თეგი: ვოპკე ჰოექსტრა
ნიდერლანდები საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრამ ქართველ კოლეგას დავით დარჩიაშვილს უმასპინძლა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს განიხილეს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული მისწრაფებები. „მე ხაზი გავუსვი ჰოლანდიის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნიდერლანდები მოწოდებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი. გარდა ამისა, მე ხაზი გავუსვი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას თბილისში, მომავალ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით. ამ ღონისძიების დაწყებამდე და მის შემდეგ, ლგბტიქ+ ადამიანებს უნდა შეეძლოთ, თავიანთი უფლებების თავისუფლად, ღიად და უსაფრთხოდ გამოხატვა“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მის მიერვე გამოქვეყნებულ განცხადებაში. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებუ ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მასზე, ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. „ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შესახებ და იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რაც უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისადმი და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებითა და ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ამ პროცესის პოზიტიურ ზეგავლენას ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით“, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.