თეგი: ზურაბ აზარაშვილი
იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება
იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა გააცნო. „როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2022 წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე იმპორტიორი თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP სერტიფიკატს. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, საქართველოში მიმდინარე წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის გარკვეული თანხა, 6 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია და დაწყებული გვაქვს პროცესი ამ ლაბორატორიის უმოკლეს ვადაში მოსაწყობად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის
„ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს, - ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი და დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული. „8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება. რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი: საუბარი იმაზე, რომ პრემიერი ანტივაქსერია, არასწორია
ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. როგორც ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა „ომიკრონი“, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს გადაცილებულებისთვის გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზუგდიდის სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ. რუხში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი და რუსლან აბაშიძე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ესტუმრნენ, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება. მინისტრები კლინიკის მედპერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს. საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, ადგილზე, მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. „მიმდინარეობს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც უპირველესად მოიაზრებს ხარისხიან ჯანდაცვაზე მათი წვდომის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიმართულების შემდგომი განვითარების და გაუმჯობესების მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც ენგურის ხიდზე შევხვდით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე და სწორედ მათ საჭიროებებზე უკეთ მორგებული სამედიცინო მომსახურების შემდგომ დახვეწას ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი მსჯელობა ადგილზე, მათ შორის რუხის მრავალპროფილური კლინიკის მედპერსონალთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ემსახურება, ძირითადად, კოვიდპაციენტების მკურნალობას, მათ შორის, ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ზურაბ აზარაშვილი: მარტის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინების ახალი პარტია შემოვა
მარტის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინების ახალი პარტია შემოვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილი მთავრობის სდხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია. „შემცირების ტემპი ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება ტესტირებების შემცირებას, ამის გამო არ არის ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული. ჩვენ აქტიურად ვუყურებთ თუ რამდენი ჰოსპიტალიზაციაა ყოველდღე და თუ ნახავთ, ეს მაჩვენებლებიც საკმაოდ შემცირებულია. თუ თებერვლის შუა რიცხვებში გვქონდა 6000-მდე ათვისებული საწოლი ჰოსპიტალში. დღეს უკვე 2000-მდე ჩამოვედით, ესეც მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პიკი გადავლილია და ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს
"თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მათი ფასების მკვეთრად გაიაფება მოხდება", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაიაფებულია. ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს ერთი კვირის ან ერთი თვის წინ იყო. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ასევე, იმ რეკომენდაციებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში უფრო გამჭვირვალეს გახდის. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მედიკამენტების ფასებს სტაბილურს გახდის და ხელმისაწვდომს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული
ზურაბ აზარაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის თურქულ მოდელს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოშიც, სადაც ქართველი პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის საკითხებს განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.
ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას, ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა. „მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრი: ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი
„დაახლოებით, ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი”, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. „ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნას. „სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი, საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრი: აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ვერ მიუთითებენ კონკრეტულ ბრენდს
მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, გამჭვირვალე ბაზარი და სამართლიანი ფასების დაწესება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყებას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. „პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას
ზაფხულამდე მოსახლეობის 70 %-ის აცრა ამბიციური გეგმაა. ივლისამდე არ ვიცი, მაგრამ წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა. „ხელისუფლებას და მთავრობას ნამდვილად არაფერი დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ვნახოთ, ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებულია. ორი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩვენი 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი დადიოდა და თითქმის სახლებში სთავაზობდა აცრას. პლუს ფინანსური დაინტერესება, სხვადასხვა კამპანია, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოვიყენეთ. ამ ფარგლებში 45%-ზე ავედით ორჯერადად აცრის. სხვა ქვეყნებში 70-80% - ია. საბოლოო ჯამში, იმუნური ფენა საკმაოდ კარგი გვაქვს, როგორც აცრილებში, ასევე გადატანილებში და აქედან გამომდინარეა, რომ პანდემია აღარ არის ისე, როგორ თვეების წინ”,- განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ამასთან, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ზურაბ აზარაშვილი: სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა
სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. “სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის“ მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ, აცრის მაჩვენებელი ყოველდღე რამდენიმე ასეულია. ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ უფრო მეტად რომ გააქტიურდეს. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, - აღნიშნავს მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კოვიდინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ
„სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული მიზნობრიობით, რიცხავდა და სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, შრომის ინსპექცია, ყოველდღიურ რეჟიმში, ცდილობს შეთანხმებას და მოლაპარაკებას იმ კლინიკებთან, რომლებსაც დღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“. მინისტრმა კოვიდკლინიკების პანდემიამდე არსებულ რეჟიმში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ აპელირებენ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები ვადებზე, თითქოს, მათ მხოლოდ 5 დღე ჰქონდათ ძველ სისტემაზე დასაბრუნებლად. „2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი, კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება. „თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, - განაცხადა
ჯანდაცვის მინისტრი: ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აუდიტი ინფექციურ საავადმყოფოს არ შეეხება და პირიქით, ამ კლინიკის ექიმები თავად არიან ჩართულნი სხვადასხვა დაწესებულების შემოწმების პროცესში. „ცალკე აღებული, ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითები არიან სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და კლინიკა სწორად”, – განმარტა აზარაშვილმა. ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტია და მასთან მუდმივ კომუნიკაციაშია. „ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ის ინფექციის კონტროლის კუთხით, თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია კონტროლის იმ წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითაც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ. და ის უშუალოდ ჩართულია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე მადლობა მინდა გადავუხადო მას, ასეთი აქტიური ჩართულობისთვის”, — განაცხადა აზარაშვილმა. 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო
თენგიზ ცერცვაძე: თანამდებობაზე ვრჩები
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველის არხის ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება. ცერცვაძის განცხადებით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო. „დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ. 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო 6 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება, არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით.
ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ჰაიდი გრაუს სამინისტროს მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებს, ასევე დასაქმების საკითხებს. იმსჯელეს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. „მხარეებმა COVID19-ის კუთხით არსებული დადებითი დინამიკაც განიხილეს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაშიც, საქართველოს მსგავსად, უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნილია“, - აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში.
ზურაბ აზარაშვილი: დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა
„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აზარაშვილი: 2 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. „მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია", - განაცხადა აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, ფარმაცევტული და კლინიკური სფეროს წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოსახლეობას წამლებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, 2022 წლის მარტი -აპრილის მონაკვეთში, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 35 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში მოქმედი ყველა ფარმაცევტული საწარმო და საბითუმო დისტრიბუტორი GMP/GDP სტანდარტზე უნდა გადავიდეს. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, DRG-ის პილოტური პროექტი დაიწყო. აღნიშნული სისტემა 2022 წლის ბოლომდე ყველა კლინიკაში ამოქმედდება. შეხვედრაზე ზურაბ აზარაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. მხარეებმა ფარმაცევტულ და კლინიკურ სექტორში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ის შესაძლებლობები, რაც სამინისტროს მათ მხარდასაჭერად გააჩნია.
ჯანდაცვის მინისტრი: პირბადეების ტარების ვალდებულების საჭიროება არ იკვეთება
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების დაწესებას გამორიცხავს. მინისტრის განმარტებით, არსებული მონაცემებით, პირბადეების ტარების ვალდებულების შემოღების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება. თუმცა თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი გამოყენება სასურველია, ნებისმიერს შეუძლია, გამოიყენოს: „ამას ვერ ავუკრძალავთ. სამედიცინო დაწესებულებებში იცით, რომ ეს წესი დღესაც მოქმედებს და აუცილებელია პირბადის გამოყენება. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა „ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და ბევრს გაუკვირდა, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად გადაიქცეოდა, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იგივეს ადასტურებენ ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში და საპანიკო. ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება საჭირო გახდეს გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხა რესპირაციული ვირუსი და მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ, ათასობით ყოფილიყო. უბრალოდ, რახან კოვიდპანდემიაა დაწყებული ორი წლის წინ და მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, სულ ეს არის, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი: კოვიდინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება
„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდნენ და შესაძლებელი იყო მათი ბინაზე მკურნალობა, თუმცა, კლინიკების სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ სტაციონარში ტოვებდნენ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდით დაინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება და პასუხისმგებელი უშუალოდ კლინიკა იქნება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტაბილური ეპიდვითარებაა და მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება. ასევე, მინიმალურია იმ პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც COVID-19-ის ახალ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
ზურაბ აზარაშვილი: სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის
„დღეს სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ამ სიჭარბის ფონზე კი შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, უწყებას მნიშვნელოვანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები აქვს დაწყებული. ერთ-ერთი ასეთი კი კლინიკებისთვის იმ სამართლიანი ტარიფების დაწესებაა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის გაწევის შემდეგ გადაიხდის. „ეს რამდენიმეწლიანი პროცესია და ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა შემოვიღებთ იმ სამართლიან და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს, რაც არის DRG მეთოდი და ამ მეთოდით ჩვენ უკვე სამედიცინო სექტორს შევთავაზებთ ტარიფებს, რომლითაც ისინი მოახდენენ ოპერირებას. რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული ტარიფები, ბიზნესის თვალსაზრისით, შეიძლება რომელიმე კლინიკისთვის არ იყოს საინტერესო და მოუწიოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვა, გეტყვით იმას, რომ დღეს, სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ასევე, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად მეტი, საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებთან შედარებით. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ვაკეთებთ შედარებას, თუ რა არის მოცემულობა ყოველ 100 000 მოსახლეზე და ამ ნაწილში ვართ გაცილებით წინ. ვგულისხმობ იმას, რომ ზედმეტია კლინიკები და საწოლები ქვეყანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს არის ზუსტად ის მომენტი და შესაძლებლობა, როცა ამ სიჭარბის ფონზე, შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება. თუ კლინიკებისთვის ბიზნესის კუთხით არ იქნება საინტერესო ის ტარიფები და სტანდარტები რასაც ჩვენ მოვთხოვთ, შეიძლება, ზოგიერთმა თქვას, რომ დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს და ა.შ. ჩვენ ამ ხარჯების დაზოგვის მიზნით, ნამდვილად ვერ წავალთ იმ რისკზე, რაც საბოლოოდ პაციენტის მომსახურებაზე ახდენს გავლენას და დაკავშირებულია მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.
ზურაბ აზარაშვილი: დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება იზრდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც. „დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. საშუალო ანაზღაურება მთლიანად 1000 ადამიანს შეეხება. ექთნების შემთხვევაში 100%-ით გაიზარდა მათი ანაზღაურება და დღეიდან მიიღებენ გაორმაგებულ ანაზღაურებას. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში და შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა პირველი აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ. ეს ბევრ კერძო კლინიკასთნ მიმართებაში საკმაოდ კონკურენტულია და გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ, ისევ დარჩენილია დაბალი ანაზღაურება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი: ოპერატიულად დავადგენთ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია 7 წლის ბავშვის გარდაცვალება
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „21-ე საუკუნეში, ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება“, - ამის შესახებ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მისი თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. „ძალიან სამწუხარო ფაქტია და ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ. უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ეს. ჩვენი რეგულირების სააგენტოს უკვე აქვს ასეთი მითითება, რომ არ დაველოდოთ კონკრეტულ შეტყობინებას კლინიკიდან, გამვლელიდან, ტელევიზიიდან და ა.შ. და როგორც კი მსგავსი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, გავიდნენ და ადგილზე შესწავლა დაიწყეს. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს შესწავლას, ასევე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ვფიქრობ, ძალიან მალე გაირკვევა თუ რატომ მოხდა ბავშვის გარდაცვალება. არ ვიცი სამედიცინო შეცდომასთან არის თუ რასთან შეიძლება იყოს კავშირში, თუმცა ასეთი მასშტაბის კლინიკებში აუცილებლად არიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ის შესაბამისი სერვისებიც წესით უნდა არსებობდეს, რომ ასეთ საგანგებო მდგომარეობაში ანესთეზიის დროს ასეთი რამე არ მოხდეს“, - განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, 4 აგვისტოს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება
"2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, პროგრამის დანერგვაში უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართული. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებთ, ასევე „რითეილის მარჟის“ გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს", - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანს მოუსმენენ, ინტერპელაციის წესით კი, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარასკევს, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება. „ინტერპელაციის წესით გაგზავნილია კითხვები ოთხ ადრესატთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, განათლების მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტთან და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. მიმდინარე კვირას იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. შესაბამისად, ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებენ პარასკევს მოსვლას. ამიტომ, ინტერპელაცია გადაიწევს ნოემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს, 18 ნოემბერს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ზურაბ აზარაშვილი: საზოგადოებრივ სამუშაოზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა
საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას - საზოგადოებრივ სამუშაოებზე 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. „20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“,- აღნიშნავს მინისტრი. ცნობისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა.
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ალი ქაან ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და გაიაფების ტენდენციაზე. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თურქეთის ელჩის მრჩეველი გიზემ თურქგენჯი-სევიმი.
ზურაბ აზარაშვილი: 2023 წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის, 80 მილიონი ლარია გათვლილი
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის 80 მილიონი ლარია გათვლილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „80 მილიონია გათვლილი სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას ეხება და მათ ანაზღაურებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.
„ნიუ ჰოსპიტალსში" მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა, „იაშვილში“ მყოფ კიდევ ერთ მოზარდს კი სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
„ნიუ ჰოსპიტალსში" მოთავსებული 13 წლის მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა. ზურაბ აზარაშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდი მალე დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მინისტრის თქმით, ბავშვი შესაძლოა, იაშვილის კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერონ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ზურაბ აზარაშვილი იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იტალიის ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ენრიკო ვალვომ, ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მინისტრმა, ელჩს სფეროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების ხედვები გააცნო. თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ, ზურაბ აზარაშვილს, იტალიაში, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
ზურაბ აზარაშვილი: პირველი ნოემბრიდან, ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ
ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველი ნოემბრიდან, DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. მინისტრის თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი. „დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, სწორი და აპრობირებული სისტემის დაფინანსებას. ეს არის დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისები, რომელთათვისაც ტარიფები იყო განსაზღვრული, დღეს უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფის და DRG-ის წონის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს მეთოდი არის ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებში დანერგილია. წელს იანვრიდან გავააქტიურეთ ეს საკითხი და როგორც გვქონდა დაანონსებული, უკვე პირველი ნოემბრიდან მზად ვართ, რომ ეს სისტემა გავუშვათ. ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ყოველწლიურად ჩვენ რასაც რეფერალის სისტემიდან ვაფინანსებდით ონკოლოგიურ შემთხვევებს, ესეც საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაგვაქვს და ყოველწლიურ ლიმიტს 20 000-დან 25 000 ლარამდე ვზრდით. ეს მომართვიანობის მინიმუმ 90%-ს დაგვიფარავს. აღნიშნული მოდელით ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტროლი იქნება და ამ კუთხით კლინიკას ფინანსური მოტივაციაც აღარ ექნება. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდებოდა ჩარევები და ფინანსური მოტივაციის გამო ხდებოდა იმაზე მეტი ჩარევა პაციენტის სამკურნალოდ, ვიდრე საჭირო იყო. DRG სისტემა ამ ყველაფერს გადააზღვევს, რადგან ერთი DRG კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებად გადახდა აღარ მოხდება. რაც შეეხება პაციენტს, მისი ჯიბიდან გადახდის დაზღვევა მკაცრად გაკონტროლდება. პირველი შემთხვევის დროს იქნება ჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკას შეეზღუდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება და ის ამ პროგრამიდან ჩაეხსნება. ეს იმაზე მკაცრი სანქციაა, ვიდრე ფულადი ჯარიმა კონკრეტულ შემთხვევაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ზურაბ აზარაშვილი: პირველი ნოემბრიდან, ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს. „DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს“, - აცხადებს ჯანდაცვის უწყება.
ზურაბ აზარაშვილმა ელჩთან ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების საკითხი განიხილა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ისაუბრეს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში საქართველოდან ისრაელში წასული პაციენტების მკურნალობაზე, გადაუდებელი მდგომარეობის დროს ეფექტიანი დახმარების სისტემის დანერგვასა და საქართველოში მაღალტექნოლოგიური ჩარევების დანერგვისთვის ადამიანური რესურსების გადამზადების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელი აქტიურად დაეხმარება საქართველოს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობასა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში. განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის საკითხიც. ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება - აზარაშვილი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. როგორც ცნობილია, პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. „რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, სამინისტრო, ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის ახალი მოდელის დანერგვაზეც მუშაობს - ინსულტის შემთხვევაზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან. აღნიშნული მოდელით, იმ შემდეგი გართულებების პრევენციას მოვახდენთ, რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დაჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტი“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება 1260, ექთნებისთვის კი, 792 ლარით განისაზღვრება
მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარით განისაზღვრება. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ ხელფასის ეს ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. „ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფო კლინიკებში საპილოტე პროექტადაც ვამუშავებდით. ასევე, მიმდინარეობდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისებზე გადახდით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან მიზანშეწონილია, განისაზღვროს ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა. ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში ეს არის დარიცხული 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში კი, დარიცხული 1260 ლარი. იყო სპეკულირება, რომ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს არის დაბალი იმ შრომასთან, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან. რასაკვირველია, ეს დაბალია, თუმცა არის მინიმალური და არა ფიქსირებული", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უცხოეთში დასაქმების პროგრამის გაფართოება იგეგმება - აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში წელს საქართველოს 500-მდე მოქალაქე დასაქმდა. „წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან - ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები, რათა კვოტები გაგვიზარდონ და ჩვენმა უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ დასაქმება სეზონურ და სხვადასხვა სამუშაოზე. ეს მათი შემოსავლის ზრდას და ქვეყანაში თანხების შემოდინებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა აზარაშვილმა.
დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება
დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ. „წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, - განაცხადა აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება, პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. მისივე განმარტებით, სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს.
ხელფასის გაორმაგების მოთხოვნა ყველას შეუძლია, მაგრამ მოთხოვნა შესაძლებლობის ადეკვატური უნდა იყოს - აზარაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს. „იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, მიმდინარე წელს იძულებული გავხდით, მინიმალური ხელფასები დაგვეწესებინა და განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასები. არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ადეკვატური, ღირსეული ხელფასია, თუმცა არის მინიმუმი ექთნის შემთხვევაში, 800 ლარამდე, ექიმის შემთხვევაში – 1 200 ლარის ფარგლებში. რაც შეეხებათ სასწრაფოს ექიმებს, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს ექიმს უკვე ათპროცენტიანი ზრდით აქვს 250 ლარი დარიცხული დღეში. ვგულისხმობ თითოეულ მორიგეობას; ასევე, გასული წლის განმავლობაში სამჯერ მივეცით მათ ეგრეთ წოდებული პრემია. ჩვენს უწყებაში შემავალ არც ერთ სხვა სამსახურს სამჯერ ასეთი პრემია, ბონუსი არ აუღია; დაზღვევასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა სპეკულაცია. ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ მათთვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შემუშავება. სულ მცირე, საშუალოდ ორჯერ არის გაუმჯობესებული პირობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რესპუბლიკურ და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოებში ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული, თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემის გამო. მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ სად და რა კონცეფციის უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის შემადგენლობაშიც ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილებაც იქნება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება, აქედან გამომდინარე, რამდენიმე რეფორმა დავიწყეთ. 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებშია ჩართული, საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. თბილისში არსებული ჩვენი ორი კლინიკა - რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა შეძენილი, აქტიურად ვარემონტებთ. აქ იქნება როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გუნდი მთლიანად გადავა ახალ კლინიკაში. ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე თვეში დასრულდება", - განაცხადა აზარაშვილმა.
გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად ვუმკურნალოთ - ზურაბ აზარაშვილი სააკაშვილზე
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა. „არა, არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პატიმრის უფლებები დაცულია პენიტენციურ სისტემაში. პენიტენციურ სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა არის მრავალპროფილური და აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს. ეს არის ჩემი პასუხი,"- განაცხადა აზარაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზადაა - აზარაშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის. როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიკამენტები ლაბორატორიაში გადამოწმდება და საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება. „შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან - აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები კლინიკის მენეჯმენტის გადაყენებას ითხოვენ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი „ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, იქ შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება. ამიტომ, სამედიცინო პერსონალს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იმავე პოზიციებზე, იგივე შემოსავლით და თუ ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდისთვის გავაგრძელებთ იმავე სახელფასო ანაზღაურების გადახდას. რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას, მოგეხსენებათ, რომ ნაწილის დემონტაჟია აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს შენობა არის 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული. დავტოვებთ ამ შენობის მხოლოდ შედარებით ახალ ნაწილს, სადაც განთავსდება ექიმების ნაწილისა და ადმინისტრაციული პერსონალის კაბინეტები, ხოლო იმ დარჩენილი შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც იქნება იმ სტანდარტების და შესაბამისობის, რაც 2025 წლიდან ყველა კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს. შენობას ეტაპობრივად უტარდებოდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, კოვიდის პერიოდშიც ჩატარდა კიდევ ერთხელ სარემონტო სამუშაოები და იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ეს შენობა მუდმივი რემონტის რეჟიმში შევინარჩუნოთ და თან დავაკმაყოფილოთ ხარისხისა და ინფექციის კონტროლის ის სტანდარტები, რასაც ჩვენ თვითონ სხვა კლინიკებს ვთხოვთ, აქედან გამომდინარე, ამის აუცილებლობა დადგა“,- განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“: თანამშრომლებს თუ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პერსონალის დასაქმებაზე. მინისტრის თქმით, პერსონალი ღირსეული ანაზღაურების გარეშე არ დარჩება. „ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს. „მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წყლების არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას.ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“ არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები. მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა, არაა სწორი. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. სამედიცინო დაწესებულება ადამიანებს მაღალ სტანდარტსა და სრულ სამედიცინო სერვისის შესთავაზებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკები უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. პროტესტი გრძელდება - „რესპუბლიკური ჩვენი სახლია", - ამ ლოზუნგით „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს.
ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ბაზების გახსნის ვალდებულებას არ აკმაყოფილებენ, სხვადასხვა სანქციას გამოვიყენებთ - აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც 15 მარტიდან ამოქმედებული გადაწყვეტილების თანახმად, მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ. მისივე თქმით, „ბოლო პერიოდში იყო უპასუხისმგებლო ფაქტები, თუმცა რეაგირების გარეშე არ დარჩება“. „ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 3 ათასამდე აფთიაქი და ბაზარზე 7 ათასამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. 15 მარტიდან ძალაში შევიდა, რომ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ვალდებულება აქვს, სამინისტროს თავიანთი ბაზები გაუხსნან და ვხედავდეთ, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე. შესაბამისად, მექანიზმები, რაც შეიძლება ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან, ფასების ხელოვნურად გაზრდასთან, ან რეფერენტული ფასწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს, შევიმუშავეთ. კომპანიები ერთვებიან. 15 მარტის შემდეგ ყველანაირი გონივრული ვადა, მათ შორის გაფრთხილებისთვის, გასულია. შესაბამისად, ყველა იმ კომპანიის მიმართ, დღეის მდგომარეობით, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს, სხვადასხვა სანქციას დღეიდან აუცილებლად გამოვიყენებთ. უფრო მკაცრი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ კომპანიებმა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიებები დაწყებული გვქონდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - აზარაშვილი
ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტრო: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი „ჩვენი კომენტარები და შეფასებები ამ შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ველოდებით. ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება. რესპუბლიკური საავადმყოფო იმ სტანდარტებში იქნება მოქცეული, რისი მიღწევაც კლინიკებს 2025 წლისთვის მოუწევთ. აქედან გამომდინარეა დაჩქარებული ის პროცესები, რაც შესწავლას გულისხმობს. არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ“,- აღნიშნავს მინისტრი.
მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა - აზარაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, სამინისტრო იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად აკონტროლებს და შეზღუდვები არ ყოფილა. „ვერც თურქეთში, ვერც სხვა კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. არა მხოლოდ თურქეთიდან, შეიძლება იმავე საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც – საიდანაც შემოდის მედიკამენტები. ჩვენ იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთიდან ყველაზე მაღალი იმპორტი არის მარტში. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი გასული წლის განმავლობაში აქტიურად შემოდიოდა. მარტში უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა, აპრილშიც წარმატებით გრძელდება. საელჩოს მეშვეობით მომწოდებლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენს კოლეგებთან და [დეფიციტის] არანაირი საფუძველი არ არსებობს. სადმე რამე თუ შეიზღუდა, იქნებოდა თანდართული ბრძანება. არ გაგიკვირდათ? რატომ არ კითხულობთ, რა არის შეზღუდული? ასე ხომ არ არის, ვიღაცამ თქვა და შეიზღუდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ გარკვეულ მედიკამენტზე თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
ზურაბ ზარაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები პროტესტს განაგრძობენ
ჯანდაცვის მინისტრისა და თამარ გაბუნიას შეხვედრაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან, ზურაბ აზარაშვილის იწყება ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები აღნიშნულ საკითხს ფრთხილად ეკიდებიან, რათა პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად გარანტირებული იყოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული წამლით მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას ეხება და ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას არ გულისხმობს. ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე. „აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ. ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს. აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით ხასიათდება. ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები. ისინი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან განაგრძობენ. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც 25 ათას ბავშვში ერთს აქვს და დიაგნოზის მქონე პაციენტების 80%-ს მდგომარეობა სპონტანური მუტაციის შედეგად უვითარდება. ამ დიაგნოზის დროს ბავშვის სიმაღლე დაბადებისას ნორმალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში ის თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება: ტანი ეზრდება, მაგრამ კიდურები - ხელები და ფეხები - მოკლე რჩება. თუმცა მთავარი პრობლემა არ არის მხოლოდ ამ ბავშვების სიმაღლე - აქონდროპლაზიამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გადაჭარბებული შიდა მრუდი (ლორდოზი), ტვინში სითხის დაგროვება (ჰიდროცეფალია), სუნთქვის გაძნელება, შუა ყურის ხშირი ინფექციები და სხვა მრავალი გართულება. მათ შორის, წონის ზეწოლის შედეგად, ქვედა კიდურების გამრუდება.
პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. ინორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ. 25 აპრილს სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ვიდრე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ყველა სხვა სერვისი მიეწოდებათ. ამის შესახებ 26 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ხელისუფლებამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი, იშვიათ დაავადებებზე მათ საბჭო შექმნეს, რომელსაც ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი და კლინიკურ გამოყენებაზე და კომპენსაციაზე გადაწყვეტილების მიღება ევალება. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ მთავრობამ [მედიკამენტის] მწარმოებელთან მოლაპარაკებების ინიცირება მოახდინა, მაგრამ ეს კონფიდენციალური მოლაპარაკებებია, ამიტომ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ის, რა შედეგი ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლაპარაკებები ინიცირებულია. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლება, საბჭო და ექსპერტები არ აპირებენ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ლოდინს. დღეს მოვისმინეთ, რომ ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ასეთი მკურნალობისთვის კლინიკურ პროტოკოლზე მუშაობა. ვიდრე პროტოკოლი და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სამინისტრომ, მთავრობამ, პარლამენტმა ვალდებულება აიღო, რომ ამ ბავშვებს ყველა სხვა საჭირო სერვისი მიეწოდებათ. ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სხვა პროცედურებსაც ეხება, მათ შორის სხვა ქვეყნებში- ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში. მაგალითად, ქირურგიულ პროცედურებს, ჰორმონალურ პროცედურებს. გადაწყდა, რომ ბავშვები კომპლექსურად იქნებიან გამოკვლეული და მათ ამ გართულებებისთვის პროცედურებს შესთავაზებენ”, - განაცხადა დომენტემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მშობლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას. პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა
სახელმწიფოს დაფინანსებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყება ივნისიდან შეეძლებათ - აზარაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობა ივნისიდან შეეძლებათ. „140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა მიდის შესაბამის პორტალზე. საკუთარ აზრს აფიქსირებენ. რამდენადაც მახსოვს, ხვალ თუ ზეგ სრულდება ეს პროცესი და გვეცოდინება კლინიკები, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სანამ საქართველოში პროტონოთერაპიის შესაძლებლობა გვექნება, ამასაც დავაფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში. შეთანხმებები დაიწყება ამ კლინიკებთან. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა მათ პროგრამულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების - ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა. ამასთან, მისივე თქმით, მშობლები და ბენეფიციარები სახარჯ მასალებსაც ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ და სხვადასხვა მისამართზე მისვლა აღარ მოუწევთ. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მარაგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს თბილისსა და რეგიონებში 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაზეც (CGM) ისაუბრეს, რომელიც დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბენეფიციარები Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს სამინისტრო თავად შეისყიდის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვის პროგრამის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბენეფიციართა მშობლებს შორის კომუნიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ეკა შარაძე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა გაიზარდა - მინისტრი
დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს. „მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად. პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა. მისივე განცხადებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. „იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულია 14 მილიონ ლარზე მეტი. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა ამავე მოსმენაზე ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით მოქმედებს.
ჯანდაცვის მინისტრი: ყველა მოქალაქეს, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და მკურნალობისკენ მოვუწოდებ
„მინდა, ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად შევძლოთ 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მიღწევა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შედეგად, უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. „გასულ წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება მოხდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფსიქიკური პაციენტების საწოლების რაოდენობა „მინიმუმ გასაორმაგებელია“
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების აღწერა დაიწყო. შედეგად, გაირკვა, რომ 1 500 საწოლფონდის ფონზე, მათი რაოდენობა სულ მცირე გასაორმაგებელია. მინისტრის განცხადებით, ბედიანში მყოფი ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან. „ქვეყნდღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა „მინიმუმ გასაორმაგებელია“. ბედიანში, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, 3-4 თვეში გვექნება 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან“, - განაცხადა აზარაშვილმა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, კახეთში, ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება. „კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ჩუტყვავილას ვაქცინის შემოტანა პრობლემა არ არის - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეს რეგულირების სააგენტო სრულყოფილად შეისწავლის. გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა „ჩუტყვავილასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება ვაქცინას, ის საქართველოს ისტორიაში კალენდარულ ვაქცინაციაში არ ყოფილა. ეს არის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული, მათ შორის 80%-იანი მოცვა უნდა იყოს, რომ შედეგს ეფექტიანად მივაღწიოთ. ვაქცინის შემოტანის პრობლემა არ არის, პრობლემაა ამ აცრებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან არ ყოფილა რეკომენდაცია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია დავიწყოთ. რეგულირების სააგენტო ამ საკითხს [4 წლის ბავშვის გარდაცვალებას] სრულყოფილად შეისწავლის და ძალიან მალე გვეცოდინება, რა მოხდა რეალურად“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში, სუროგაციის გარდა, ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაც იგეგმება
მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე, სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, აქამდე 120 ათას-ლარიანი ოპერაციიდან სახელმწიფო მხოლოდ 70 ათას ლარს ანაზღაურებდა. „ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 ათასი ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ. ხშირად ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს - აზარაშვილი
შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „კანონი მხოლოდ სუროგაციას არ ეხება. ის მოიცავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონი მომზადებულია ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემები გადაიჭრას. ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქვეყანაში სამწუხაროდ გვქონდა, უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს არაერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ მოხვდეს და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ბავშვის გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს შეიზღუდება და დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, შევეცდებით, რომ კანონი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ. ამ სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვები გვქონდა და ის კრიტერიუმები, რომლითაც პარლამენტში ამ კანონს განიხილავენ, ჩვენს რეალობაზე მორგებულია. ამ კანონის მიხედვით, ყველა რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს, დაზღვეულია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს - ჯანდაცვის მინისტრი
აზარაშვილი ეპილეფსიის მედიკამენტზე შესაძლო ხელოვნური დეფიციტის შექმნის საკითხს განმარტავს
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ მსგავსი ქმედება არის სამწუხარო ფაქტი. „რეალურად, მთელი გასული კვირის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი პრეტენზია იყო როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ საჭირო ერთადერთი მედიკამენტი იყო დეფიციტში, ვერ ნახულობდნენ ვერცერთ აფთიაქში. შესაბამისი რეაგირება მაშინვე მოვაყოლეთ. როცა ეს ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებსა და საწყობებში, აფთიაქებში არ იყო და საწყობებში დავინახეთ. კომპანიებს განზრახ არ ვამბობ, რადგან მოკვლევის ეტაპზეა. ათასობით კოლოფი იქნა საწყობებში ნანახი. აქ შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები, მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. სავარაუდოდ, ეს დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი, იქნებ გაზრდილიყო. ეს არის სამწუხარო ფაქტი. 7 ათასამდე მედიკამენტია ბაზარზე და ბაზაში. ჩვენ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვექნება. გამოვავლენთ და შესაბამისი რეაგირება იქნება სანქციების და ადმინისტრაციული კუთხით, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. კონკურენციის სააგენტო უფრო მეტ დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პრობლემა აღმოფხვრილია,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მისივე თქმით, რეფერენტული ფასი სამწუხაროდ, გაიზრდებოდა, საწყობში ეს ნაშთები უწყებას რომ არ აღმოეჩინა. „დღეს საწყობში საკმარისი მარაგებია, მომდევნო ერთი თვის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს,“- განაცხადა აზარაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრომ 20 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. „ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან. სამედიცინო დახმარების კუთხით, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, სხვადასხვა კვალიფიკაციის. ალტერნატიული გზა გაჰყავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ გზით მოხდება ადგილამდე მისვლა“, - აღნიშნა მინისტრმა. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მეწყერი იქ 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შეხვდნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებთან დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. მღებრიშვილის განცხადებით, მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და აღნიშნა, რომ სურვილს დაუკმაყოფილებენ. „ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თავად ნახონ, რა მძიმე სიტუაციაა. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, – განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა. ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის მოვლენები არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პროცესებია. „ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა, ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე. პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს ფაქტობრივად გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის. მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია, საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი. ამ ეტაპზე ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება, განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართარა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა, იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები,“– განაცხადა ირაკლი მეგრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრი: ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, მთელ მსოფლიოში, „კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს.“ ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს. „განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე - საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო - ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით. ასევე წაიკითხეთ: NCDC: საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული თენგიზ ცერცვაძე: შეინიშნება COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია
შემოწმებული კლინიკების 20%-ს რეანიმაციის და ქირურგიის ნებართვები შეუჩერეს
საქართველოში შემოწმებული კლინიკების 20% რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც დარღვევები გამოვლინდა, ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. „შემოწმებული კლინიკების დაახლოებით, 20% ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. არ იყო იქ მხოლოდ რეანიმაცია, იყო ქირურგიის სტანდარტიც და მათ შესაბამისი ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ. ზოგს ან რეანიმაცია, ან ქირურგია, თუმცა, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, ასე დავარქმევდი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა ისედაც სრულად უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე
ჯანდაცვის მინისტრმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში - ბრალდება ძალიან მძიმეა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა, რომ აღნიშნული 4 კომპანია მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. „დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში საფუძვლიანი ეჭვებისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის შედეგები. ეს შედეგები ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და ჩვენი მოსახლეობა დავამშვიდო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარსადგენად. „ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და ამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი გვაქვს და სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა და ადამიანები მედიკამენტების გარეშე რჩებოდნენ,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა - “ავერსის”, გეფას (ჯი პი სი და “ფარმადეპო”), პსპ-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა. ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა. დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული; გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები; გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს ხელოვნური საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს
„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, ფასების მკვეთრი ზრდა-მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული,“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება. „სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე კონკურენციის სააგენტომ "ავერსი", "პსპ", "გეფა" და "მერმისი" ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმდა. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ჯანდაცვის მინისტრი გრიპზე: პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ - კლინიკები გადავსებული არ არის და ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არსებობს. მინისტრის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია. „ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება - ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა აზარაშვილმა. კლინიკების შესაძლო გადავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს. „არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ივანე ჩხაიძე: ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა
როგორ მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები
უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ათასამდე მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემენ. პროგრამა ორ წელს მოიცავს და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს ოჯახი სამი და მეტი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მრავალშვილიან ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასებს კომისია, რომელიც დევნილთა სააგენტოში შეიქმნება. „ოჯახები განაცხადს შეიტანენ ჯანდაცვის სამინისტროს მუნიციპალურ ცენტრებში. ჩვენ მუნიციპალიტეტებიდან გვაქვს ინფორმაცია და, სავარაუდოდ, ასეთი ოჯახები აღრიცხულია. ამის საფუძველზე პროაქტიულად ჩვენ თვითონაც მივმართავთ და თვითონაც შეძლებენ განაცხადის შეტანას." შეკითხვას, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, აზარაშვილმა უპასუხა: „რადგან საარჩევნო წელია, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა: სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტებიდან, პროექტის დიზაინზე მუშაობა და სხვ. წელს უკვე იწყება ეს პროგრამა და შესაბამისად, არანაირი კავშირი საარჩევნო წელთან არ აქვს, მით უმეტეს გაუგებარია, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. თანხა გამოიყოფა კონკრეტული მიზნობრიობით," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. აზარაშვილის განმარტებით, სამინისტროს აქვს შესაბამისი ოჯახების ბაზა, თუმცა მუნიციპალური ცენტრებისთვის განაცხადით მიმართვა თავად მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს,“ იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე: ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, რაშიც დავრწმუნდი რესპუბლიკურის მაგალითზე
რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა, ამ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მედიასთან განმარტავს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით. „მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა,“ - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს და აღნიშნავს, რომ მათ შორის საკითხი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან განიხილება. „ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია ხომ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის წარმომადგენელი. ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე,“ - განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა აღნიშნა, რომ სხვა მინისტრების საქმიანობით კმაყოფილია და მინისტრების ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „ყველაფერი არის პროცესი, მაგრამ დღეს მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით მე პირადად კმაყოფილი ვარ, როგორც გასული წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობით,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ვიცი, თავად მინისტრს და ასევე, პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, დაპირისპირება არ არის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მთავრობის ხელმძღვანელი არის ირაკლი კობახიძე და შესაძლოა, ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი,“ – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაპირისპირება მასსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს შორის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი დაპირისპირება არ არის. „პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. მე მოვისმინე, რაღაც სხვა განცხადებებიც, თითქოს, ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვეს. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი. აი გესმით?! ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის. „მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. რამდენიმეს ჩამოგითვლით. მაგალითად, იცით, რომ სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა. თურქეთის ბაზარი იქნება, თუ რეფერენტული ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე. მოვედით, გავაკეთეთ. შედეგად, 400 მლნ ლარზე მეტი დაეზოგება ჩვენს მოსახლეობას. 400 მლნ ლარით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი ფარმა მაფიის და ფარმა კრიმინალების მიერ. ამას გარდა, იცით, რომ თავად ზურაბ აზარაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით გამოვლენილი იქნა ფარმა დანაშაულები, კარტერული შეთანხმებები. ამის შედეგად, ეს მსხვილი კომპანიები დაჯარიმდა 53 მლნ ლარით. იგივე DRG-ის სისტემა. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. მე სხვა პიროვნება ვარ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა.
აზარაშვილმა თანამდების დატოვების შემდეგ განცხადება გაავრცელა
„რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო - ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ, შესაცვლელი პროპორციაა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ზე წერს. აზარაშვილის თქმით, მისი გუნდის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა, ერთდღიან პიარაქტივობაზე. „მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა. რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა, რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე. ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი, ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა. წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად,“ - წერს აზარაშვილი.