თეგი: ვლადნელ თათარსკი
რა ახალი დეტალებია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერისა და კრემლის პროპაგანდისტის აფეთქებაზე
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ვლადლენ თათარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდის“ მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით. რუსული წყაროების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია სანქ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა, რომელიც უკვე დააკავეს. აფეთქება რუსეთში: დაღუპულია სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი, არიან დაშავებულები „2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ თათარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ეგრეთ წოდებულ „ანტიკორუფციულ ფონდთან“ თანამშრომლობენ, რომლის აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა“, - ამტკიცებს უწყება. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდი“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. რუსული მედიის თანახმად, გამოძიებას საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი თათარსკის ბიუსტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება 2 აპრილს, ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი ემსხვერპლა. რუსული მედია წერს, რომ მას, სავარაუდოდ, გადასცეს სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორის ათის მდგომარეობა მძიმეა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, პეტერბურგელი დარია ტრეპოვა დაახლოებით ერთი თვის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მისი ქმარი დმიტრი რილოვი ამჟამად ემიგრაციაშია. 2022 წლის თებერვალში, ტრეპოვა და რილოვი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე. დმიტრი რილოვმა გამოცემა SVTV-ს განუცხადა, რომ ის და დარია უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მისმა ცოლმა აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Telegram-ზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა". უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ვლადლენ თათარსკის შესახებ მისი ნამდვილი სახელი იყო მაქსიმ ფომინი, Telegram-ზე 560 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ხშირად წერდა უკრაინში მიმდინარე ომზე. პროპაგანდისტი გასული წლის სექტემბერში, იმ ასობით დამსწრეს შორის იყო კრემლში გამართულ ცერემონიაზე, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოცხადდა. ბრიტანული Telegraph-ი 2 აპრილის საღამოს წერდა, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, რომელიც ერთ დროს ევგენი პრიგოჟინს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და პუტინის გარემოცვის წევრს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. 3 აპრილს, პრიგოჟინის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა მისი კომენტარი, რომლის თანახმად, კაფე გადასცა „პატრიოტულ“ მოძრაობას - „კიბერ ფრონტ Z", რომელიც ტერიტორიაზე სემინარებს ატარებდა. გავრცელებული ცნობებით, 2 აპრილს, ვლადლენ თათარსკი კაფეში მკითხველებს ხვდებოდა. ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში, რუსი პროპაგანდისტის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის საიდუმლო სამსახურები დაადანაშულა. უკრაინამ ამ ფაქტთან კავშირი უარყო.