თეგი: ვიქტორ ყიფიანი
ევროკომისიის დასკვნა მხოლოდ ჩვენი მისამართით შეფასება არ იქნება. ეს გარკვეულწილად იქნება ევროპელების პასუხი ევროპის მომავალზე - ინტერვიუ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან
რუსეთ-უკრაინის ომზე, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საქართველოს როლსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან. ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი თვე გავიდა. ომის დასრულების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, უფრო მეტიც, დასავლეთის სახელმწიფოები ამბობენ, რომ შესაძლებელია, მისი დასრულება დროში გაიწელოს კიდეც. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება, გასტანოს ამ ომმა და ლენდ-ლიზის აქტი რა როლს ითამაშებს მის დასრულებაში? რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან ბევრი დასკვნის და არაერთი გაკვეთილის საშუალებას უკვე იძლევა არამარტო სამხედრო ჭრილში, არამედ პოლიტიკურ თვალსაზრისით. თავდაპირველად, მოლოდინი იყო, რომ ამ ომს მალე მოეძებნებოდა დასრულების გასაღები, თუმცა ბოლო პერიოდში გვესმის, რომ ომმა შესაძლოა, ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს. სამხედრო ასპექტები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განაპირობებს, მაგრამ მოდით, ცოტა ხნით გადავდოთ სამხედრო ასპექტი, რომელიც არ არის უმნიშვნელო და უფრო პოლიტიკურ თემაზე გადავიდეთ, რაზეც ჩვენს სივრცეში ნაკლებად მიმდინარეობს საუბარი. პირადად ჩემთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ორი პირობითი იდეოლოგიის დაპირისპირების კიდევ ერთი ტესტია. ერთი არის იდეალიზმი, მეორე - რეალიზმი. ყველას გვახსოვს ცივი ომის პერიოდი, როდესაც კეთილი ებრძოდა ბოროტს და გასაგებია, ვის უკავშირდებოდა სიკეთე და ვის - ბოროტება. იგივე, სიკეთის მხარეს, როგორც წარსული გვიჩვენებს, არაერთი ბუნდოვანი და ბნელი ფურცელია ისტორიულად. ცივი ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით აჭრელდა სურათი ამ მხრივ და მე ვფიქრობ, რომ დღეს მკვეთრი გამყოფი ხაზი ამ ორ მცნებას შორის არ არსებობს. რა თქმა უნდა, არავინ დაობს, რომ რუსეთი აგრესორია, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და წესრიგს, მაგრამ მე მინდა, პრობლემას მედლის მეორე მხრიდან შევხედოთ და ვთქვათ ისიც, რამდენად საკმარისი გაკეთდა და შეიძლებოდა თუ არა რაიმე გაკეთებულიყო, რომ ევროპას ეს ომი თავიდან აერიდებინა და რამდენად საკმარისად იღწვის ახლა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რაც შეეხება პირველ ნაწილს, აქ შეიძლება, რამდენიმე ელემენტს შევეხოთ. შესაძლებელი იყო თუ არა კომპრომისების მოძებნა? ალბათ, გარკვეულწილად, კომპრომისები შესაძლოა, გასულიყო „მინსკი ორის“ შეთანხმებაზე, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როგორც „მინსკი ერთი“, ასევე, „მინსკი ორი“ საკმაოდ გაუმართავი დოკუმენტებია და ვისაც ეს დოკუმენტები წაუკითხავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ შემხვედრი ვალდებულებების თვალსაზრისით, მხარეები ძალიან საორჭოფო სიტუაციაში მოექცნენ. ტექსტი განსაკუთრებით „მინსკი ორისა“, მისი არაერთაზროვნად წაკითხვის საშუალებას იძლევა. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმულაზე, ეს ფორმულა ორ ძირითად ელემენტზე გადის - ერთი - უკრაინის მხრიდან უარის თქმა NATO-ს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და მეორე - ტერიტორიული საკითხი. პარადოქსი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც საკუთრივ ომის დაწყებამდე უკვე იდგა დღის წესრიგში. როგორი ვითარება მივიღეთ ახლა? პრაქტიკულად, დიპლომატია დუმს, მუშაობენ ქვემეხები, იღვრება სისხლი, ინგრევა ქალაქები და თურმე, პოლიტიკური მოლაპარაკებების თემა შეიძლება, კონცეტრირდეს იმ ორ საკითხზე, რომლებიც თავდაპირველად იდგა დღის წესრიგში. ეს არის საკუთრივ პროცესის ტრაგედიაც და ადამიანების ტრაგედიაც. მით უმეტეს, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოთქვა მზაობა, რომ ქვეყანამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისად, მოგეხსენებათ, ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს საკითხი დღეს არის გამოკიდებულ ვითარებაში. პოლიტიკური პროცესი, დიპლომატიური მოლაპარაკება პრაქტიკულად შეჩერებულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ომის ტრანსფორმაციაზე, დღეს პრაქტიკულად, 100% ყურადღებისა, რესურსებისა, ძალისხმევისა, სწორედ სამხედრო ასპექტზე არის გადატანილი. დიპლომატია დუმს, პოლიტიკური დინამიკა თაროზე არის შემოდებული. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხს, აქ ალბათ მხარეთა შორის გაცილებით უფრო დიდი მანძილია შეთანხმების მისაღწევად. საკითხი გადის ორ გეოგრაფიაზე - ერთი არის დონბასი და მეორე - ყირიმი. აქაც იყო სხვათა შორის, სხვადასხვა ფორმა გადაწყვეტისა, მაგალითად, დონბასში საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ რეფერენდუმის ჩატარება, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებდა დონბასის სრული მოსახლეობა; ვგულისხმობ, მათ, ვინც ახლა იმყოფებიან დონბასის ტერიტორიაზე და ასევე - რომლებმაც დატოვეს საომარი მოქმედებების პირობებში. მოგეხსენებათ, ასეთი სტატუს კვოს აღდგენას პირდაპირი და ობიექტური გავლენა შეიძლება, ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგზე. მეორე - ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც თითქოსდა მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ყირიმის საკითხზე გარკვეულწილად, მორატორიუმი იქნებოდა გამოცხადებული, კერძოდ, 15-წლიან პერიოდზე იყო საუბარი. ესეც იმიტომ, რომ ტერიტორიული საკითხი არ ყოფილიყო დაბრკოლება სხვა საკითხების გადასაწყვეტად. ამდენად, ვამბობ ხშირად, რომ პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ დღის წესრიგზე, თითქოსდა, ჩვენ ყველანი წრეზე ვტრიალებთ. ამოვდივართ ერთი საწყისიდან და იმავე საწყისს ვუბრუნდებით, მაგრამ ამ დაბრუნების პროცესში, დაბრუნების საფასური არის სწორედ ის ტრაგედია, რომელიც ჩვენ თვალწინ ტრიალდება და ის უბედურება, რომელიც ადამიანების მხრებზე გადადის. მართალია, ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე, მაგრამ ეს არის გაცილებით უფრო დიდი კონფლიქტი და სამხედრო დაპისპირება. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ურთიერთობებში არის ტერმინი „proxy war“ - არაპირდაპირი ომი. პრაქტიკულად, დღეს დასავლეთი ჩართულია ამ ომში არაპირდაპირი გზით, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამხედროები უშუალოდ, საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ყველა სხვა ელემენტი, დაწყებული სადაზვერვოთი და დამთავრებული სამხედრო აღჭურვილობით, ამოქმედებულია. აქედან გამომდინარე, ამ ომს გაცილებით მეტი დატვირთვა ეძლევა. დაპირისპირების ხსენებული ფორმატის გათვალისწინებით საკითხავია, თუ როგორ შეიძლება დასავლეთის მხრიდან მისი იმგვარი მართვა, რომ აგრესორსაც ეფექტიანად დაპირისპირდე, და თანაც არ გასცდე ისეთ ზღვარს, რომლის შედეგად პროცესი გავა კონტროლიდან და შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ეს მინიშნებები, პირდაპირი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, სწორედ იმ წითელი ხაზის აღნიშვნაა, რომლის იქეთაც გადასვლა გამოუსწორებელი შედეგების მომასწავებელი იქნება. ამ შეკითხვას იმით დავასრულებ, რომ ვაცნობიერებთ შეკითხვების სიმრავლეს, სადაც ყველა შეკითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს. ასეთ ვითარებაში მწყობრი რეცეპტის შეთავაზებაც ძალინ რთულია, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ფენომენთან გვაქვს შეხება რუსეთის ფედერაციის სახით. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სამხედრო პოტენციალისა და მსოფლიო ეკონომიკასთან შეზრდის ხარისხის მქონე ქვეყანა. ისიც ფაქტია და ცხადზე ცხადი, რომ არც ცივი ომის პერიოდში და არც მისი დასრულების შემდეგ, ამგვარი ხასიათის კრიზისი, ამგვარი ხასიათის დილემა დასავლური სამყაროს წინაშე რეალურად არ მდგარა. ამდენად, გამოწვევაც სწორედ ისაა, თუ როგორ შეიძლება, დასავლეთმა მოაგვაროს პრობლემა ისე, რომ პირველი: საკუთარი მოსახლეობა - არ დააზიანოს ამ გლობალურ ეკონომიკურ ომში და მეორე - ეს სამხედრო მოქმედებები არ გადაიზარდოს ისეთი მასშტაბის კონფლიქტში, საიდანაც უკვე დამარცხებულსა და გამარჯვებულზე საუბარი ზედმეტი იქნება, რადგან აპრიორი ყველა დამარცხებული იქნება. ET: უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლეულის ექსპორტი მაისში 63%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა სასურსათო კრიზისი ბევრ ქვეყენას, რომელიც ამ ექსპორტზე იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება, დასავლეთმა რაიმე კომპრომისი დაუშვას სანქციებთან დაკავშირებით? როდესაც ქართულ სივრცეში ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, ხშირად მრჩება წარმოდგენა, რომ სიტყვა სანქციების იქით არც გვინდა გავიხედოთ. არადა, სანქცია არის ერთგვარი მეცნიერება და სასანქციო პოლიტიკის გატარებას აქვს თავისი პრინციპები და საფუძვლები. მაგალითად, ერთ-ერთი პრინციპია, როდესაც იწყებ სანქციების განხორციელებას, შენ სწორედ უნდა გქონდეს გააზრებული, რა არის შენი მიზანი, როგორ უნდა მართო წნეხი, გაზომო სანქციების წარმატებულობა, ისევე როგორც, დასაწყისშივე წარმოდგენა უნდა გქონდეს, თუ რა პირობების, რა ეტაპზე დადგომის შემთხვევაში უნდა დაიწყო სანქციების ჩახსნა. საქნციების პროცესი რამდენიმე ფაზისგან შედგება. ხოლო, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასანქციო პოლიტიკის წარმატების ალბათობაზე, ეს პროცესი შენ თავიდან ბოლომდე - როგორც ათვლის წერტილიდან, ისე მისი დაბოლოებით უნდა გქონდეს გააზრებული. სწორედ ეს სირთულე განაპირობებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვადასხვა სახის სანქციას, როგორც სტატისტიკა ამბობს, მხოლოდ 30-დან 35%-მდე სასანქციო ღონისძიებებს ჰქონია ესა თუ ის წარმატება. ვიმეორებ, ეს რთული მეცნიერებაა, სადაც შედეგის სიზუსტე ყოველთვის გარანტირებული როდია. მით უმეტეს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსული ეკონომიკა, მისი ენერგეტიკის სექტორი, ისეთ სინერგიაში მოექცა დასავლურ ენერგოსექტორთან. ამდენად, ეს ორი ეკონომიკური-ენერგეტიკული ბლოკი მაღალი ხარისხის ურთიერთდამოკიდებულებითა და ურთიერთკავშირებით გამოირჩევა. როგორ გინდა შენ, ისე ფილიგრამულად ჩახსნა ერთი, რომ მეორემ არსებით ზიანი აირიდოს? თანაც ისე, რომ სანქციებმაც დასახულ მიზნებს მიაღწიოს? აღსანიშნია, რომ დასავლურ მედიაში, საექსპერტო წრეებში ხშირია საუბარი, რომ ხომ არ არის დრო, რუსეთს მიეწოდოს გზავნილი, თუ რა შემთხვევაში მოხდება სანქციებში დეესკალაცია, რა პირობების დაკმაყოფილებისას. აქ, დაახლოებით, მათრახისა და კვერის პრინციპის მსგავსი მიდგომაა... ამდენად, სანქციას არამარტო დასჯის ეფექტი უნდა ჰქონდეს, არამედ, გამოსწორების, წესრიგის დამრღვევის „რესოციალიზაციის“: როდესაც სჯი, უნდა მისცე ძალიან მკაფიო გზავნილი, თუ რა შემთხვევაში შემსუბუქდება ან ჩაიხსნება სასჯელი. სხვაგვარად, თუ სანქციას მხოლოდ უპირობოდ დასჯითი ფუნქცია ექნება და მხოლოდ ამ დატვირთვას აძლევ, მაშინ წარუმატებლობის სტატისტიკას რომელზეც ვსაუბრობდი, შეიძლება, ახალი შემთხვევები დაემატოს. დღეს ბევრი მსჯელობაა, თუ რა ვითარებაშია რუსული ეკონომიკა. რა თქმა უნდა, რუსულმა ეკონომიკამ განიცადა ძალიან დიდი დარტყმა. აქვე იმასაც ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, სასანქციო პოლიტიკამ მყისიერი ეფექტი არ იქონია: ომი გრძელდება, ხოლო რუსული სამხედრო მანქანა იკვებება ფინანსური რესურსებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის მეექვსე სასანქციო პაკეტზე უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება იყო ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით, რამაც წევრ სახელმფწიფოებს შორის კომპრომისი გარდაუვალი გახადა. აღარაფერს ვამბობთ ბუნებრივ აირზე, ეს უკვე შემდეგი გაცილებით რთული ეტაპი იქნება. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ დასავლეთი ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, მაგრამ ეს რომ ვერ იქნება ერთი და ორი დღის ამოცანა, ფაქტია. ფაქტია, აუდიტორიის დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქციების ამოქმედებისთანავე ომი თუ არ დასრულდებოდა, სამხედრო მოქმედების ხასიათი მკვეთრად შეიცვლებოდა. არადა, ეს იმდენად დელიკატური და რთული თემაა, აქ არც სტერეოტიპული შეძახილი კმარა და არც სადღეგრძელოების დონეზე მისი დაყვანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. ერთი არის იდეალიზმი, ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, მაგრამ მეორეა პრაქტიკული შედეგი. თუ ჩვენ გვინდა, დასრულდეს ის, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, ამისკენ გზა მიდის ძალიან პრაქტიკულ, არაპოპულარულ და ხშირად მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე. EU: ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსობამდე - რა მოლოდინები არსებობს? მოგეხსენებათ, სამმა ქვეყანამ შეიტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია დასაბუთებულად, რომ როდესაც ჩვენ შევადარებთ რეფორმირების პროგრესს ამ სამივე ქვეყანაში, საქართველო არის აშკარად დაწინაურებული. ამდენად, თუ ჩვენ გამოვალთ ობიექტური შეფასებებიდან, ჩვენი მოლოდინიც აბსოლუტურად სამართლიანია. სხვა საკითხია, უკრაინის ომმა რა ცვლილება შეიძლება, შეიტანოს სურათში - ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ ითქვა, და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ არ შეიძლება, ომი იქცეს ერთგვარ, ვთქვათ, საშვად ამა თუ იმ სტატუსის მოსაპოვებლად თუ ამა თუ იმ პოლიტიკურ კლუბში გასაწევრიანებლად. ალბათ, საკითხის ასე დაყენება დაუშვებელია და ამორალურიც. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ საკუთრივ უკრაინა, მისი შიდა პოლიტიკური სისტემა თუ რა ხარვეზებით გამოირჩეოდა და იმასაც, თუ როგორ „დააწინაურა“ ქვეყანა ომმა (ვაცნობიერებ, რომ ეს სიტყვა ბოლომდე შესატყვისი არ იყოს, მაგრამ...პროცედურულად დააწინაურა) მე ვთვლი, რომ ეს ის უპირატესობაა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, „უპირატესობად“ ვერ მივიჩნევთ. და თუ ამაზე ვთანხმდებით არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, მაშინ საქართველოს მოლოდინი არის აბსოლუტურად სწორი და ობიექტური. სხვა საკითხია კიდევ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მოლოდინი პასუხისა - „კი ან არა“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პასუხი შეიძლება, იყოს შუალედური, ასე მაგალითად, შეიძლება, ევროკომისიამ თავის დასკვნაში მოგვანიჭოს - „პირობადებული კი“. ეს ნიშნავს იმას, რომ მზაობასთან, პოზიტიურ პასუხთან ერთად იყოს გარკვეული ვალდებულებები, გარკვეული საგზაო რუკა, რომლის შესრულების შემთხვევაში ეს „კი“ ჩვენ უფრო განგვიმტკიცდება. ასევე, კიდევ ერთი გარემოება მოგეხსენებათ, არის ის, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. EU: საზოგადოებაში შექმნილია მუდმივი მოლოდინი ,,კი და არა’’-სი ზოგადად, თუნდაც, იგივე NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ახალისებს ეს პრორუსულ ნარატივებს? საერთოდ, ერთი რამაა ხელშემშლელი ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში... უნდა აბსოლუტური კატეგორიებით მსჯელობა. არადა ნათქვამია, რომ სიმართლე სადღაც შუაშია. ამიტომ, ურთიერთობებში მხოლოდ ორი ფერის - შავი და თეთრის არსებობაზე, დროა, უარი ვთქვათ. ამ ორს შორის უამრავი შუალედური ფერის არსებობა კომპრომისებით საუბარს გვასწავლის, ინტერესების თანხვედრაში დაგვეხმარება, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ინტერესებისა და მოლოდინების დანახვაში. გავითვალისწინოთ, რომ თვით ევროკავშირიც საკმაოდ რთული ბიუროკრატიული სტრუქტურაა, სადაც მხოლოდ ზეეროვნული ინსტიტუტების დონეზე არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ, კავშირის ყველა წევრ ქვეყანას თავისი დამოკიდებულება აქვს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. ამ კუთხით არსებობენ უფრო „ღია და მეგობრული“ ქვეყნები, მაგრამ არიან „ჩაკეტილი“ ქვეყნებიც. შედეგად, უამრავი დინება და ტენდენციაც. ამდენად, ისეც ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს, მხოლოდ ჩვენ ვაბარებთ ამ გამოცდას. ფიგურალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთრივ ევროკავშირიც აბარებს გამოცდას საკუთარი თავის წინაშე, - რამდენად ღიაა ის გაფართოვებასთან მიმართებით, რამდენად მოქნილი, მტკიცე, კეთილმოსურნე და კეთილხმოვანი. მეტიც, პასუხი, რასაც ჩვენ ველით, აგრეთვე იქნება ევროპელების პასუხი საკუთარ მომავალზეც. როდესაც ვსაუბრობთ გაფართოების საკითხზე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც - და ევროპელებსაც შევახსენოთ, - რომ რა თქმა უნდა, იდეალები კარგია, მაგრამ მისაღები გადაწყვეტილებები დროსთან და პრაქტიკულ ინტერესებთან თანხვედრაში უნდა იყოს. თუ მათ უნდათ, რომ ეს სივრცე, რასაც საქართველო ჰქვია, არ გავიდეს მათი ყურადღების არეალიდან და პროცესები შეუქცევადი არ გახდეს საზოგადოებრივი განწყობების კუთხით, რა თქმა უნდა, მათგან გაბედული და შემხვედრი ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ძალიან კოლეგიალური და მეგობრული შეხსენებაა ჩვენი ევროპელი კოლეგების მიმართ: მეტად მკაცრი კრიტერიუმებით ნურც საკუთარ თავს განსჯიან და ნურც ჩვენ შეგვაფასებენ. დაე, იმსჯელონ დროისა და შექმნილი რეალობის შესაბამისად, არსებული გეოპოლიტიკური რეალიების ადეკვატურად. მე მგონი, ახლა იმდენად იდეალიზმზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დრო არ არის, რამდენადაც - რაციონალური და პრაქტიკული შედეგზე მორგებული გადაწყვეტილებებისა. ET: 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს? მოლოდინები ფრთხილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადრიდის სამიტი ივნისში იმართება და არანაირი მინიშნება არ არის იმის, რომ რაღაც ფუნდამენტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ, ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ NATO-მ მოახდინოს ღია კარის პოლიტიკის დეკლარირება და ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ევროატლანტიკური კურსის. თუმცა აუცილებლად აღსანიშნია, რომ მე პირადად, წინა სამიტთან დაკავშირებით, მაქვს გარკვეული უკმაყოფილება, როდესაც NATO-მ გააკეთა ჩანაწერი, რომ საქართველო გაწევრიანდება NATO-ში მხოლოდ ინდივიდუალური წევრობის გეგმის რეალიზების პირობით (ე.წ. MAP). მიმაჩნია, რომ ეს არ არის ადეკვატური ჩანაწერი და ავხსნი რატომ. ხსენებული გეგმით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც 1999 წელს ამოქმედდა და რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდა, ახლა აბსოლუტურად ამოვარდნილია მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს ჩანაწერი წარმოადგენს ზედმეტ და არაპრაქტიკულ პროცედურულ დატვირთვას. ერთ-ერთ ეთერში ვთქვი კიდეც, რომ ჩვენზე ამ პირობის დაწესება მოსაცდელ ოთახში გაურკვეველი ვადით ჩარჩენის მცდელობის გამართლებას მაგონებს. მეტიც, ინდივიდუალური წევრობის პროგრამა, თავისი კრიტერიუმებითა და საზომით, საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი და ზოგადია. სხვა საკითხებთან ერთად, აქ საუბარია პოლიტიკურ რეფორმირებასა და სამხედრო საკითხებში რეფორმაზე. სამხედრო მდგენელს რაც შეეხება, სხვადასხვა პროგრამის გამოისობით, - და ჩვენი NATO-ელი კოლეგებიც ამასვე აღნიშნავენ - პრაქტიკულად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ძალიან მაღალი დონის თავსებადობაა და ამ მხრივ, წესით, პრობლემა არ ასებობს. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დღეს რაც ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეეებს მხოლოდ ჩვენ არ განვიცდით; ამ მხრივ და ამ დროში მნიშვნელოვან გამოწვევებს განვითარებული დემოკრატიებიც განიცდიან. არაერთი ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, სადაც პროცესმა არასასურველი მიმართულება შეიძინა. ამიტომ, ვთვლი, რომ ასეთი, სტატუსებში მექანიკური დაყოფა - აი, შენ მუდმივად ჩემი მასწავლებელი იქნები, მე კიდევ შენი მოსწავლე, გვაცლის ორივე პარტნიორულ მხარეს საშუალებას, რომ ერთმანეთისკენ მიმავალი პრაგმატული გზები ვეძებოთ. ამიტომაც, განვმეორდები, რომ ამა თუ იმ საკითხის გაიდეალიზება, ჭრელად გაფერადების მცდელობა, მის აბსურდიზმის ხარისხში აყვანა, რეალურად ხელს შეგვიშლის საქართველოს და მის პარტნიორებს, რომ პრაქტიკული შინაარსისა და დროზე მორგებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით ახლა არის ყველაზე გაბედული და პირდაპირი გადაწყვეტილებების მიღების დრო. თუმცა ვაღიაროთ, რომ თანაბრად შესაძლოა, უკრაინის ომმა NATO-ს გაფართოების კუთხით შეიძლება, ფაქტობრივი წითელი ხაზი გაავლოს. დასაშვებია ისიც, რომ ეს წითელი ხაზი არ აისახოს არცერთ სამართლებრივ-პოლიტიკურ დოკუმენტში, მაგრამ რეალურად გაფართოებაზე დაუწერელ მორატორიუმად იქცეს. დღეს საკმაოდ რთულია, დამაჯერებლად ვისაუბროთ, თუ როგორი იქნება უკრაინაში ომის გადაწყვეტის პოლიტიკური ფორმულა. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ამ პოლიტიკური ფორმულის ერთ-ერთ პრინციპად ე.წ. უკრაინული ნეიტრალიტეტი იქცა, ეს საკითხი დიდი ალბათობით, ჩვენც შემოგვიბრუნდება დღის წესრიგში. შეიძლება, არც შემოგვიბრუნდეს, მაგრამ მაღალი ალბათობაა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. „ბუფერულ“ სახელმწიფოებზე (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), რომლებიც გეოპოლიტიკურად, ასე ვქვათ, მაინც გამოკიდებულ ვითარებაში არიან, უკრაინულ ფორმულას, უკრაინულ გადაწყვეტას კრიზისისა, დიდი ალბათობით, პირდაპირი შემხებლობა ექნება ჩვენს საკითხთან. თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის გაწევრიანება ალიანსში, დღეს არ არის მიზანშეწონილი და გონივრული, ან რომ ეს ხელს უშლის ევროპაში ახალი წესრიგის დამყარებას, მაშინ, ასეთ მიდგომას სავარაუდოდ, ჩვენზე ექნება გავლენა. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: როგორ უყურებთ აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის ფართო რეგიონის მიმართ ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესაძლებლობას? რაც შეეხება შავ ზღვასთან დაკავშირებით ერთიან კონცეპტუალურ დოკუმენტს, დიახ, ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი აშშ სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ასეთ დოკუმენტს შეიმუშავებს. თუმცა, აქვე ასეთი კითხვა: რატომ ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან ჩვენივე ხედვა წარვუდგინოთ? ზოგიერთისთვის, შესაძლოა, რიტორიკული კითხვა არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ოფიციალურმა თბილისმა მოახდინოს საკითხზე მსჯელობის დაინიცირება? მეტიც, შესაძლოა, რომ საქართველოსთან ერთად თანაინიციატორებად რუმინეთი და ბულგარეთი გამოვიდნენ. საინტერესო იქნება უკრაინის ხედვაც, ხოლო ათმაგად მნიშველოვანი თურქეთის პოზიცია.... ET: რა როლი აქვს თურქეთს რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრაში, მით უფრო, რომ ის ჩვენს სახმელეთო სამეზობლოში NATO-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა? თურქულ საგარეო პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა ასეთი პრინციპი, რომ ეს ქვეყანა იქცევა ისე, როგორც მის საუკეთესო ინტერსებშია. ამიტომაც, თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული წევრი მისი NATO-ელი პარტნიორებისათვის. თურქეთს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეჭირა და გამორჩეულად განსაკუთრებული ამ დროშიც აქვს. აი ახლაც, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით თურქეთის პოლიტიკა „მრავალპოლუსიანია“. მას არ ერიდება თქვას, რომ თურქული ინტერესი, თურქული დღის წესრიგი მისთვის უფრო მნოშვნელოვანია, ვიდრე საერთო დღის წესრიგი. სხვათა შორის, მკაფიო ხაზის არსასებობა არამარტო თურქეთს ახასიათებს; ჩვენ, რამდენიმე სხვა ქვეყანაც შეგვიძლია, დავასახელოთ, რომელთა მხრიდან უკრაინაში ომისადმი გაცილებით ცალსახა მიდგომის მოლოდინში ვიყავით. თურქეთს რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ქართული გადმოსახედიდან მერამდენედ აუცილებლად უნდა ითქვას: თურქეთი არის ჩვენი არათუ მეზობელი, არამედ, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა და სხვათა შორის, როდესაც NATO-ში ჩვენს, წევრობაზე ვსაუბრობთ, თურქეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც დაუფარავად, ხმამაღლა გვიჭერს მხარს. ამდენად, ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასია და დიდი შავი ზღვის რეგიონია, რა თქმა უნდა, თურქეთთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ის, თუ როგორია თურქეთის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიისა და დიდი შავ ზღვის რეგიონისადმი, განსამზღვრელია და ხშირად, გადამწყვეტიც. შავ ზღვას ის მიიჩნევს, როგორც საკუთარი ეროვნული ინტერესების საციცოცხლო არეალს, სწორედ ამას უკავშირდება ცნობილი მონტრეს კონვენცია, რომლითაც თურქეთი ფაქტობრივად აკონტროლებს შესასვლელებს შავ ზღვაში. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, თურქეთი არ შეელევა ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ ბერკეტს, არ შეასუსტებს მასზე მოჭიდებას. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთსა და თურქეთს შორის ახლად აღმოცენებულ პარტნიორობას. თუმცა ეს პარტნიორობა, უფრო ტაქტიკური, ვიდრე სტრატეგიული ხასიათისაა. ეს არცაა გასაკვირი, რამეთუ, ზოგადად, რუსულ-თურქული ურთიერთობების ისტორიულად რთულია და აღმავლობისა და დაღმავლობის ეტაპების მონაცვლეობით ხასიათდება. ახლა თითქოსდა აღმავლობის ეტაპია. მაგრამ ესეც შედარებითია, ვინაიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორი ლიდერის თითქოსდა კეთილმოსურნე შეხვედრების უკან რეალურად ერთმანეთისადმი უნდობლობა არის. მიჭირს იმის წარმოდგენაც, თუ რამდენად სტაბილური იქნება თურქულ-რუსული პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, კომპლექსური რეგიონული კონტექსტის პირობებში. სიტყვა „რეგიონული“ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ უკავშირდება, არამედ, აქ თანაბრად მოიაზრება ცენტრალური აზია და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი - ყველა ის არეალი, სადაც ამ ორი ქვეყნის ინტერესი საკმაოდ უხერხულად იკვეთება. ET: საქართველოს ისტორიული როლი, იყოს დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ვგულისხმობ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც. გაზრდილია ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველოს გავლით. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ უფრო მეტად პოზიციონირდეს ამ კუთხით და უფრო მეტად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობებიც? ჩვენ რა თქმა უნდა, თავს მივიჩნევთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, მაგრამ აუცილებლად, ეკონომიკურად მიმღებლობა უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ აღმოსავლეთის მისამართით. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მცირე სახელმწიფოს როლზეა საუბარი ახალ მსოფლიო წესრიგში. ეს როლი უნდა უკავშირდებოდეს არა რუკაზე მის ნომინალურ არსებობას განსხვავებულ ფერში, არამედ ფუნქციურ სარგებლიანობას. საკითხი მინდა, ორიოდე სიტყვით განვავითარო იმიტომ, რომ იგივე გასული საუკუნის 90-იანებში, როდესაც ბაქო-ჯეიჰანს, ბაქო-სუფსას და ბაქო-ერზერუმს ჩაეყარა საფუძველი, ეს არ იყო მხოლოდ მილსადენების მშენებლობა და ენერგორესურსების გატარების დაგეგმარება. ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან გამჭრიახი ნაბიჯები, რომ ქვეყანას სხვების თვალში ეს ფუნქციონალური საჭიროება და სარგებლიანობა შეეძინა. მაგრამ მსოფლიო იცვლება, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობები განიცდის ძალიან სწრაფ ტრანსფორმაციას, ამიტომ, ჩვენ ასეთი ფუნქციონალური სარგებლიანობის, მისი მუდმივ განახლების ძიებაში უნდა ვიყოთ. უკვე მოძველდა რიტორიკა ბაქო-ჯეიჰანზე, მოძველდა რიტორიკა ბაქო-ერზერუმზე. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ამიტომ, ვთქვი, რომ ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. ამიტომ, გავიაზროთ უნდა, რომ მხოლოდ, ასე ვთქვათ, გარკვეული სახელმწიფოთა ან პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, ან სამხედრო ალიანსის წევრობა არ კმარა, თუ შენ არ ხარ თვითმყოფადი და თვითკმარი. საჭირო სინჯის თვითმყოფადობა და თვითკმარობა კი საერთო საქმესა და ინტერესეში შენს ეროვნულ კონტრიბუაციაზე - ინტელექტუალური, ეკონომიკური თუ სხვა - არის დამოკიდებულია. სხვაგვარად, დღევანდელი სამყარო იმგვარად ეგოისტურია, რომ ვერც ვერავის დავავალებთ და ვერც ვერავინ დაივალებს ჩვენს მიმართ სამისდღეშიო გეოპოლიტიკური ძიძის როლს. დღეს უკვე დიდი ქვეყნებიც კი დაუფარავად ამჟღავნებენ მიდგომებში მათთვის ხელსაყრელ საკუთარ ეგოიზმს. და თუ მაინცდამაინც ეგოიზმზე მიდგა, ჩვენც ჩვენსავე ეროვნულ ეგოს მივმართიოთ, მაგრამ გავაკეთოთ ეს ფრთხილად, პასუხისმგებლიანად. თანამედროვე ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოებრიობის კონკურენტუანარიანობა ქართული ისტორიული მეხსიერების კოდის არდავიწყებასთან ერთად სრულიად ახლებური, ინტერესებში პრაგმატიზმსა და მართველობაში ტექნოკრატიაზე დაფუძნებულ მიდგომებს მოითხოვს.
ვიქტორ ყიფიანი: ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი. საუბარი, რომ სადმე სხვაგან, სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია
ძირითადი შეტევა მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სადმე სახვაგან, სანქციების სახით, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით, ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს შვეიცარულ ბანკთან მიმდინარე დავაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ მისი, როგორც ბენეფიციარის უფლებების შეზღუდვა მიანიშნებს, რომ საქმე ეხება ფაქტობრივ სანქციებს. „ვსაუბრობთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორ საკითხზე. ერთი მიმდინარეობს ბერმუდასა და სინგაპურში, ეს არის იმ თანხასთან დაკავშირებული, რომელიც ბანკის მხრიდან სერიოზული დარღვევების შედეგად კლიენტმა იზარალა და შესაბამისად, ჩვენ ვდაობთ ამ თანხის დაბრუნებაზე. ამაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი წარმატებით დასრულდა, ველოდებით პროცესის გაგრძელებას უკვე აპელაციის ფარგლებში. თემა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ განცხადებაში, აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სწორედ ის იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რომ საუბარი არის სხვა ფინანსურ აქტივებზე, რომელიც ერთ-ერთი სატრასტო კომპანიის მართვაშია. ჩვენს გაკვირვებას იწვევს სწორედ ის, რომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების, ყოველგვარი მყარი ფაქტობრივი გარემოების გარეშე ბატონ ივანიშვილს შეეზღუდა ამ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ სიტყვათწყობას „ფაქტობრივი სანქციები“. ჩვენ რეალურად გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ბატონი ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტის გამოისობით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ რეალურად სწორედ შებოჭვა მისი უფლებების განხორციელებაში, როგორც ბენეფიციარისა, ჩვენ მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ სანქციებთან. ჩვენ გამოვთქვამთ გაკვირვებას ამ შეზღუდვების დასაბუთებულობასთან მიმართებაში და ვაცხადებთ პირდაპირ, რომ არავითარი დასაბუთება ამ შემთხვევაში არ არის და ვსვამთ კითხვას, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი შეზღუდვები, რას ისახავს ეს მიზნად და რა შეიძლება, ამის გაგრძელება იყოს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, ხომ არ შეიძლება, პროცესის მასშტაბები კიდევ გაიზარდოს, ვიქტორ ყიფიანი პასუხობს: „ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჯერჯერობით ამაზე შორს არ მივდივართ და ჩვენ ამაზე შორს თუ წავედით სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. ვისაც აქვს მოლოდინი, როდესაც არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გავრცელდება, გაფართოვდება და ამაში შეიძლება, ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები, სახელწიფო თუ არასახელმწიფო, მინდა, მათ იმედები გავუცრუო. იერიში და ძირითადი შეტევა იქნა მიტანილი სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც რეალურად ივანიშვილს აქვს ფინანსური აქტივი. სხვაგან სადმე ივანიშვილს ფინანსური აქტივი არ აქვს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სხვაგან სადმე ან სანქციების, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია. ივანიშვილს აქტივები აქვს საქართველოში, საქართველოში რაიმე შეზღუდვებზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც რაიმე შეზღუდვაზე საუბარი, ჩვენი აზრით, გამორიცხულია. ვინმეს თუ ინფორმაცია აქვს, რომ სადმე, გარდა გენზის იურისდიქციისა, სადაც ის ტრასტი არის განთავსებული, აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელი არის, ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ იმ ფინანსურ აქტივებთან მიმართებაში განხორციელდება რაღაც შეზღუდვები, გაგვიზიაროს ჩვენ ინფორმაცია. იმდენად, რამდენადაც ვარ ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, ფულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ დარტყმა იყო იმ მისამართით და იმ წყაროს მიხედვით, სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ერთ-ერთ განცხადებაში ასევე ვახსენე, რომ ჩვენ გვქონდა ერთჯერადი სახის პრობლემა ლონდონსა და ნიუ იორკში, რომელიც მოგვარდა სამართლებრივი პროცედურების გამოისობით. სხვა პრობლემის წინაპირობა სადმე, რომელიმე სხვა ქვეყანაში, ან რომელიმე სხვა იურისდიქციაში ჩვენ არ და ვერ შეიძლება, გვქონდეს. არსად სხვაგან ჩვენ რაიმე ფინანსური აქტივი ან რესურსი ფიზიკურად არ გვაქვს. ჩვენ მოწმენი ვართ ამ იერიშის მიტანისა სწორედ იქ, სადაც რეალურად აქტივი ფიზიკურად ფაქტობრივად მოცემულია“, – განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ „ფაქტობრივი სანქციები“ უკვე რეალურად იქცევა და უკვე ოფიციალურად დაუწესდება ივანიშვილს სანქციები, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. „მოლოდინი მაქვს, რომ სამართლებრივ პროცედურებს ჩვენ ალბათ წლის ბოლომდე მოვაგვარებთ. სხვა მოლოდინი, რომ სადმე იქნება დამატებითი სიმძაფრე შეტანილი, ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს, რადგან არსად სხვაგან რაიმე აქტივი ფიზიკურად განთავსებული არ არის“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. ჟურნალისტებმა ასევე ვიქტორ ყიფიანს კითხვა დაუსვეს, რა შეიცვლება ივანიშვილისთვის, რა შეზღუდვები გავრცელდება მასზე, თუ ოფიციალური სანქციები დაუწესდება. „მთავარია, რომ ბატონი ივანიშვილის მიდგომა საკითხისადმი არ არის ამოვარდნილი კალაპოტიდან და ის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს, იმ საჭირო ხარისხის მედეგობას, რაც ჩვენს იურიდიულ გუნდს გვაძლევს საშუალებას, რომ მივყვეთ ამ საქმეს თანმიმდევრულად და ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ ასევე თანმიმდევრულად და სამართლის პროცედურებით. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლებ ჩვენ გამოვიტანოთ. სხვა მხრივ ფაქტობრივი გარდაისახება სამართლებრივში თუ არა, ეს ამ მოცემულობაში ჩემთვის პირადად, მეორეხარისხოვანია“, – აღნიშნა ადვოკატმა. ამასთან, ყიფიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველები მუდმივ კომუნიკაციაში არიან უცხოელ იურიდიულ მრჩევლებთან. კითხვაზე, აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ როდის შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეხვდეს მედიას, ადვოკატმა, აღნიშნა, რომ როდის დადგება ამის საჭიროება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია.
ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის წერილზე: მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება. „მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა. ვინც ღია, პირდაპირი და გულწრფელი პოზიციის მოლოდინში იყო, მისი მოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც დღემდე გარკვეული მანიპულაციების ტყვეობაშია, ალბათ, ამ მხრივ, მისი მოლოდინი გაცუდდა და კიდევ უფრო გაწბილებული და მოწყვლადი გახდა“, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა.
ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ნათესავების სანქცირების გამო, პრობლემები არ შეექმნება
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „ტვ.პირველთან“ აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისა და გარემოცვის წევრების სანქცირების შესახებ, შვეიცარულ ბანკთან დავის საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა „საერთოდ ეგ საკითხი არანაირ კავშირში არაა იმ დავებთან, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ჩემგან რთული იქნება. პრობლემები არათუ შეექმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება რიგ საკითხებში, რის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, - აღნიშნა ყიფიანმა. ამასთან, ყიფიანმა განაცახდა, რომ ის უკრაინის მიერ, ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „ვერც უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მითუმეტეს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე. თავიდათავი ჩემი პასუხი ისაა, რომ ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ესაა დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ყიფიანმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.
კანონპროექტის შემუშავება იმ ფონზე, როდესაც არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რას ისახავდა მიზნად?! – ყიფიანი
უნდა ჩამოეწერათ ამ კანონპროეატის მინუსები და პლუსები. ჩემი აზრით მინუსები გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსები. ჩვენ დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი?, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩეველმა, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა რადიო “იმედის” ეთერში განაცხადა. “სამართლებრივი კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი, ის არავითარ ზიანს არ უკავშირდება. მაშინ, მით უმეტეს, მინდა დავსვა რიტორიკული კითხვა:რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით, ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?თუ ჩვენ ვსაუბრობთ… წინა ისტორია მოგეხსენებათ კანონპროექტის, გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მოტივი.თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს კანონპროექტი პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა. თუ ეს ვერ იქნა უკეთ ახსნილი და ისე დაემსგავსა, რომ ჩვენ კანონპროექტს განვიხილავდით მხოლოდ იმიტომ, რომ კანონპროექტი განგვეხილა…რეალურად, კიდევ ვამბობ, რაღაც საგნობრივ ცვლილებებს ეს არასამთავრობო სექტორში ეს არ გამოიწვევდა, გარდა მონიტორინგისა და დეკლარილების მოვალეობისა, მაშინ ისინი ვინც ამ კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, როგორც მინიმუმ ჯერ დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა განესაზღვრათ.უნდა ჩამოეწერათ ამ კანონპროეატის მინუსები და პლუსები. ჩემი აზრით მინუსები გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსები.ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანშეუწონილობა ასეთი მოქმედებებისა, რომელიც პირველად არ ხდება… ჩვენ დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი? ნუთუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნისაკენ ვიაროთ ნაკლები ტკივილის, ნაკლები წვალების ხარჯზე?” – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.