თეგი: ვოლგოგრადი

ვოლგოგრადში დააკავეს 82 წლის ქალი, რომელიც სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა - მედია

ვოლგოგრადში დააკავეს 82 წლის პენსიონერი ქალი, ორგანიზაცია „ომის სტალინგრადის ბავშვების" თავმჯდომარე, რიმა ვტოროვა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, წინა საღამოს სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაეკიდა სცადა. ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „დოზორის“ თანახმად, ვტოროვა, სავარაუდოდ, კრასნოარმეისკის რაიონის სამხედრო აღრიცხვის ოფისში „მოლოტოვის კოქტეილით“ და ორი მობილური ტელეფონით მივიდა. ოფიციალურ ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვტოროვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქონების განადგურების მცდელობის მუხლით აღიძრა. ამ კვირის განმავლობაში, ეს არის თითქმის მე-15 შემთხვევა, როდესაც სამხედრო აღრიცხვის ოფისის დაწვას ან მისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ.  

დრონებით შეტევის ფონზე, რუსეთში, ვოლგოგრადის უდიდეს ნავთობქარხანაში ხანძარი იყო

რუსეთში, ვოლგოგრადის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დრონების წარმატებული თავდასხმის შედეგია. ამის შესახებ Ukrinform-ს სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებმა განუცხადეს. წყაროების ცნობით, ორი დრონის იერიშის შემდეგ ქარხანა წარმოების სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს. „რუსეთის მიერ ომის საწარმოებლად გამოყენებული ინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას ვაგრძელებთ. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმით, ჩვენ არა მხოლოდ ვწყვეტთ საწვავის მომარაგების ლოგისტიკას მტრის აღჭურვილობისთვის, არამედ, ვამცირებთ რუსეთის ბიუჯეტის შევსებას, - განაცხადა წყარომ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო დაცვის ძალებმა გაანადგურეს შვიდი დრონი, რომლებმაც რუსეთის სამ ოლქზე მიიტანეს იერიში. როგორც აცხადებენ, ოთხი დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის, ორი - ვოლგოგრადის ოლქისა და ერთი - როსტოვის ოლქის თავზე. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, ჩამოგდებული დრონის გამო აალება მოხდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ უწყებაში განაცხადეს, რომ ქარხანაში ცეცხლი გაუჩნდა დაღვრილ ნავთობს 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე. რამდენიმე საათის შემდეგ ხანძარი ჩააქრეს.  

რუსეთის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევაა. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ „ვოლგისპირეთის რკინიგზის“ ცნობას, რომ 14 მაისს, შუაღამის შემდეგ, სადგურ კოტლუბანთან რელსებიდან ვაგონების გადასვლა გამოიწვია „უცხო პირთა ჩარევამ“. დეტალები დაკონკრეტებული არ არის. რუსული ინტერნეტგამოცემა Baza კი, წერს, რომ რკინიგზაზე დრონით შეტევის შედეგად, რელსებიდან გადავარდა ცხრა ვაგონი. ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ორ ცისტერნას. ერთი აფეთქდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დილის 6 საათიდან განახლდა.