თეგი: ვლადიმერ პუტინი
პუტინის დავალებით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ ფილმებს გადაიღებენ და კინოთეატრებში აჩვენებენ
ვლადიმერ პუტინმა დაავალა კულტურის სამინისტროს, უზრუნველყოს დოკუმენტური ფილმების ჩვენება რუსეთის კინოთეატრებში, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა“ და „ნეონაცისტური და ნეოფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას“ ეძღვნება. კრემლის ოფიციალურ საიტზე 2 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი დავალება, რომელიც პუტინმა მთავრობას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე სამხედროების დედებთან 2022 წლის 25 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მისცა. რუსული მედიის ცნობით, დეპარტამენტი ასევე ვალდებულია მოაწყოს პატრიოტული დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ოლგა ლიუბიმოვამ ამისათვის წინადადებები 2023 წლის პირველ თებერვლამდე უნდა მოამზადოს. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ 2023 წლის პირველ აპრილამდე უნდა შექმნან „საზოგადოებრივი სივრცეები, ხელოვნების ობიექტები და სასკოლო მუზეუმები“ „სპეციალური ოპერაციის“ მონაწილეების შესახებ და ამ თემაზე რუსულ სკოლებში გაკვეთილები ჩაატარონ.