედოვნებენ, რომ ყველა სირთულეს დაძლევენ. „ჩვენი დაჟინება და ერთიანობა მნიშვნელოვანია. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“, - ნათქვამია Sloties-ის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. NFT (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენი) იგივე ჟეტონია. NFT შეიძლება, გახდეს ნებისმიერი ციფრული ან ფიზიკური ობიექტის ( ვიდეოფაილი, იახტა) ჩანაწერი ბლოკჩეინში. ბლოკჩეინი არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ციფრული ნივთის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ, იქნება ეს ერთი NFT ციფრული ტოკენი თუ ერთი Ethereum-ი. ამ მონაცემების გაყალბება ან შეცვლა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ეს ინფორმაცია ღიაა, ამიტომ, ნებისმიერს შეუძლია, გამოიყენოს ის ციფრული ნივთის ავთენტურობის დასადასტურებლად.