თეგი: ზაარბრიუკენის მოედანი
კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე: არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში, შთამბეჭდავი პროექტია
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ზაარბრიუკენის მოედანზე გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას, რომელიც დროებით არის დადგმული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი აქტუალური აღმოაჩნდა საზოგადოებისთვის.“ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. „მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებას. თავს ვაძლევ უფლებას, მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხზე. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა, ნამდვილად არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში, ეს სასიხარულოა და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მე დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იციან აღნიშნულთან დაკავშირებით. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავის მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსება მოახდინოს და გახადოს მიზანშეწონილი. ამ გადაწყვეტილებების შედეგად უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. ჩვენ გვინდა, რომ არტისტებს ხელი შევუწყოთ, ჰქონდეთ მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისგან. მინდა, გითხრათ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბანში, რაიონებში კონკრეტულ ადგილებზე იქნება გამოყოფილი სივრცეები, სადაც განთავსებული იქნება დროებით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ჩვენ მომავალშიც ვგევმავთ კონკურსების გამოცხადებას და ხელოვნების ხელშეწყობას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებითვის. ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და გიორგის წარმატება, მინდა, ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა, თუმცა მთავარი არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია დიდი დისკუსია საზოგადოებაში, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა დედაქალაქში,“ განაცხადა კახა კალაძემ.