თეგი: ზურაბ ბატიაშვილი
ზურაბ ბატიაშვილი: შესაძლებელია, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მსგავსი ალიანსი შეიქმნას
უკრაინის ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური პროცესების ცვლილება, ჩვენს რეგიონშიც შეინიშნება. მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციების გაზრდას და გაძლიერებას სახელმწიფოები უკვე აქტიურად ცდილობენ. როგორი შეიძლება, იყოს მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურები? რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ არქიტექტურაში და რა სახის ახალი ალიანსები შეიძლება, შეიქმნას? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. ET: უკრაინის ომში რა მოცემულობა გვაქვს დღეს, არსებული სიტუაცია რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა? - სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ გარკვეულწილად, ჩიხური მდგომარეობა შეიქმნა და არცერთ მხარეს, გადამწყვეტი უპირატესობა არ აქვს. კარგი ის არის, რომ დრო უკრაინის მხარეს მუშაობს, რომელიც დასავლურ შეიარაღებას და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს. ეს შეიარაღება დიდი რაოდენობით, უკრაინაში მაისის ბოლოსკენ იქნება. რაც უკრაინულ მხარეს, კონკრეტულ ადგილებზე კონცენტრირების შესაძლებლობას მისცემს, შემდგომში საარტილერიო დუელების გასამართად. ძალიან მარტივად პროგნოზირებადია, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ერთმანეთს უპირსპირდება მე-20 საუკუნის საბჭოთა ტექნიკა და 21-ე საუკუნის დასავლური ტექნოლოგიური მიღწევები. ძნელი გამოსაცნობი არ არის უპირატესობა, რომელ მხარეს ექნება. შემდგომში, სწორედ ამ უპირატესობის რეალიზაცია იქნება საჭირო, ანუ, ისევ იმ ტანკებით და იმ ჯავშანმანქანებით შეტევა მოხდება, რომელსაც ასევე დასავლეთი მიაწვდის უკრაინას. რეალურად, სადღაც მომავალი ერთი თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია ასეთი იქნება. რუსეთი, რა თქმა უნდა, ახალი ძალების მოზიდვას შეეცდება. ეს შეიძლება, გააკეთოს მობილიზაციის სახით, ან გამოუცხადებელი ფარული მობილიზაციის სახით, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი „საზარბაზნე ხორცის“ გამოყვანა იქნება და მეტი არაფერი. დასავლურ ტექნოლოგიურ მიღწევებს ვერ გაუჩერდება, მით უმეტეს, ძველი შეიარაღებით და ნაკლებად მოტივირებული ჯარით. უკრაინელებმა რუსეთს კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილები უკვე გაუნადგურეს და ახლა ვისაც გამოიყვანს, ნაკლებად მომზადებული სამხედრო ნაწილებია. რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებად მომზადებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანა მოუწევს. ამიტომ, შეიძლება, ომის მესამე ეტაპიც დაიწყოს. მესამე ეტაპი რუსეთის სამხედრო ნაწილების სასაკლაო იქნება. ET: ამერიკული დაზვერვა გაჭიანურებულ ომზე მიანიშნებს. რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს შეშლილი მეთაურის და სახელმწიფო მანქანის მოქმედებების პროგნოზირება რა თქმა უნდა, რთულია. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვხედავთ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებენ, ამის ნიშნები არ ჩანს. ომი მინიმუმ რამდენიმე თვე გაგრძელდება, ვიდრე ვიღაც რუსეთში პუტინის წინააღმდეგ არ იტყვის რამეს და არამხოლოდ იტყვის, ქმედებებსაც დაიწყებს. ET: როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სად არის საქართველოს ადგილი და როგორ უნდა მოიპოვოს ეს ადგილი? ომი ისევ მიმდინარეობს და მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჯერ მხოლოდ კონტურებს ვხედავთ, რომელიც ამ ომის შემდეგ შეიქმნება. ძირითადად, ეს იქნება ის, რაზეც უკრაუნული მხარე საუბრობს ხოლმე. ეს არის მცირე ალიანსების საკითხი, როგორიცაა, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი, რომელიც მომავალში, შეიძლება გაიზარდოს. ასევე, უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებსაც უკრაინა ითხოვდა და ითხოვს - როდესაც რამდენიმე ძლიერი ქვეყანა უსაფრთხოების გარანტად გამოდის და მასზე თავდასხმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვალდებულებას იღებს, უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში, ყველანაირად დაეხმაროს. ვამბობ ამ არქიტექტურის მონახაზს. ეს ახალი არქიტექტურა რა სახის იქნება, ჯერ არავინ იცის. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობიდან გარიცხავენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ასევე საუბარია იმაზეც, რომ გაერომ საბოლოოდ ამოწურა თავისი თავი. ახალი ალტერნატიული გაერთიანების შექმნაც განიხილება. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „ერთა ლიგა“ შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, ამ ლიგამ თავის თავი ამოწურა და გაერო შეიქმნა. რუსეთ-უკრაინის ომიც, ამ მასშტაბის მოვლენაა. უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც სწორედ ამიტომ საუბრობენ და სრულიად შესაძლებელია, ახალი ასეთი ორგანიზაციები შეიქმნას, რომლის მთავარი მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ვნახეთ, გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა საკუთარი შესაძლებლობებით ეს უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს. უსაფრთხოების სფეროში შექმნილ გამოწვევებს ვერ უპასუხეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ის, რომ საგარეო პოლიტიკაში, უფრო მეტად აქტიური იყოს და არა პასიური. რაც შეიძლება ხშირად გაიტანოს ის თემა, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, ჯერ აფახაზეთის ომით, მერე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომით და სწორედ ამის გაგრძელებაა უკრაინის ომი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად მსოფლიო დღის წესრიგში იყოს. მუდმივად უნდა ვითხოვდეთ დეოკუპაციას და იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩაბმას, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მაგრამ სულ ახლახან დაიწყო მასზე საუბარი. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურები უნდა ვიყოთ. თუ როგორი იქნება უსაფრთხოების ამ არქიტექტურის კონტურები, შემდგომში ის დაგვანახებს, საქართველომ უფრო კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს. ერთი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და აუცილებლად იქნება, არის ის, რომ საქართველო ახალ ფუნქციას შეიძენს, თუნდაც, ტვირთების ტრანსპორტირების საკითხში და ანაკლიას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. ანაკლიის პორტი აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩქარდება. შექმნილმა სიტუაციამ ეს შესაძლებლობა მოგვცა და საქართველოსთვის ძალზედ ბევრი პერსპექტივა შეიძლება, შეიქმნას, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მხოლოდ იდეები კი არ უნდა გამოვთქვათ, არამედ, მთელი სახელმწიფო მანქანა, დიპლომატიური კორპუსი მზად უნდა იყვნენ ამ საკითხების გასატანად და დასაყენებლად. ET: აზიის ქვეყნები, ევროპისკენ სახმელეთო, სარკინიგზო ტვირთგადაზიდვებისთვის, ძირითადად, რუსეთის სატრანსპორტო დერეფანს იყენებდნენ. ამ ომის შემდეგ, რა იცვლება სატრანსპორტო დერეფნების კუთხით და საქართველომ ეს პერსპექტივები როგორ უნდა გამოიყენოს? რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განეხორციელებინა და მომავალში რა უნდა განახორციელოს? ეს რეალურად შეცვლილიც არის, ბოლო პერიოდში საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა 28 პროცენტით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გავლით, აზიური ტვირთების გადამისამართება უკვე ხდება. რუსეთი-ბელორუსის გავლით ტვირთების გადაზიდვა უსაფრთხო აღარ არის. თან უკვე რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციებიც მოქმედებს, ამიტომ, სხვა ალტერნატივა არც რჩებათ. ტვირთების გადამისამართება ჩვენს ქვეყანაზე გავლით ხდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც უფრო მეტად დაიტვირთა, რა თქმა უნდა, ჯერ სრულად არა, უფრო დიდი პოტენციალიც აქვს. დღეს თუ შევხედავთ, მსოფლიოში, აშშ-ის გარდა, ორი დიდი ეკონომიკური ბაზარია, რომელიც ვითარდება - ჩინეთი და ევროპა, მათ შორის დამაკავშირებელი უმოკლესი და სწრაფი გზა კი საქართველოზე გადის. ეს გზა გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო გადაზიდვები. ET: იყო საუბარი იმაზე, რომ თუ ამერიკამ ირანს დაწესებული სანქციები მოუხსნა, შესაძლოა, ირანმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება მოისურვოს. რამდენად რეალურია და ამის დადებითი და ასევე, საფრთხეების შემცველი მხარეები რა შეიძლება იყოს? -ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ირანმა და აშშ-მ მოლაპარაკება შეძლონ. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ძალზედ მძიმედ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, ხელშესახები პროცესი არ არის. ირანს სანქციებს თუ მოუხსნიან, საქართველო ამით მხოლოდ იხეირებს, არამხოლოდ ტრანსპორტის მიმართულებით, თუნდაც ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის ექსპორტის მხრივ, ირანს დიდი პოტენციალი აქვს. ET: როდესაც ევროპა რუსული გაზის და ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას ცდილობს, შესაძლოა, მოლაპარაკებებს ამ ფაქტორმაც შეუწყოს ხელი? რამდენად შეიძლება, იქონიოს გავლენა, ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და სანქციების მოხსნაზე? ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი ფაქტორი, რომლის გამოც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თვალის დახუჭვას შეძლებენ. დასავლეთის მხრიდან სერიოზული ეჭვია, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დროს, ხომ არ ხდება მისი სამხედრო დანიშნულებითაც გამოყენება. დასავლეთს და მის მოკავშირე ისრაელს არ სურს, რეგიონში, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო გაჩნდეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა და ამის ხარჯზე სანქციების შემსუბუქება ვერ მოხდება. ET: უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, თურქეთის პოზიცია რას ცვლის რეგიონში? ომის შემდგომ, ჩვენს რეგიონში თურქეთის როლი როგორი შეიძლება იყოს და საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს? რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით, ორი რამ არის გასათვალისწინებელი. თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, რომელსაც შავ ზღვაზე თავისი ინტერესები აქვს და ასევე, საბჭოთა კავშირის აღდგენაც არ სურს. აქედან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ, უკრაინას მხარს უჭერს და შეიარაღებასაც აწვდის. ეს ერთი განზომილებაა. მეორე განზომილებაა, რომ თურქეთს ახლა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ამიტომ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა არ სურს. ამასთან, ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულია. ასევე, ტურიზმის სფეროში, რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელი გახდება ომის პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა. ამიტომ, თურქეთი ყოველთვის სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის და ერთ-ერთი შეხვედრაც თურქეთში გაიმართა. მიუხედავად სამშვიდობო ინიციატივებისა, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა და ჩაკეტილი აქვს როგორც დარდანელის, ასევე, ბოსფორის სრუტე, რის გამოც, სირიაში ბაზირებული რუსული სამხედრო ფლოტი, შავი ზღვის გავლით ომში რუსეთის დახმარებას ვერ ახერხებს. ამ ომის შემდეგ, რეგიონში სიტუაცია რა თქმა უნდა შეიცვლება. ზუსტად არავინ იცის, როგორი კონფიგურაცია იქნება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველას ახალ რეალობაში მოუწევს არსებობა, ფიქრი და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, სადაც თურქეთს რა თქმა უნდა, თავისი როლი ექნება. იმისთვის, რომ ამ ახალ არქიტექტრაში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ თურქეთთან ერთად მუშაობა აუცილებლად მოგვიწევს. მეზობელი ქვეყნები ვართ, NATO-ში გაწევრიანება გვსურს, თურქეთი კი NATO-ს წევრი ერთადერთი უშუალო მეზობელ ქვეყანაა. ამიტომ, მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება. იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც ამ გეოგრაფიულ გარემოში უნდა არსებობდეს, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, შესაძლებელია ისეთივე ალიანსი შეიქმნას, როგრიც არის ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი. თურქეთთან ერთად ახალ ალიანსში, შეიძლება, იყოს ბრიტანეთიც. ამას უბრალოდ იდეის დონეზე ვამბობ, ან შეიძლება უკვე არსებულ ამ სამი ქვეყნის ალიანსს მიუერთდეს თურქეთიც და საქართველოც. ET: რაც შეეხება 3+3 ფორმატს. ამ ომის შემდგომ, შესაძლოა თუ არა, ამ ფორმატის იდეაც შეიცვალოს და ახალი მოცემულობა მივიღოთ, რუსეთის გარეშე? 3+3 საქართველოსთვის, ყოვლად მიუღებელი ფორმატი იყო, რადგან რუსული პროექტია და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ ითვალისწინებდა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაშინ სხვადასხვა ფორმატზე მოლაპარაკება და ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება შეუძლებელია. რაც შეეხებ რუსეთის გარეშე რაიმე ფორმატს. რუსეთის გარეშე, მის გარეშე ყველა ქვეყანასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობებს რაიმე ფორმატი რომ არ დავარქვათ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პრინციპები. რა პრინციპებზე იქნება აგებული ეს თანამშრომლობა. თუ რომელიმე ქვეყანა, შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაშინ როგორ უნდა მიიღო მასთან თანამშრომლობა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, კი ბატონო, მაშინ შეიძლება საუბარი და ასევე შეიძლება საუბარი იმაზეც, რომ 3+3 ფორმატს, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დაემატონ - ევროკავშირი ან აშშ. თუმცა, აქ პრობლემა არის ის, რომ ირანი სანქცირებული ქვეყანაა და მასთან ამ ეტაპზე ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობის წარმოება შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენი ყოველწლიური ვაჭრობა ირანთან, სიმბოლურ ხასიათს ატარებს. 80 მილიონია, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა კი, 2 მილიარდია. ირანსაც აქვს იმის პოტენციალი რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ამ დონეზე გაიზარდოს. თუმცა ეს ვერ მოხდება, ვიდრე სანქციების ქვეშ არის, სანქციები პოლიტიკურ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. ამ რეგიონული თანამშრომლობის სხვა ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, სომხეთსა და თურქეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ ისევ არ არის დამყარებული. საკითხები და პრობლემები ბევრია. ET: სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები რა ეტაპზეა? - ამ წუთას მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. კარგი ის არის, რომ თუ აქამდე მათი შეხვედრები რუსეთის სპონსორობით ხორციელდებოდა, ახლა ბოლო შეხვედრა, ბრიუსელში, ევროკავშირის ეგიდით შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ, საინტერესო რამ მოხდა. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს, რასაც სომხეთში პრობლემები მოჰყვა. დღესაც გამოსვლებია და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, რადგან მის ამ განცხადებას ყარაბაღის ჩაბარებად მიიჩნევენ. სომხეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარეებს შორის, ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი დაწყებულია და შედეგებს დაველოდოთ, ვნახოთ. პრობლემები, სირთულეები ბევრია, მაგრამ მეზობლებს ალტერნატივა არ აქვთ. თუ მეზობელთან არ საუბრობ და არ თანამშრომლობ, მაშინ მისი ალტერნატივა ომია. ომი კიდევ არავის გვაწყობს. რეალისტები უნდა ვიყოთ, რეალურად შევხედოთ მოვლენებს. ვფიქრობ მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელობაც ყველაზე ლოგიკურ შედეგამდე მივლენ. ET: ევროკავშირის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანის ეს განცხადება ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ახლა სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და სომხეთი, კონკრეტულად კი ფაშინიანი, ამით სარგებლოს? რა შეიძლება, შეცვალოს ამ გარემოებამ? რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ფაშინიანის ოპოზიცია რამდენად შეძლებს მოლაპარაკების ამ პროცესის შეფერხებას? რუსეთს სომხეთისთვის ახლა ნაკლებად სცალია, მაგრამ სომხეთში მაინც არიან პორუსულად განწყობილი ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ და ფაშინიანის წინააღმდეგ, საპროტესტო პროცესი მაინც დაწყებულია. თუმცა მეორე მხრივ, ყველა უყურებს და აკვირდება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მათ შორის რუსეთის ახლო სამეზობლოდ მიჩნეული ტერიტორიებზე შემდგომი კონფიგურაცია. ისევე როგორც ამ ომის შემდეგ სრულიად ახალი მსოფლიო გვექნება. ET: მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაზრდელად რა უნდა გაკეთებულიყო აქამდე და რა უნდა გაკეთდეს მომავალში? რა შესაძლებლობები დავკარგეთ და რა პერსპექტივების გამოყენება შეგვიძლია ჯერ კიდევ? ბევრი რაღაცისთვის მზად არ ვიყავით, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. კონკრეტულად, აზიიდან წამოსული ტვირთების ტრანსპორტირებას რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენს მთავარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას სატრანსპორტო დერეფანი წარმოადგენს და ამ დროს, უკვე რამდენი წელია, საქართველოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გზა ვერ გავაკეთეთ. 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ იმაზე, რომ სატრანსპორტო ფუნქცია უნდა გვქონდეს და ქვეყნის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლომდე შესაბამისი გზა ჯერ კიდევ არ გვაქვს.
ზურაბ ბატიაშვილი: როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, კრემლი გარკვეული სახის შეთანხმებას მოითხოვს
რუსეთის შეჭრიდან მეექვსე თვეს, კიევმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე განადგურებული რუსული ტექნიკის ხრეშჩატიკზე გამოტანით აღნიშნა. მოსკოვის გეგმები სრულმასშტაბიანი ომიდან მეექვსე თვეს კვლავ გეგმად რჩება, თუმცა უკვე მნიშვნელოვნად შემცირებული რესურსის პირობებში. ამ ფონზე, ანალიტიკოსები თვლიან, რომ დრო ახლა კიევის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან რუსეთი ყოველდღიურად კარგავს უკრაინაზე შეტევისთვის საჭირო რესურსს. როგორც „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი Europetime-თან ინტერვიუში ამბობს, ექვსმა თვემ აჩვენა ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური გეგმები ჩაიშალა, რადგან რუსეთის გეგმები გათვლილი იყო მაქსიმუმ, ორ-სამ კვირაზე და „სამხედრო ოპერაცია“ კი, რომელიც მოსკოვის გათვლებით, მალე უნდა დასრულებულიყო, გრძელვადიან ომში გადაიზარდა. „უკრაინამ აჩვენა, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია; რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც აღმოაჩნდა ნება იმისა, რომ წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის - ამან იმუშავა და უკრაინელებმა რუსეთის წინსვლის შეჩერება შეძლეს. ახლა, დრო რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს იმიტომ, რომ ყოველი დღე, როდესაც უკრაინა უძლებს, აძლიერებს მას და რუსეთის იმპერიალისტური გეგმების განხორციელებას შეუძლებელს ხდის“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი. „ნებისყოფის ომი“ და კრემლის „კეთილი ნება“ ომიდან 6 თვის თავზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და ომის განმავლობაში მეორედ, რუსეთი „კეთილ ნებაზე“ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ SCO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეტევის ტემპი შენელდა. შოიგუს მტკიცებით, ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რაც „სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების“ სურვილით აიხსნება. „კეთილ ნებაზე“ საუბრობდა მოსკოვი მაშინაც, როდესაც კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა. ამის პარალელურად, კიევის უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეიკრიბნენ, „ნებისყოფის ომზე“ მიუთითეს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ, ერთხმად დააფიქსირეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაიღლება და უკრაინას მიაწვდის სამხედრო დახმარებას, სანამ ეს საჭირო იქნება. „როგორც ყოველთვის, რუსეთს სჩვევია ხოლმე, თითქოს, „კეთილი ნების“ გამოჩენა. რეალურად, ეს არავითარი კეთილი ნება არ არის. ეს არის უკრაინელების, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შეჩერებული რუსული სამხედრო წინსვლა, რასაც რუსეთი „კეთილი ნებით“ ხსნის. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს მათი „კეთილი ნება“. ეს არის რუსეთის იძულებითი ნაბიჯები, რუსეთს რესურსები აღარ აქვს, რომ უკრაინას შეუტიოს და რაიმე სახის წარმატება მოიპოვოს უკრაინაში“, - თვლის ზურაბ ბატიაშვილი. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს. თუმცა მკვლევრებისთვის ამ ვარაუდს ნაკლებად ამყარებს რუსეთის რესურსებზე არსებული ცნობები. „რუსეთს არ აქვს რესურსები არც ადამიანური და არც სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით. არავინ აპირებს მის დახმარებას ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. თუ იმაზეა საუბარი, რომ მოხალისეთა რაზმები, რომლებიც ორკვირიან მომზადებას გადიან და ისე შეჰყავთ უკრაინაში, ეს უბრალოდ, „საზარბაზნე ხორცის“ შეყრას გავს, რადგან მოგეხსენებათ, ორი კვირა არ არის საკმარისი დრო, როცა შესაძლებელია სამხედროების მომზადება. რუსეთს ყველაზე კარგად მომზადებული ნაწილები დაეხოცა, ახლა მიდის ნაკლები ხარისხის ჯარის „გადახარშვა“. კარგავენ როგორც ცოცხალ ძალას, ისე სამხედრო ტექნიკას“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. ამ ყველაფერს ემატება დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის აქტიურად მიწოდება და ანალიტიკოსის აზრით, ამ პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას უნდა ველოდოთ. „ყოველდღიურად ვხედავთ შემცირებულ რუსულ სამხედრო შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდება გაგრძელდება. არავინ არ აპირებს, რუსეთს შუა გზაზე შეატოვოს უკრაინა და კონფლიქტის დაწყების დღიდან, დასავლეთი დგას, იდგა და მომავალშიც დადგება უკრაინის გვერდით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში“, - დარწმუნებულია „რონდელის ფონდის“ მკვლევარი. რუსეთი მოკავშირეების გარეშე ხსენებულ პროგნოზს ექსპერტისთვის კიდევ უფრო ამყარებს ფაქტი, რომ „იმედების“ მიუხედავად, რუსეთი მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი. „რუსეთი მარტო დარჩა, თუ არ ჩავთვლით ოდიოზურ ფიგურებს, მაგალითად, ლუკაშენკოს, რომელიც რუსეთის მხარდამჭერია. რეალურად, რუსეთს მოკავშირე არ ჰყავს - იმედები იმის შესახებ, რომ თითქოს, ჩინეთი დაეხმარებოდა და მესამე სამყარო დაუდგებოდა გვერდით, ფუჭი აღმოჩნდა. ეს ასეც იყო მოსალოდნელი. არავინ არ აპირებს, სამარეში ჩაყვეს პუტინს. არავინ არ აპირებს, სამარეში ჩაყვეს რუსეთს“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი Europetime-თან. მოლაპარაკებების პერსპექტივა „რონდელის ფონდის მკვლევარს ასევე ვკითხეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების პერსპექტივაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, რა თქმა უნდა, ისინი (მოსკოვი) მოითხოვენ „რაღაც სახის“ შეთანხმებას, თუმცა ეს არა უკრაინის, არამედ, რუსეთის ხარჯზე მოხდება. „ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ რუსეთი ითხოვს უკრაინის კაპიტულაციას და ეს არასდროს მოხდება. შემდგომში, როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, რა თქმა უნდა, ისინი მოითხოვენ რაღაც სახის შეთანხმებას, ოღონდ, ეს რაღაც სახის შეთანხმება არ იქნება უკრაინის ხარჯზე, ეს იქნება რუსეთის ხარჯზე. დღეს რუსეთი ცდილობს, ტაიმ-აუტის აღებას იმისთვის, რომ ამოისუნთქოს და შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები და შემდგომი ეტაპისთვის, უფრო ძლიერი შეტევისთვის მოემზადოს, მაგრამ ამას არავინ არ მიიღებს უკრაინაში. კიევის მოთხოვნა მკაფიოა - უკან დაიხიონ და გაათავისუფლონ ოკუპირებული ტერიტორიები რუსებმა. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოლაპარაკება შესაძლებელი. ამიტომ, ახლა რუსეთის ნებისმიერ მცდელობებს, რომ მისი პირობებით მოილაპარაკოს, არავინ არ დათანხმდება. არავინ არის ასეთი მიამიტი, რომ რუსეთის ამ გეგმას დაჰყვეს“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.