თეგი: ზდენეკ ჰრჟიბი

პრაღის მერი უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატად ეწვევა

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის მერი, ზდენეკ ჰრჟიბი უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად 14 თებერვალს კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, 15 თებერვალს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი ვარშავის მერ, რაფალ ტშასკოვსკის, შეხვდებიან. „ეს სწორია, რომ ასეთ რთულ დროს პრაღამ და „თავისუფალი ქალაქების პაქტის“ სხვა წევრებმა უკრაინის დედაქალაქისა და მისი მოქალაქეებისადმი თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. კიევი თავისუფალ დედაქალაქად და რეგიონში დემოკრატიის საყრდენად უნდა დარჩეს“, - აცხადებს ზდენეკ ჰრჟიბი. თავისუფალი ქალაქების პაქტს 2019 წელს ბრატისლავის, ბუდაპეშტის, ვარშავისა და პრაღის მერებმა ჩაუყარეს საფუძველი. ეს გაერთიანება მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვას და განვითარებას. პაქტს 2021 წელს ევროპის 20-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა.