თეგი: ზანგეზურის დერეფანი
ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის ნაწილია - Forbes
„ამერიკის მაღალი ფსონი ზანგეზურზე: როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დერეფნის ამოქმედებამ შეამციროს ევროპის ენერგეტიკული ხარჯები და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს,“ Forbes-ი სტატიაში განიხილავს აშშ-ის მცდელობას, შეამციროს რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და გააძლიეროს ევროპისთვის ალტერნატიული ენერგომომარაგების გზები. ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში სტატიაში მიმოხილულია, რომ ზანგეზურის დერეფანი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ენერგორესურსების პირდაპირ მიწოდებას თურქეთში და შემდეგ ევროპაში, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. Forbes-ის მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის გამოვლინებაა - გამოიყენოს „ძალთა იშვიათი ვაკუუმი“ სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, სადაც ისტორიულად რუსეთი დომინირებდა, მაგრამ ახლა მზადაა გადალაგებისთვის, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის სექტემბერში, მთიან ყარაბაღში გადამწყვეტი შეტევის დროს, მოსკოვმა თავისი მოკავშირე სომხეთი ვერ დაიცვა. რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორის სანდოობა ახლა სრულად დანგრეულია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, რეგიონში განთავსებულნი იყვნენ რუსი „სამშვიდობოები“, მოსკოვმა ვერ შეძლო ჩარევა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა კვლავ აიღო კონტროლი მთიან ყარაბაღზე და შედეგად, 100,000 ეთნიკური სომეხი იძულებით გადაადგილდა. ეს უმოქმედობა ერევანში ღალატად აღიქვეს, რამაც რუსეთის მიმართ ნდობა არსებითად შეარყია და სომხეთის ისტორიულ გეოპოლიტიკურ შემობრუნებას დასავლეთისკენ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. გეოპოლიტიკური გათვლები და კონკურენტთა რეაქციები სატრანზიტო დერეფნის შესაძლო წარმატება ძირეულად შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. ირანს საკუთარი სატრანზიტო როლის 20-30 პროცენტით შემცირება ემუქრება. რუსეთი კი, შესაძლოა, ათწლეულის განმავლობაში 10-დან 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის გარეშე დარჩეს და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე თავისი ზეგავლენის 10-15 პროცენტი დაკარგოს. ჩინეთისა და თურქეთის ინტერესები ჩინეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ზანგეზურის დერეფნის საშუალებით მოიპოვოს 20-30 მილიარდი დოლარის ეკონომიური სარგებელი „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. თურქეთი კი, დერეფნის ამოქმედებით, გადაიქცევა ენერგეტიკულ ჰაბად, რომელსაც პირდაპირი წვდომა ექნება თურქულენოვან ქვეყნებზე და შესაძლოა, ქვეყანამ 10-15 მილიარდი დოლარის სატრანზიტო შემოსავალი მიიღოს. თურქეთის როლი რეგიონში თურქეთი აქტიურად ცდილობს ქურთული კონფლიქტის დეესკალაციას, რაც ხელს შეუწყობს ზანგეზურის ინიციატივის წარმატებას. აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციებში თურქული ბიზნესი ექსპორტის 310%-იან ზრდას ელოდება, რაც დიპლომატიურ ჩართულობას დამატებით წაახალისებს. ენერგეტიკული კომპანიების ინტერესი SOCAR-ი მილსადენებს აფართოებს, ADNOC კი, წყალბადზე ერთობლივ პროექტებს განიხილავს. BP და Chevron მზად არიან, გაზარდონ ინვესტიციები 5-10 მილიარდ დოლარამდე. თუმცა პოლიტიკური უთანხმოებები და რეგულაციური შეფერხებები პროექტის ვადებსა და ხარჯებს საფრთხეს უქმნის. რისკები და პოლიტიკური დაბრკოლებები მოლაპარაკებების წარუმატებლობის ალბათობა 60%-ია, რაც შესაძლოა, პროექტის დაწყება 1-1.5 წლით შეაფერხოს. სომხეთმა მკაფიოდ უარყო თავისი ტერიტორიის გადაცემა, რაც უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს. მომავალი პერსპექტივები თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, 2027 წლისთვის სავაჭრო ნაკადები 20-50 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევრაზიულ ლოგისტიკას. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ სუვერენიტეტთან დაკავშირებული რისკები და აქტიურად ითანამშრომლონ აშშ-ის შუამავლებთან. გეოპოლიტიკური გავლენა: ამერიკის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს რუსეთის გავლენის შემცირებას რეგიონში და აშშ-ის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. დასკვნა ზანგეზურის დერეფანი არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ, ეს არის ამერიკული დიპლომატიის ტესტი გლობალურ მულტიპოლარულ სამყაროში. მისი წარმატება რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავებისა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხრივ, აშშ-ის შესაძლებლობებს დაამტკიცებს.