თეგი: თავდაცვა
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა. „საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველო ამერიკული „ჯაველინების“ ახალ პარტიას შეისყიდის
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის JAVELIN-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. „როგორც ცნობილია, 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის JAVELIN-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა JAVELIN-ს გამარტივებული წესით შეისყიდის. თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ JAVELIN-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის. მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართავს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო
უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვის Twitter-ზე გავრცელდა. „მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიას ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!“ - აღნიშნულია მინისტრის Twitter პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
ამერიკამ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, $1.2 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
აშშ-ის საელჩომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აშშ აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში. „შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში. ჩვენ ახლახან გადავეცით საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა. ეს ნაწილია წვრთნისა და აღჭურვის მიმდინარე მრავალწლიანი პროგრამისა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ხელმძღვანელობს. აღნიშნული ემატება აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევას, ქართველ პარტნიორებთან ერთად ხელი შეუშალოს ამ იარაღების, მათთან დაკავშირებული მასალისა და სისტემების გავრცელებას. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სხვა პროექტებთან ერთად ეს ყოველივე აძლიერებს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და გააუმჯობესოს შავი ზღვის რეგიონის საერთო უსაფრთხოება“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის ძალებს „დიდგორის“ ტიპის კავშირგაბმულობის ჯავშანმანქანები გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული შვიდი ერთეული „დიდგორის“ ტიპის მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანა გადაეცა. ჯავშანმანქანების გადაცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენილი ჯავშანმანქანები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. „შვიდი ერთეული ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა. კავშირგაბმულობის მანქანის ეკიპაჟი ოთხი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ჯავშანმანქანა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება. ინტეგრირებული ქსელების მანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან და აფეთქებისგან დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს. ინტეგრირებული ქსელების მანქანა „დიდგორების“ ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც „დელტას“ სპეციალისტების მიერ შეიქმნა და ქართულ თავდაცვის ძალებს გადაეცა. სამომავლოდ, აღნიშნული ჯავშანმანქანებით თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფა კვლავ გაგრძელდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
აშშ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარების მიზნით, $180 მილიონს გამოყოფს
$1,5 ტრილიონის ოდენობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტის ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს მოაწერა ხელი, შეერთებულმა შტატებმა ბალტიის ქვეყნებისთვის, ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და ლიეტუვისთვის $180 მილიონიანი დახმარება დაამტკიცა. „კონგრესის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ჩვენი რეგიონის დაცვის უზრუნველყოფის ერთგულია და მკაფიოდ ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ასევე იწყება ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვიდან“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა. ცნობისთვის, გასულ კვირას რეგიონს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია და ბალტიის სამი ქვეყანა NATO-სა და ამერიკის მხარდაჭერაში დაარწმუნა.
რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში NATO-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი. გამოიკვეთა განგრძობითი და მზარდი თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც NATO-ს, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა საქართველოსთვის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. ამავე თემაზე ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ
NATO და საქართველო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ურთიერთობებს აძლიერებენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები საქართველოში ვიზიტით მყოფ, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ. პარლამენტის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს NATO-ს გაფართოების გადაწყვეტილების გადაუდებელ საჭიროებაზე და მასში საქართველოს ინტეგრაციაზე. „შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებას, განსაკურებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა, კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ჯეიმს აპატურაისთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დღესვე, თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინა. ამავე თემაზე რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ
ჯუანშერ ბურჭულაძე: „დელტას" ბაზაზე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ
„წლის ბოლომდე, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე ჩვენ უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, სადაც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა. „უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა საქართველოში NATO- ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი" მზადდება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი. დავისახეთ 10-წლიანი გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებსა და წვრთნების გაზრდილ დინამიკაზე.
იაპონიის და ტაილანდის ლიდერებმა თავდაცვის ახალი შეთანხმების შესახებ განაცხადეს
იაპონიისა და ტაილანდის ლიდერებმა ახალი თავდაცვის შეთანხმების შესახებ განაცხადეს და დასახეს გეგმები, გააუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური ურთიერთობები. შეთანხმება ხელს შეუწყობს თავდაცვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გადატანას იაპონიიდან ტაილანდში, რომელსაც აქვს რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე აღჭურვილი არმია და შეერთებული შტატების არმიასთან კავშირების ხანგრძლივი ისტორია. გარიგების დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. „ეს ხელს შეუწყობს ეროვნული თავდაცვის გაუმჯობესებას და იაპონიის ინვესტიციების მხარდაჭერას ამ საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანი მიზანია ტაილანდისთვის”, - განაცხადა ტაილანდის პრემიერ მინისტრმა პრაიუტ ჩან-ოჩამ. აზიიდან, დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ერთადერთი წევრის ლიდერმა, ფუმიო კიშიდამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის დროს განიხილა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სადაც მხოლოდ ერთმა ქვეყანამ სინგაპურმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. „მე დავეთანხმე პრემიერ მინისტრ პრაიუტს, რომ ნებისმიერ რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან სტატუს კვოს ძალისმიერი ცალმხრივი ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული “, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა. G7-ის წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები. წამყვან სახელმწიფოთა პირველი სამიტი გაიმართა 1975 წელს, რამბუიეში (საფრანგეთი).
საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საუბრისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან წარმატებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ამერიკულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და უსაფრთხოების გარემოს შესახებ იმსჯელეს. „თავდაცვის სფეროში ორმხრივ კონსულტაციებს წელს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა აშშ-საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ორმხრივ კონცეფციას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი მიზნად ისახავს, განსაზღვროს ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი ინიციატივის მიმართულებები მომავალი წლებისთვის. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის. საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციები ყოველწლიურად ტარდება. კონსულტაციების ფორმატი ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრასა და გადახედვას ითვალისწინებს“, - იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი კონსულტაციების შესახებ, 20 მაისს განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში დერეკ შოლემ, რომელმაც საქართველო ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, გუშინ დატოვა. „მომდევნო დღეებში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები თავდაცვის საკითხებზე აქ თბილისში, ვაშინგტონიდან - პენტაგონიდან ჩამოსულ კოლეგებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს შორის. თავდაცვის მინისტრ ოსტინს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში და გვსურს გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - აღნიშნა დერეკ შოლემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა კითხვას, რაიმე განსაკუთრებული ხდება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის, უკრაინაში ომის კონტექსტში? დერეკ შოლემ მოკლედ უპასუხა - არა, სპეციფიკური არაფერი. ექსკლუზივი: სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს
ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წვრთნები ჩატარდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში “სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „კურსი 3 კვირის განმავლობაში საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოების შესრულებაც უწევდათ. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბალტიის რეგიონში თავდაცვა უნდა გაძლიერდეს ჯარების რაოდენობის გაზრდით და საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი საშუალებების დამატებით, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები ბალტიის ქვეყნებში, ჯარების რაოდენობის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდით“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ლიეტუვის დედაქალაქში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ხელმძღვანელებთან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ვილნიუსში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, შოლცი ეწვია NATO-ს ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ ჯუანშერ ბურჭულაძემ აქცენტი ავიაციის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. „ამ მიზნით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1 და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, უწყებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საცეცხლე, საარტილერიო საშუალებების განვითარებას და შესაბამისად, უკვე დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. მინისტრმა აქვე, განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით: „აღნიშნული ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა გავზარდოთ დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო“. მან ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ NATO-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას განაცხადა. ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში NATO-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი/კონტრიბუცია ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია NATO-ს ხარისხის მართვის სისტემასთან". ასევე, სკოლა განხილულ იქნა, როგორც როლური მოდელი, რომლის მიერ დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკები, მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნას NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსი ინსტიტუტებისთვის. DIB სკოლა დღეიდან საქმიანობას განაგრძობს როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ნატომ 6-წლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.
საჰაერო სივრცის დაცულობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების კუთხით, თავდაცვის უწყების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაიხსენა. თავდაცვის მინისტრმა საჰაერო თავდაცვის კომპონენტის გაძლიერება სამომავლოდაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მომავალ გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა: „საომარი ვითარების დროს საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის დომინირების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია თავდაცვითი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ამიტომ, აუცილებელია შესაბამის პროფესიონალებთან ერთად ადეკვატური ტექნიკის არსებობაც. 2020 წლიდან ისრაელის უმსხვილესი სამხედრო ინდუსტრიის, „რაფაელის“ წარმომადგენლებთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, დავიწყეთ „რაფაელის“ წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და მოდერნიზაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. ასევე, უკვე დასრულდა ფრანგული კონტრაქტის მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული საშუალებების მიღებაც და ამჟამად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის მომზადება სისტემის შემდგომი ექსპლუატაციისათვის. დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით. აღნიშნული ცენტრი მოახდენს საქართველოს თავდაცვის ძალების არსებული საჰაერო თვალთვალისა და გაცილების სისტემების, ისევე როგორც კინეტიკური საცეცხლე საშუალებების ინტეგრირებასა და მართვას“, - აღნიშნა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავიაციის აღდგენა-მოდერნიზება რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია არსებული რადიოლოკაციური სისტემების აღდგენა და საშუალო და შორი რადიუსის მქონე საზენიტო-სარაკეტო საშუალებების შეძენა: „მიმდინარეობს მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (სტინგერის და მსგავსი ტიპის) შეძენის კუთხით, როგორც საკუთარი სახსრებით, ისე პარტნიორების დახმარებით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებაზე საუბრისას.
თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, პარლამენტში ოპოზიციონერების ამ შეკითხვას მინისტრის საათს ფორმატში უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, რომელიც შეიძლება, იყოს ობიექტური. ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით და, მგონია, რომ ეს არ არის ცოტა... ავიღეთ ჩვენ თავზე ის, რომ მათ სამხედრო პატივს მივაგებთ, რა თქმა უნდა, ჩამოსვენების დროს, ხვდება ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენ ამ საკითხს პარტნიორებთანაც ვაჟღერებთ და ისინი მადლობას გვიხდიან ამისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება, რომლის ვადა 12-ის ნაცვლად, 8 თვე განისაზღვრება. საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. „მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან, სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ და ამით სარეზერვო სამსახურისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნება. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მათთვის აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ქვეყნის მზარდ უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. კურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებმა სადაზვერვო კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაზვერვის ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინეს და დაკავების ოპერაცია შეასრულეს. კულმინაციურ სწავლებას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დააკვირდა. „სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფებმა საველე, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიარეს, რაც რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა, მათ შორის: კონტაქტზე რეაგირება, საპატრულო ბანაკის დაკავება, რეიდი და ჩასაფრება. სწავლების მიზანს დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნგრეთი თავდაცვის განვითარების პროგრამას დააჩქარებს
უნგრეთი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი ჯერ კიდევ შორს არის უნგრეთისგან, თუმცა სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა რადიკალურად უნდა გაზარდოს თავდაცვის შესაძლებლობები ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურს მოლაპარაკება ევროკავშირის რაიმე პოტენციურ ემბარგოზე ან რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვაზე, რადგან ეს უნგრეთის ეკონომიკას დაანგრევს. „საჭირო იქნება არა სანქციები, არამედ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი თავდაცვაზე მეტს უნდა ხარჯავდეს
"ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება" – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. "ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება. ევროკომისიასა და ევროპის თავდაცვის სააგენტოს შეუძლია, მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს იარაღის ერთობლივ შეძენაში, კერძოდ, მარაგების შევსების კონტექსტში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გამო იწურება", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ახალ ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა NATO-ს მადრიდის სამიტზე პარტნიორებისთვის მიღებულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში თურქეთის როლი გამოყო. განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის კონტრიბუცია NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა თურქეთის მხარის მრავალწლიანი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების საკითხებში. თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი დაესწრო.
პოლონეთი თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-მდე დახარჯავს
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას გეგმავს. მისი თქმით, პოლონეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%-დან 3%-მდე და შემდგომში მშპ-ს 5%-მდე გაზრდა იგეგმება. ცენტრალური პოლონეთის ქალაქ პლოკში გამართულ პარტიულ მიტინგზე კაჩინსკიმ თქვა, რომ ქვეყანა აპირებს გააგრძელოს თავდაცვის ხარჯების გაზრდა. „იმისათვის, რომ რუსეთი არ დაგვესხას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი არმია შეკავებისთვის”, - აღნიშნა კაჩინსკიმ. მან არ დააკონკრეტა, როდის დახარჯავს პოლონეთი მშპ-ს 5%-ს თავდაცვაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა, რომ გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი კონტრშეტევას არ დაიწყებს, „ამიტომ ევროპის უსაფრთხოება ძალიან სერიოზულად უნდა იყოს დაცული“. „სამშობლოს დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, მომავალ წელს პოლონეთმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯოს. თუ სხვა მოკავშირეები არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, პოლონეთი NATO-ს წევრებს შორის თავდაცვის ხარჯების მონაცემებით ლიდერი გახდება. ახლა ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს შეერთებული შტატები, რომელიც, თავად ალიანსის მონაცემებით, ჯარზე მშპ-ს თითქმის 3,5%-ს ხარჯავს.
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოგისტიკური ტექნიკა გადასცა
ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოგისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ლოგისტიკური ტექნიკა საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან 2019 წელ ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გადაეცა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.
21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მეორე ქვეითი ბრიგადის, 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის, მოტორიზებული ასეულის ათეულის დონის მომზადება-შეფასებაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გეგმიური საველე წვრთნები ორი კვირის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა საბრძოლო ტექნიკით ეკიპაჟებისა და დესანტის საცეცხლე მომზადებას ითვალისწინებდა. „მეორე კვირა ტაქტიკურ სწავლებას დაეთმო, რაც საბრძოლო სროლებით დასრულდა. მხარდამჭერ ელემენტებს 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები და საინჟინრო ჯგუფები წარმოადგენდა. წვრთნების მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ჯავშანტექნიკის, ეკიპაჟებისა და დესანტის შერწყმა, ასევე, მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. წვრთნების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მე-5 საარტილერო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეა იყო მიზიდული, რომელსაც მხარს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთნ ერთად. დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს. საველე წვრთნებს სამი კვირის განმავლობაში მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.
ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ
ყაზახეთი ცენტრალური აზიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს საზღვარი რუსეთთან. ამ სახელმწიფომ რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი და დაიწყო მოკავშირეების ძებნა შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და ჩინეთში, - წერს WSJ. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა მნიშვნელოვანი მომენტი დადგა ივნისში, როდესაც თოყაევმა, პუტინის თანდასწრებით, მხარი დაუჭირა უკრაინის მთლიანობას და უარი თქვა "LNR" და "DNR"-ის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა მათ „კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიები“ უწოდა. ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყაზახეთმა ისწავლა უკრაინის „გაკვეთილები“ და თავდაცვის ბიუჯეტის 441 მილიარდი ტენგეით (დაახლოებით 918 მილიონი დოლარით) გაზრდა გადაწყვიტა. WSJ-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ თანხების ნაწილი მოხმარდება ქვეყნის სამხედრო რეზერვების გაზრდას. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მაშინ, როცა დასავლეთში ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ რუსული არმია უწყინარი მოწინააღმდეგე გახდა, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსულ ამბიციებთან მიმართებით, შიში მხოლოდ იზრდება.
მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა სიტუაციური სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ამოცანაზე ორიენტირებულ მომზადებას ისახავდა მიზნად. სწავლების განმავლობაში “ბრავო” ასეულმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ასეულმა დასახლებულ პუნქტში შეტევითი ოპერაცია და დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, შენობაში განლაგებული მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით რეიდი განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო სნაიპერთა ჯგუფი, რომელსაც ოპერაციის რაიონის იზოლირება დაევალა. წვრთნებში გამოყენებული იყო საცეცხლე მხარდაჭერის, გამრღვევი და მოიერიშე ელემენტები, ასევე დრონი, სსსტც “დელტას” წარმოების ხელყუმბარები და სხვა შეიარაღება,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ირანს ერაყთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თეირანს ერაყთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს. ნასირზადე ერაყის თავდაცვის უნივერსიტეტის უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების პრეზიდენტს, გენერალ-ლეიტენანტ საად მიჟერ მოჰსენ ალ-ალაკს შეხვდა. აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველყოფა მოითხოვს ორივე მხარის თანამშრომლობას, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს. ერაყულმა მხარემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში რეგიონის ყველა ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელი. ალ-ალაკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად ერაყს, ირანს, სირიასა და რუსეთს შორის ინფორმაციის გაცვლის ცენტრი შეიქმნა.
დანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თავდაცვას აძლიერებს
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის“ გამო, დანია თავის საზღვაო ფლოტში 40 მილიარდი დანიური კრონის (5,5 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს. NATO-ს წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა, რომ ცდილობენ, საკუთარი თავდაცვა უკრაინაში რუსეთის თავდასხმისა და „ევროპაში უსაფრთხოების ახალი ვითარების“ გამო გააძლიერონ. ბოდსკოვმა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დანიის თავდაცვის სამინისტროსა და მის ეროვნულ საზღვაო ინდუსტრიას შორის პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რათა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობები გაზარდოს. „ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, დანიამ შეძლოს თავის დაცვა“, - განაცხადა ბოდსკოვმა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ დანია კიდევ 110 მილიონი ევროს (113,7 მილიონი დოლარი) ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას „იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლებისთვის“. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტი წვლილის შეტანაზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, დანია მზად არის, შეასრულოს ჩვენი წილი ვალდებულება“, - განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთში ამჟამად 130 დანიელი ჯარისკაცი უკრაინელ ჯარს წვრთნის, ხოლო კოპენჰაგენი ასევე ეხმარება უკრაინას კიბერთავდაცვის სფეროში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს
ექსკლუზივი „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. NATO-მ განაცხადა, რომ გაძლიერებული მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველო მასზე მორგებულ დახმარებას მიიღებს, რათა გაუმკლავდეს რუსეთის მავნე ზეგავლენას. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მოვისმინეთ, რომ საქართველოსაც უნდა მიექცეს ყურადღება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით. რას გეგმავს აშშ ამ კუთხით და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კონკრეტული მიმართულებით ზომების ამოქმედებაზე? შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოფიციალურად, 2021 წლის ოქტომბერში, ახალი ინიციატივით დაიწყო აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ წარმოაჩენს ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოსადმი და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ არის ამერიკისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რომ გაგრძელდეს ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა და გაძლიერდეს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)“ წარმატება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის “დასრულებისთანავე. 2018 წლის მაისიდან GDRP იყო საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ძირითადი პროგრამა. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. მეორე კომპონენტი, კი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ გააგრძელებს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელს შეუწყობს NATO-სთან ურთიერთთავსებადობასა და ინსტიტუციურ რეფორმირებასა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის მეშვეობით. საქართველოს მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რომლის მხარდაჭერასაც -„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ ისახავს მიზნად, მოითხოვს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. „აშშ-ის ევროპულ სარდლობას ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან. ჩვენმა ერთობლივმა წვრთნებმა მიგვიყვანა ძლიერ და სტრატეგიულ ურთიერთობამდე, რაც წარმოაჩენს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას, როგორც მზადმყოფ ძალებს. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, ჩვენი ძლიერი ურთიერთობის გასაგრძელებლად სწავლებების მეშვეობით, რაც გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს უსაფრთხოების დინამიურ გარემოში“, - აღნიშნავენ თავის მხრივ ამერიკის საელჩოში.
ლიეტუველ, ამერიკელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა საერთაშორისო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა
19-26 აგვისტოს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კიბერსწავლება - „Amber Mist 2022”-ში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება ეფუძნება კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამხედრო კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების წინააღმდეგ,სიმულირებულ კიბერშეტევებს და მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ოპერატიული დანაყოფების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობის შეფასებასა და გაძლიერებას კიბერსივრცეში ოპერაციების ჩასატარებლად, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე კრიზისის და შეიარაღებული კონფლიქტების დროს. საქართველოს გუნდი, ლიეტუველ, ამერიკელ, უკრაინელ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.
როგორ ხორციელდება თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა: აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი საქართველოს ეწვია
საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით, საქართველოს ეწვია აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. „შეხვედრის მიმდინარეობისას ვიდეოკონფერენციის საშუალებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი ჩაერთო. მან თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობას დადებითი შეფასება მისცა და მის იმპლემენტაციაში მონაწილე მხარეებს წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებული ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება. სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას“, - აღნიშნავს თავდაცვის უწყება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოსებ ბილბო, დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. შეხვედრაზე ამერიკული მხარე წარმოდგენილი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის, პენტაგონის და საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც მოიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით კი მაშინ საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოფიციალურად, 2021 წლის ოქტომბერში, ახალი ინიციატივით დაიწყო აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად.
სომხეთში ვიზიტით მყოფი ნენსი პელოსის განცხადებებს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებებს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა. ბაქოს შეფასებით, პელოსის გამონათქვამები საფრთხეს უქმნის მშვიდობას კავკასიაში. „პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წაყენებული დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია. ეს არის სერიოზული დარტყმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე", - განაცხადა სამინისტრომ და პელოსის განცხადებას „სომხური პროპაგანდა“ უწოდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენდა სომხეთს მისი თავდაცვის საჭიროებების შესახებ და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. ერევანში ყოფნისას პელოსიმ ასევე აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს გაზრდის
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მთავრობა 2030 წლის ბოლომდე თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდ ფუნტამდე გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბენ უოლესმა განაცხადა, იტყობინება The Telegraph-ი. მანამდე, ტრასმა პირობა დადო, რომ თავდაცვის ბიუჯეტს, გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს 3%-მდე მიიყვანს. „ამჟამინდელი პროგნოზის მიხედვით, ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის ბიუჯეტზე 100 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე 2029-2030 წლებში. ამჟამად, ის 48 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს… რვა წელიწადში ეს უზარმაზარი თანხა გაიზრდება“, - განაცხადა უოლესმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
II ქვეით ბრიგადაში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლებას II ქვეითი ბრიგადა უკვე მეექვსედ მასპინძლობს და წელს მას 21 მონაწილე ჰყავს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლებაში სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული. სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის „ღირსეული პასუხი 2022“-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. წელს „ღირსეულ პასუხს“ ახალი მიმართულება - ავიაციის კომპონენტიც დაემატა. მედიასწავლების აღსრულების ფაზაში ჩართულები არიან ამერიკელი დამკვირვებლებიც. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება, ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოუწევთ. სწავლების პირველი ეტაპი ძირითადად თეორიულ კურსს მოიცავს, მათ შორისაა საზოგადოებასთან ურთიერთობა საბრძოლო მოქმედებებში, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში, სტრესის მართვა, თვითგადარჩენა საველე პირობებში, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, კიბერუსაფრთხოება, ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციები. „ღირსეული პასუხი 2022“ ხუთი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს და სტუდენტებს სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN”. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში მათ ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტები და ჟილეტებიც დაურიგდებათ.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სწავლება გაიხსნა
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ სწავლებას გაივლიან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამმხრივი საველე ტაქტიკური სწავლების „კავკასიის არწივი 2022“ გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა. მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა, თეიმურაზ ყლატეიშვილმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. „სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე მიიღებს სატესტო ვერსიებს. „უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“. „ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ორ-სამ წელიწადში დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
თავდაცვის მინისტრი: ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე ვმუშაობთ
„რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს პროცესი”, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია. „უკრაინის ომმა შეცვალა წარმოების ტემპები, მეთოდები და შესყიდვის საშუალებები. თუმცა, საქართველო ყოველთვის არის პრიორიტეტული თითქმის ყველა მსოფლიო მსხვილმწარმოებელთან. ჩვენ მივაღწიეთ აქაც შედეგს და უახლოეს მომავალში დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. პროცესი, რომელიც ავიაციის განახლების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში. „უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“. „ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადავდგით, დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“,- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი არ და ვერ შემცირდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება სამხედრო ავიაციის სფეროში დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით აქცენტს კომერციულ შეკვეთებზეც გააკეთებს. „სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი ვერ შემცირდება, რადგან ის გეგმა, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, არ ისახავს მიზნად ბიუჯეტის შემცირებას. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენ აქამდე რაც გვყავდა საფრენი აპარატები, დავისახეთ ყველა ამ საფრენი აპარატის ექსპლუატაციაში მიღება. ამ გეგმას მივაღწევთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცოდნასაც ვიგროვებთ ამ პროცესში და კომერციულ შეკვეთებზეც აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საწარმო“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„ალფა“ ასეულმა NATO-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა" ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობოთ, ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასებისთვის მზადყოფნაა. „ალფა" ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობას ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. ქვედანაყოფი NATO-ს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და მზადყოფნაში შემოწმებას გადის. შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა. NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.
უკრაინა და ისრაელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ისრაელის კოლეგა ბენი განცთან საუბრისას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები განიხილა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სატელეფონო საუბარი მქონდა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცთან. განვიხილეთ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება, ასევე ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები", - განაცხადა რეზნიკოვმა. მინისტრებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევმა არაერთხელ სთხოვა თელ-ავივს თავდაცვითი იარაღის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. 16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.
ჯუანშერ ბურჭულაზე: იგეგმება კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა
„ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყებამ კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. „ზოგადად, ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სამსახურები მუშაობენ. საზოგადოებას რომ ჰქონდეს შეგრძნება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც, პირობითად კი ჰქვია საზღვრების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის საზღვრები, ის ინფორმაცია და ის რისკები, რაც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ელექტრონულად. ამის უზრუნველყოფასაც ახდენს სახელმწიფო, რომ მან არ დააზიანოს, თუნდაც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი”, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა იგეგმება. „განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სარდლობა არსებობს, მათ შორის ჩვენც სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით და ყველა ის რისკი და ასპექტი რაც თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და იქნება გათვალისწინებული ჩვენს ახალ სარდლობაში. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება ერთი სარდლობის ქვეშ მოექცეს რომელსაც, მენეჯმენტს თავდაცვის ძალები გაუწევს,” - განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრი: ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ ადამიანმა მექანიკურად აარიდოს თავი ჯარს
თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიზნით განსახორციელებლ უწყების გეგმებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ჯარის პოპულარიზაცია დიდწილად დასახული მიზნების მიღწევის საშუალებასაც წარმოადგენს. „მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო, შევამციროთ რისკები და შევქმნათ ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიო ნებისმიერი შემადგენლობის მოწინააღმდეგეს. ჯარის პოპულარიზაციის საკითხი გამოწვევად რჩება. ეს ის საკითხია, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ძლიერი რეზერვის მოდელის შექმნაზე მუშაობს ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მეტად პოპულარული გავხადოთ ჯარი, ეს საკითხი მთელ საზოგადოებას უნდა შეეხოს. პირველ ეტაპზე ამას რადიკალური ნაბიჯების ხარჯზე ვერ გავაკეთებთ, ძირითადი აქცენტები საზოგადოებისთვის ჯარის გაცნობაზე იქნება გაკეთებული“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების მისაღწევად სხვადასხვა დონეზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ცვლილებები და გადასადგმელი ნაბიჯები წარმოდგენილი იქნება თავდაცვის კოდექსში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი ადგილი წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციის საკითხებს დაეთმო. უწყებამ რამდენიმე ქვეყნის მოდელით იხელმძღვანელა და საქართველოს სპეციფიკისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით, არსებულ რეალობასთან ადაპტირებას შეეცადა. „ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა სავალდებულო სამსახურს, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, პოტენციურად, რამდენი ადამიანიც შეიძლება იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, ყველა გავიწვიოთ, ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში არც საჭიროება დგას ამ ეტაპზე. საკმაოდ დიდი გამოწვევაა ეს საკითხიც. ზოგადად, პოტენციურად შეიძლებ,ა წელიწადში გვყავდეს 16-17 ათასი გასაწვევი მოქალაქე. ზოგადად, სახელიც გვინდა რომ შევცვალოთ. სავალდებულო ძველი ტერმინია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სისტემა იყოს მოქნილი, სადაც ნებაყოფლობითობას გაუთანაბრდება ჯარში მსახური. ესეც პოპულარიზაციის ნაწილია, რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება გვაქვს და მათგან შევარჩევთ საუკეთესოს, რელევანტურს ჩვენს მდგომარეობასთან და გარემოსთან შესაბამისობაში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობის მაღალ მაჩვენებელზე, ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში ჯარის, ჩვენი ქვეყნის, ოჯახების დამცველის დაფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული ინსტიტუციისადმი ნდობის მაღალი კოეპიციენტი და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ ნაკლები ინტერესი ერთმანეთისგან განცალკევებული თემებია. „ჯარი ყველაზე პოპულარული ინსტიტუციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული ისეთ ნეგატივებთან, როგორთანაც შეიძლება სხვა უწყება იყოს დაკავშირებული. რატომ აფასებს მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ჯარისკაცს?! შეიძლება გავიდეს ეპოქა, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ომი არ დადგება, თუმცა ჯარისკაცი გამოხატავს მზაობას, თავი გასწიროს ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ცივილურ სამყაროს. ადამიანებს ინტუიციურ დონეზე გააზრებული აქვთ თუ რა ღირებულება აქვს ჯარს, თუმცა ასევე ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რატომ აფასებენ ცივილურ სამყაროში ჯარისკაცს“, - განაცხადა ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი თქმით, დღეს ბევრი ლეგალური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა ჯარს თავი აარიდოს, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს შეიცვლება. „არის ერთი ორგანიზაცია, რომლის სახელი არც მინდა, დავასახელო, თუმცა მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ჩვენ ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა. ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოტენციურად რამდენი ადამიანიც შეიძლება, იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, დღეს ყველა გავიწვიოთ. ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში, ამ ეტაპზე ამის არც საჭიროება დგას, თუმცა უსამართლობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თბილისის N 64-ე საჯარო სკოლას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ. გენერალ-მაიორი მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობაც გააცნეს. უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
პოლონეთი და სლოვაკეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდიან
პოლონეთი მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 3 პროცენტამდე, სლოვაკეთი ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში, ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. მანამდე, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერები მატეუშ მორავეცკი და ედუარდ ჰეგერი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების ადგილს ეწვივენ პოლონეთში და განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ზრდიან შეკავების შესაძლებლობებს და სამხედრო თანამშრომლობას მეზობელ უკრაინაში ომის ფონზე. მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა მომავალ წელს დახარჯავს 21,4 მილიარდი აშშ დოლარს, ან შესაძლოა, 27,8 მილიარდს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის. მისი თქმით, ეს იქნება პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 3-დან 4 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავდაცვის ბიუჯეტია NATO-ს 30 წევრს შორის. ამჟამად, პოლონეთი თავის შეიარაღებულ ძალებზე მშპ-ს 2 პროცენტზე მეტს ხარჯავს. საუკეთესო სტრატეგია არის მტრის შეკავება საკუთარი ჯარის ძალით და სხვებთან თანამშრომლობით, აღნიშნა მორავეცკიმ. ჰეგერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობა ინტენსიურად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა რეგიონული თავდაცვის თანამშრომლობის აუცილებლობა. წვრთნები PUMA-22 სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, სასწავლო ზონაში, უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით 150 კილომეტრში გაიმართა. ჰეგერის თქმით, მათ სურთ მშვიდობის დამყარება და იმის ჩვენება, რომ მათ აქვთ საკმარისი ძალა მშვიდობის დასაცავად.
თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მიულოცეს. „ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეც გაიმართა. სამხედრო ბაზას ვაზიანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ და სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს. საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მე-5 საარტილერიო ბრიგადას დიდი საბრძოლო ისტორია აქვს. 2018 წლის ივნისში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად პირველი საარტილერიო ბრიგადა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად ჩამოყალიბდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან - ბურჭულაძე
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა და შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება იქნება. მისივე თქმით, მომავალ წელს თავდაცვის უწყება 25%-ით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს; ეს ბიუჯეტი არის დივერსიფიცირებული ასევე, ხარჯვით ნაწილშიც. "ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის დაპირება კიდევ ერთხელ აღნიშნა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ ნახეთ პრემიერის დაპირება, რომ იანვრიდან ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 2024 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ 20 პროცენტით გაიზრდება. ეს გაგვიყვანს იმ შედეგზე, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ. აქაც ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს დიდი მხარდაჭერისთვის ყველა მიმართულებით“. მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თავდაცვის მინისტრმა შეიარაღების შესყიდვა დაასახელა და აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისში შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდება. „შესყიდვების ბიუროკრატიული ნაწილი უკვე თითქმის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან რთულია, მარტივად აღარ არის ხელმისაწვდომი შეიარაღება არც ევროპაში და მთელს მსოფლიოში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ეს პროცესი გავიარეთ. 2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიუჯეტის კონტექსტში მიმდინარე წელიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ასიგნება თავდაცვის უწყებას ბოლო კვარტალში გაეზარდა 90 მილიონით, რომლიდანაც 10 მილიონი სესხის ეკონომიის შემცირებით მოხდა და შესაბამისად, ასიგნებაში დაემატა. „წელს ჩვენ ამ ბიუჯეტით კიდევ მოვამატეთ ანაზღაურება, კიდევ უფრო მეტი ხელშეკრულების დადების საშუალება მოგვეცა. ხელფასები წელს გავზარდეთ 20-დან 25 პროცენტამდე სამხედრო მოსამსახურეებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას დავიწყებთ - ბურჭულაძე
"ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ წარმადობა და შემდეგი პრიორიტეტი გახდება კომერციალიზაცია", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს უკვე გადაეცა ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის ჯავშანმანქანები, უახლოეს მომავალში კი, თავდაცვის ძალები რვა ერთეული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანით აღიჭურვება. „2008 წელს შეიქმნა „დიდგორის“ ტიპის მანქანები და არცერთი ავტომანქანა არ ჰქონია მიღებული თავდაცვის ძალებს. მსხვილი მიღება თავდაცვის ძალებში 2019 წელს მოხდა, მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ეს პროცესი. დავეწიეთ სხვადასხვა ჩამორჩენას, რაც 2019 წლიდან ჰქონდა ჩვენს საწარმოებს; პრობლემა, პრინციპში აღმოფხვრილია, თუმცა ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ სხვადასხვა მიმართულება, პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ეროვნული სამხედრო წარმოების საქმეში, თავდაცვის უწყების მომდევნო პრიორიტეტი ქართული პროდუქციის კომერციალიზაცია იქნება. თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში ადგილობრივი ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების წარმოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესიც განგრძობითია და ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული. „რაც შეეხება შეჯავშნულ მანქანებს, იყო რამდენიმე დეფექტი, რომელიც გამოვასწორეთ, კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევამსუბუქეთ, რომ უფრო ხარისხიანი და მარტივი იყოს ოპერირება. ჯავშანჩაფხუტებისა და ჟილეტების მიმართულებით ჩვენ ტექნოლოგია შევცვალეთ და უფრო გავაუმჯობესეთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
იაპონია თავდაცვის შენაერთების რაოდენობის გაზრდას გეგმავს
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, იაპონია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, თავდაცვის ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Anadolu წერს. ტოკიომ შესაძლოა, განაახლოს თავდაცვის ეროვნული პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპები, 10-წლიანი თავდაცვის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც 2022 წლის ბოლოს განახლდება. ამასთან, იაპონური მედიის ცნობით, ტოკიო 2031 წლის ფისკალური წლის ბოლომდე, ქვეყნის შორეულ სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებზე ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების შესაძლებლობებით აღჭურვილი თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფების თითქმის გასამმაგებას განიხილავს.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სანგრების გათხრა დაიწყო
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ბელგოროდის რეგიონის სიღრმეში თავისი თავდაცვითი პოზიციების გაფართოება და სანგრების გათხრა დაიწყო. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ბელგოროდის გუბერნატორმა რეგიონში „თავდაცვის ნაწილების“ შექმნის შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბელგოროდში თხრილების მომზადების შესახებ ცნობები, პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა. „მაგრამ ახლა წარმოქმნილი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, უფრო დახვეწილი სისტემებია, რომლებიც შექმნილია მექანიზებული თავდასხმის მოსაგერიებლად“, ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლება, თავის ტერიტორიაზე თავდაცვითი სტრუქტურების აშენებით, პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ცდილობს, რომ უკრაინული ძალების შემოჭრის რეალური საფრთხე არსებობს“, - ნათქვამია ანგარიშში.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შურდული 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „შურდული 2022“ პირველად ატარებს. სწავლების ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამობილიზაციო სწავლება „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის პროფესიული და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, რეზერვისტების თავდაცვის ძალებში ინტეგრირებასა და უწყებათშორისი კოორდინაციის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სწავლების სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ ერთობლივად დაგეგმეს. მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. 5-დღიანი სწავლება საქართველოს მასშტაბით 9 ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით ვითარდება. სამობილიზაციო სწავლებაში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების რეზერვისტები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. სწავლების დასკვნითი ფაზა ამოცანათა შესრულების განხილვას ითვალისწინებს. „შურდული 2022“ მიზნად ისახავს: საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და რეზერვისტთა მომზადების ცენტრების სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწას; თავდაცვის ძალების დაკომპლექტებას და საბრძოლო დანაკარგების შევსების პროცედურების გაუმჯობესებას; ასევე, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას. სწავლების გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ევროპის სამშვიდო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული. საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ტრენინგი ჩაუტარეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. „მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს აშშ-ის არმიაში არსებული სიახლეები გააცნეს. ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მხილების ფუნქცია და მამხილებლის დაცვა აშშ-ის არმიაში; გენერალური ინსპექციის როლი საომარი მოქმედებების დროს, სოციალური დაცვის საკითხებში, ასევე, გენდერული და მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტაში. ქართულმა მხარემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები, გენერალური ინსპექციის ფუნქციები და სტრუქტურა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ერთად ერთობლივი ინსპექტირებაც ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა, NATO-ს სტანდარტებით ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს
თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ლოჯისტიკის წამყვანმა სპეციალისტებმა NATO-ს პროგრამაში LOGFAS მუშაობა და NATO-ს სტანდარტებით ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლოჯისტიკოსებს ლექცია-სემინარები NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. ლექციის მთავარ მიზანს NATO-ს გაერთიანებული ოპერაციების წარმოებისას ლოჯისტიკური დაგეგმარების პროცესის ერთიანი სისტემით განხორციელება წარმოადგენდა. LOGFAS NATO-ს ფუნქციონალურ სფეროთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და მთავარი ლოჯისტიკური დაგეგმვის ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად ნატო დაგეგმვის პროცესში იყენებს. ალიანსის რეკომენდაციაა, აღნიშნული პროგრამა მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშიც დაინერგოს. საქართველოს თავდაცვის ძალებში ამ სისტემის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივებს ლოჯისტიკური დაგეგმვის პროცესს და ხელს შეუწყობს NATO-თან თავსებადობის ზრდას.
რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0
რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს დარბაზი, ამ ოროსნებს უნდა შევახსენოთ, რომ პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს "ფეხბურთში არის ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3-0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს ეს დარბაზი და სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. პირდაპირ მინდა ვთქვა და მათ ნაცვლად სკამებს ვუთხრა, იმედია, სურვილი მაინც აქვთ და უყურებენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლიკ მოროზოვის როლის შესრულებაში. ეს მინდა, კარგად დაიმახსოვრონ. ასევე ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს. მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
იაპონია თავდაცვის ბიუჯეტით მსოფლიოში მესამე იქნება
იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ყოვლისმომცველი, ხუთწლიანი გეგმით, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო „პაციფისტურ იაპონიაში“, ქვეყანა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, თავდაცვის ბიუჯეტით მესამე იქნება მსოფლიოში. პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, რომელმაც ისტორიის გარდამტეხ მომენტზე მიუთითა, განაცხადა, რომ ეს არის პასუხი უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელთა წინაშეც დგას იაპონია. „ეს ახალი რეალობის წინაშე აყენებს იაპონიას. თუ გეგმა სათანადოდ განხორციელდება, თავდაცვის ძალები იქნება რეალურად, მსოფლიო დონის ეფექტიანი ძალა", - განაცხადა თავის მხრივ, საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილმა ადმირალმა იოჯი კოდამ. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის კანონის სერიოზული დარღვევა, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები“, - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში. მისივე თანახმად, ჩინეთის მიერ გამოწვეული სტრატეგიული გამოწვევა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც იაპონა აწყდება. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ პეკინი არ გამორიცხავდა ძალის გამოყენებას ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ჩინეთზე, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე მიუთითებდა, შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობაა ჩადებული, რათა არსებული საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხეები თავიდან აიცილონ.
თურქეთმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტექნიკა გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. „ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო. მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ $10 მილიარდიანი შესყიდვის გეგმა დაამტკიცა
ინდოეთმა თავდაცვითი აღჭურვილობის, მათ შორის ქვეითი საბრძოლო მანქანების, მსუბუქი ტანკებისა და სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. საუბარია 10,18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შესყიდვებზე. სამიისტროს ცნობით, საერთო ჯამში, 97 პროცენტზე მეტი ტექნიკა ინდოელი მწარმოებლებისგან იქნება შეძენილი.
თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თურქეთის ქალაქ სარიკამიშში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს ჰულუსი აკარს, ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი ამ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის მიწვევით თურქეთში ვიზიტით ჩავიდა.
აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. ამერიკის საელჩომ 2022 წლის 22 სექტემბერს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამასთან დაკავშირებით, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელმა განმარტა, რომელი პროგრამის ნაწილია, 22 სექტემბერს, საქართველოსთვის 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემა. „26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება პირველ რიგში, პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (Building Partner Capacity Section 333 Program) (10 USC $ 333) დაფინანსებული დახმარებაა. პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დიდი ხანია, ემსახურება პარტნიორობის დამყარებას უცხო ქვეყნებთან და წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თავდაცვის სამინისტრო: ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. „შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007-2011 წლებში მსახურობდა.
პოლონეთი თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს
პოლონეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ჩარჩო კონტრაქტს იარაღების მწარმოებელ კომპანია Huta Stalowa Wola-სთან, რაც დაახლოებით 1000 ქვეითი საბრძოლო მანქანის (IFVs) და დაახლოებით 400 თანმხლები მანქანის მიწოდებას გულიხმობს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პირველი ოთხი Borsuk IFV წლის ბოლომდე იქნება მიწოდებული. ისინი თანდათან ჩაანაცვლებენ საბჭოთა ეპოქის BWP-1 IFV-ებს. „იმედი მაქვს, რომ პოლონეთის შეიარაღებული ძალები ძალიან მალე აღიჭურვება ახალი IFV-ებით“, - განაცხადა ბლაშჩაკმა და აღნიშნა, რომ ”IFV-ების დრო, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალები აქამდე იყენებდნენ, დასრულდა“.
ჩინეთი წელს თავდაცვის ხარჯების 7.2%-ით ზრდას გეგმავს
ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს წელს 7,2%-ით გაზრდის, რაც შარშანდელი ხარჯების ზრდას ოდნავ აჭარბებს. Reuters-ი წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტს ყურადღებით დააკვირდებიან ჩინეთის მეზობლები და შეერთებული შტატები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან პეკინის სტრატეგიული განზრახვებით და მისი სამხედრო ძალების განვითარებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში დაძაბულობა გაიზარდა ტაივანთან დაკავშირებით. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, 2027 წლის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 100 წლის იუბილეზე ფოკუსირებით უნდა იმუშაონ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - აცხადებენ ჩინეთის ოფიციალური პირები. ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2023 წელს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ხარჯების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, თუმცა ბევრი დიპლომატისა და უცხოელი ექსპერტის აზრით, პეკინი არასაკმარისად აფიქსირებს რეალურ რაოდენობას. „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო წვრთნა და მზადყოფნა, შეიმუშავონ ახალი სამხედრო სტრატეგიული ხელმძღვანელობა, მეტი ენერგია დაუთმონ საბრძოლო პირობებში წვრთნას და კარგად კოორდინირებული ძალისხმევა გააძლიერონ სამუშაო ყველა მიმართულებით და სფეროში“, - განაცხადა პრემიერმა ლი კეციანმა. აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო ხარჯებს ითვალისწინებს და იარაღის, გემებისა და თვითმფრინავების შესაძენად დაფინანსებას მოიცავს. ის ასევე ითვალისწინებს ტაივანისა და უკრაინის მხარდაჭერას.
NATO-მ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
NATO-ს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. 6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავტომობილებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზირებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა NATO-ს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს. პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და NATO-სძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფებოდა
გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. „ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის ქვედანაყოფებს სხვადასხვა ლოკაციაზე ეწვია. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს გააცნეს JTEC-ში მიმდინარე წვრთნებისა და სწავლებების ღონისძიებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, მათ შორის განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი სწავლება „NATO-საქართველო 2025“-თან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტი JTEC-JFTC პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებასა და სამომავლო განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. JFTC-ის მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა - გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონის სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონისსწავლება დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ექვეითმა ბატალიონმა დღის და ღამის პირობებში ოცეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება განახორციელა. წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩატარდა. პირველ ეტაპზე, ბატალიონმა 50 კილომეტრიანი ტაქტიკური მარში განახორციელა დათავმოყრის რაიონი დაიკავა. სწავლების შემდეგ ეტაპზე კი, ქვედანაყოფებმა განახორციელეს თავდაცვითი ოპერაციები საბრძოლო სროლებით, სადაც მოხდა პირდაპირი და არაპირდაპირიცეცხლის ინტეგრირება, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფების მხარდაჭერით. სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციაც განახორციელეს. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა დაკოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.
31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება. სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას გააძლიერებენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“, - წერია ინფორმაციაში. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია. ოფიციალურ შეხვედრამდე, თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი.
ევროკავშირი მოლდოვას თავდაცვის განვითარებისთვის €40 მილიონს გამოუყოფს
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოლდოვას, თავდაცვის პოტენციალის განვითარებისთვის 40 მილიონი ევრო გამოეყოფა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლაე პოპესკუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროპის მშვიდობის ფონდიდან იქნება 40 მილიონი ევროს დახმარება. მადლიერება გამოვხატე ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იგივე მონდომებით, რათა ქვეყანა ევროკავშირში გავაწევრიანოთ“, - განაცხადა პოპესკუმ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 24 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. მისია დაკომპლექტდება სამოქალაქო სპეციალისტებისგან. ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის მიზანი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება, ასევე, ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა. „დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. „თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, -აცხადებს თავდაცვის სამინსიტრო.
ჯუანშერ ბურჭულაძე სანქციებისთვის გვერდის ავლის შესახებ განცხადებაზე: რა ბრალდებაც ყოფილა აქამდე, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული
თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს [სანქციების გვერდის ავლა] შეიძლება, იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება - აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყურადღებას იჩენს, რათა არ მოხდეს ისეთი ფაქტი, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს. „ბევრი ბრალდება იყო, რომელსაც საფუძველი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში ექნება არცერთ ბრალდებას საფუძველი. მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ, რომ არ მოხდეს არცერთი ფაქტი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და დააზიანებს ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანა ვართ და თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება. აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება, ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება, იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ სწავლება „დამცველი 2023”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით. უფრო მეტიც, NATO-ს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში, კერძოდ თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი. რაც შეეხება უშუალოდ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ რომ, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორფოლოს პოლიგონზე 10-დღიანი წვრთნები ჩატარდა
ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. საჩვენებელ სროლებს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დააკვირდა“, - აცხადებს უწყება. მისივე თანახმად, დასკვნით საველე წვრთნებში წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. „10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩვენს კონსერვატიულ დამოკიდებულებას ალტერნატივა არ აქვს და პირდაპირ კავშირშია ჩვენს სუვერენიტეტთან და უსაფრთხოებასთან - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა ძალიან წარმატებული პროექტია. „ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების. თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო. ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით. შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ცნობით.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებში, ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებისა ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა (JCET). თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამკვირიანი სწავლების განმავლობაში პირადმა შემადგენლობამ სხვადასხვა სასწავლო კომპონენტში - სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლა - მოქმედების უნარები განავითარა და პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელა. დასკვნით ფაზაში, მონაწილეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს; ოპერაცია მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ღირებულების სამიზნის გათავისუფლებასა და უსაფრთხო ევაკუაციას ითვალისწინებდა. სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო პარტნიორებთან, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულ ერთობლივ გაცვლით წვრთნებს (JCET) რეგულარულად ატარებენ. სწავლებების მიზანს ელიტურ ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. უკვე რიგით მე-12 შეხვედრას დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
პარლამენტმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტი ავრელებს. პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას 80 ხმით მხარი დაუჭირა. შეთანხმების დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა სამხედრო განათლებას, წვრთნას და სწავლებებს, ლოგისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას და NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს მოიცავს. 24 პრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24 აპრილის განცხადებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და აღინიშნეს, რომ „სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკას გაუსვეს ხაზი, „რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ“. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები. ამ კონტექსტში ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას გაუსვა ხაზი.
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა საველე წვრთნები დაასრულეს
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს უჭერდნენ მხარს ქვეითთა სადაზვერვო ჯგუფები. დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს. „ორკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რასაც ბატალიონმა წარმატებით გაართვა თავი. სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად და მასში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „პარტნიორ 2023“-ში ჩართულები იყვნენ ასევე, აშშ-ის არმიის საინფორმაციო და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები. სწავლება საქართველოში სამ ლოკაციაზე, ამბროლაურის, თეთრიწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. სცენარი ეპიდემიის მართვის, ხანძრის კერებზე რეაგირებისა და დივერსიული ჯგუფების აღმოჩენა-განეიტრალების ოპერაციებს მოიცავდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრო. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების ამოცანისა და აღსრულების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, მონაწილეებთან შეხვედრისა და სიტყვით მიმართვისას კი, ყურადღება მსგავსი მასშტაბისა და უწყებათაშორისი წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საჩვენებელ სწავლებასა და „პარტნიორ 2023“-ის დახურვის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ერონული გვარდიის ხელმძღვანელი პირები და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ესტონეთი 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს
უახლოეს წლებში ესტონეთი 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. მისივე თანახმად, ესტონეთმა 2024 წლიდან 2027 წლამდე სამხედრო განვითარების გეგმა დაამტკიცა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ესტონეთი ქვეყნის თავდაცვაზე მშპ-ს სამ პროცენტამდე დახარჯავს. ესტონეთის ხელისუფლება საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემასაც შეიძენს.
თავდაცვის მინისტრი: გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება 100 000 ადამიანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „თავდაცვის კოდექსზე“ მუშაობისას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები განიხილებოდა. მისი განცხადებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს ალტერნატივა, ბევრი მიზეზის გამო, არ აქვს. „ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია,“ - ამბობს ბურჭულაძე. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ამ კონტექსტით სტრატეგია მეგობარ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა. „ეს სტრატეგია შექმნილია პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რიცხოვნობიდან გამომდინარე. ეს კომპლექსური და მოცულობითი საკითხია. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება ასი ათასი ადამიანი, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მეთოდი, იქნება წვევამდელთა სამსახური, ასევე ნებაყოფლობითი სხვა სამსახურები,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ახალი სპეცწოდების თანამშრომლის მიღების, ან სპეციალური წოდების მომატების უფლება აღარ ექნება. თავდაცვის მინისტრი: ბოლო დეკადების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წელი, როდესაც შეიარაღების შეძენის მიმართულებით, ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო „ჩვენ აღარ გვექნება უფლება, რომ მივიღოთ ახალი სპეცწოდების თანამშრომელი ან მოვუმატოთ სპეცწოდება, რომელიც აქვს მინიჭებული პირს, რომელიც მსახურობს თავდაცვის სამინისტროში. „თავდაცვის კოდექსი“ ამ სიმახინჯეს ზღუდავს, არეგულირებს და ყველა ხარვეზს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდავის სამინისტროს ცნობით.
აზერბაიჯანი და საქართველო სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობენ
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაჰიროვი საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძის ხელმძღვანელობით დელეგაციას შეხვდა. საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ტაჰიროვმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.
აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ
თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გულერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკება სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის სფეროში საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამედიცინო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებული დონე. თურქმა და აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ ოფიციალურ პირს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელ სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. „შეხვედრაზე მხარეებმა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის (Tailored Support Package) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა დიდი ბრიტანეთიდან მოვლენილი სპეციალურ მრჩევლის როლი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშორმლობის გაძლიერების საქმეში“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხედრო სწავლება Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეობის მისაღებად, თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიუტუაციური საველე შეკრება გამართეს
ჩრდილოეთ უელსში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეების შესარჩევად, საქართველოს თავდაცვის ძალებმა სიტუაციური საველე შეკრება - „მსტოვარი 2023“ ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი სწავლების მიზანი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობიდან მოვლენილი დაზვერვის ქვედანაყოფების მომზადების დონის შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, სტანდარტული პროცედურების დახვეწა და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა გამძლეობის შესამოწმებელი ის სავარჯიშოები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც მათ უელსის მთიან რელიეფზე მოუწევთ. წვრთნის დროს სამხედროებმა პრაქტიკაში ახალი სადაზვევრო საშუალებებიც გამოსცადეს, მათ შორის სადაზვერვო დრონები, ანტი-დრონები, სკანერები, სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებები და შეჯავშნული ტაბლეტები. „მსტოვარი 2023“-ის სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენენ, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან და სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მიიღებენ მონაწილეობას. „მსტოვარი 2023“-ის საჩვენებელი სწავლება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფებმა თეორიული და პრაქტიკული ეტაპები გაიარეს, რაც სადაზვერვო, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებას, რქბ დასნებოვნების პირობებში დაზვერვას, ტაქტიკურ უნარჩვევებზე დაკვრივებასა და შეფასებას და თვითგადარჩენას მოიცავდა.
საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა
მუხროვანის ბაზაზე სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისსტროს ცნობით, საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა. უწყების ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა. „თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის, დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების, მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარეს და დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს. ყოველწლიური გეგმიური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სნაიპერებად მომზადება-ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ - წერია ინფორმაციაში.
სამხედროებმა ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების სამხედროებმა გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა
დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები გაიხსენეს. სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 5-კილომეტრიანი გარბენიც მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Agile Spirit 2023 - ში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედროები. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სერტიფიკატები და კოინები გადაეცა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც ჩატარდა.
აშშ-მ პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის $22 მილიარდის ოდენობით სესხი გადასცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გადასცა. „'პოლონეთი შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა და მისი უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია NATO_ს აღმოსავლეთი ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის'', - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ '„პოლონეთმა, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით აჩვენა თავისი ურყევი ვალდებულება რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ''. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, მარიუშ ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ პოლონური არმიისთვის 486 HIMARS-ის გადაცემა HOMAR-A-ის პროგრამის ნაწილია.
საქართველომ გერმანიის მთავრობის გრანტით ლოგისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა
საქართველოს თავდაცვის ძალებმა გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით ლოჯისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი გრანტით შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. „თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, გერმანიის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
აზერბაიჯანის პარლამენტმა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმებას ხელი ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, მხარეთა მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ აქტივობებს.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ-ით იზრდება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა ძირითადი ყურადღება იმ უწყებების დაფინანსებაზე გაამახვილა, რომლებიც კომიტეტის ინტერესის სფეროში შედიან. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110,0 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს ერთ მილიარდ 210 მლნ ლარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 205 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის -263 მლნ. ლარი, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის - 17 მლნ 500 ათასი ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის - 90 მლნ ლარი. „მომდევნო წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 5,2%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზრდაზე. ნომინალური მშპ იქნება 85,4 მლრდ ლარი, ბიუჯეტის დეფიციტს ვამცირებთ და იქნება 2,5% მშპ-სთან მიმართებაში, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი იქნება 38,2%-ის ფარგლებში. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იქნება 23 მლრდ 882 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი 24 მლრდ 161 მლნ ლარი,“ - განცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხის მესამედზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიემართება. როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი, კომიტეტებთან და სამინისტროებთან მუშაობას გააგრძელებენ, მოხდება ფისკალური რესურსების გადათვლა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია ნოემბრის შუა რიცხვებში წარედგინება პარლამენტს. სხდომაზე გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც საბოლოოდ კომიტეტის დასკვნაში აისახება. „სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი განვიხილეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას უკავშირდება. მისასალმებელია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საბიუჯეტო ასიგნებების ზრდა ხდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს, ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას. ეს, რა თქმა უნდა, ხორციელდება ჩვენი მყიფე უსაფრთხოების გარემოს შესაბამისად, ისევე როგორც იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემის წინაშე დგას“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა. ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება პრემიერ-მინისტრმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდებოდა.
ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა მიმდინარეობს - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი შესყიდვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. „აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომ გაუმჯობესდეს სამანევრო ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა საშუალო და შორ მანძილზე,“ - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა ჯაველინების ორ პარტიად შესყიდვის პროცესი და მიმდინარეობს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა. მისი თქმით, გაფორმებულია ხელშეკრულებები ხელის ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვაზე გერმანიასა და ესპანეთთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მულტიფუნქციური სისტემების შეძენაზე. მინისტრმა არტილერიის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „მიმდინარეობს ღონისძიებები საარტილერიო სისტემების ცეცხლის დროულობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ კონტრბატარეული რადარების შესყიდვებისა და არსებული საარტილერიო საშუალებების მოდერნიზების მიმართულებით. საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა NATO-სთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად,“ - აღნიშნა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრი: კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
თავდაცვის მინისტრი: ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა NATO-სთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მინისტრის შეფასებით, მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების სამოქმედო გეგმა 2030-ში განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად არაერთი უმნიშვნელოვანესი შესყიდვა განხორციელდა, რითაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობას. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ძველი საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი კეთდება NATO-ს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე. „როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, 2022 წელს დასრულდა რაფაელის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოდერნიზება და გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე, ხოლო NATO-ს წევრ ქვეყანასთან ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე. „NATO-ს წევრ და ასევე პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე ხელით გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემების შესყიდვაზე,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრი: აშშ-სთან თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება და ძლიერდება
საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთნ მჭიდრო, მრავალმხრივ, განგრძობით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურდღება. მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ურთიერთნდობასა და ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერა მიმოიხილა, ახლო მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „ეს არის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებასა და წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესრიგის ერთგულებას ემყარება. გასულ წელს, აშშ-დან დაახლოებით 68 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მივიღეთ. წელსაც ანალოგიურ დახმარებას მივიღებთ. ეს ტენდენცია და ზოგადად, გრანტის სახით დაფინანსების ტენდენცია არის მზარდი, იმდენად მზარდი, რომ რამდენიმე მათგანი, მაგ. EPF, გერმანიის გრანტები, რომელიც უპრეცედენტოა, აქამდე არ ყოფილა და ბოლო რამდენიმე წელია, რაც აღნიშნული დახმარებები მივიღეთ“. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროს კონკრეტული მიმართულებებიც დაასახელა, რომელთა განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში აშშ არის ჩართული: „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია; აქტიურად გრძელდება კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით თანამშრომლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.“
2024 წლიდან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა იგეგმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2024 წლიდან იგეგმება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღებად დაუთმო თავდაცვის მოხალისეების ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მოხალისეების ჩართულობას საერთაშორისო, უწყებათაშორისი და თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ უწყებას გათვალისწინებული აქვს მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტიტუციურად ინტეგრაცია. „ჩვენ ამ პროცესს გავხდით უფრო კონტროლირებადს, არ შეიძლება, არსებობდეს რაიმე სახის სამხედრო ან სამხედროსთან დაახლოებული ორგანიზაციები, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უწყების მიერ გაკონტროლებული. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა-მოდერნიზება უკვე დასრულებულია. „ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით. გასულ წლებში, განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. ჩვენ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს “SU–25”-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრი: უსაფრთხოების ანბანია, რომ გამოწვევები ცვალებადია - დღეს ქვეყნისთვის მტერი შეიძლება, ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი
დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვას უპასუხა თავდაცვის კოდექსზე. ბურჭულაძის თქმით, გარდა იმისა, რომ გამოწვევები მუდმივად იცვლება, სამართლებრივადაც გაუმართლებელია კოდექსში იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მტერი. „კოდექსი ვის წინააღმდეგ მივიღეთ? - უსაფრთხოების ანბანი არის ზოგადად ის, რომ გამოწვევები იცვლება. დღეს შეიძლება ერთი ქვეყანა იყოს მტერი, ხვალ მეორე ქვეყანა გახდება. შესაბამისად, კოდექსის დონის დოკუმენტში, მტერი ვინ არის, იმის განსაზღვრა, ჩემი აზრით, სამართლებრივადაც გაუმართლებელია. სხვა ქვეყნების დოქტრინებშიც ნაკლებად გვხვდება, რომ განსაზღვრული იყოს კონკრეტული ქვეყანა. თუ ვინმეს უწერია ევროპის ქვეყანას, რომ რუსეთი არის მტერი ქვეყანა, დღემდე აქვთ სავაჭრო ურთიერთობა მათთან, ჩვენც გვაქვს მათ შორის გარკვეულწილად და კოდექსის დონეზე ასეთი დამოკიდებულებები არ ისაზღვრება ზოგადად. ანბანი უსაფრთხოების არის ის, რომ გამოწვევები არის ცვალებადი. დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძე ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: ოკუპაციის გაგრძელებაა
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში სამხედრო ბაზის განთავსების გეგმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. მისი თქმით, ეს ფაქტი უკვე გაპროტესტებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და სხვა თეორიულად არსებული ყველა მექანიზმიც იქნება გამოყენებული. „ოჩამჩირე, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ გაჩერებულა 90-იან წლებში, არ შეჩერებულა 2008 წელს. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა უკანონო ქმედებას და, რა თქმა უნდა, ეს ქმედებაც იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული უკანონო ქმედება, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ და გავაპროტესტეთ უკვე. ამის გარდა, რა მექანიზმიც არსებობს თეორიულად ყველაფერს გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან. ხსენებული განცხადებით თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლის შესაბამის კითხვას უპასუხა. „პირადად ჩემთვის გმირები არიან. როდესაც ადამიანი იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. მათ შორის, 10%-იც კი რომ იყოს იმ განწყობით, ამით ჩემი ქვეყნის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა ყველას პატივს ვცემ,“ - განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, მინისტრმა უპასუხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის შეკითხვას, რატომ არ კრძალავენ უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სცდება თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. „ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ეს საკითხი და პატივით ვკრძალავთ მათ... თხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა მათი ოჯახის წევრებისგან, ვთვლით, რომ შევასრულეთ და არცერთი შემთხვევა არ დაგვიტოვებია სამხედრო პატივით დაკრძალვის გარეშე," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით კრძალავენ.
31-ე ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური ტაქტიკური ჯგუფის საველე სწავლება დაასრულა. საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების სცენარის მიხედვით, ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ოპერაციის რაიონში შეაყოვნა პირობითი მოწინააღმდეგე, მოახდინა მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება და კონტრშეტევის ოპერაცია განახორციელა. ოპერაციის შესრულებაში ქვედანაყოფს მხარს უჭერდა საინჟინრო, მექანიზირებული და საარტილერიო ბატარეა. ორკვირიან სწავლებაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ოთხი კვირის განმავლობაში ქვედანაყოფი მოემზადა საინჟინრო კუთხით, საარტილერიო ცეცხლის მანევრთან ინტეგრირებით ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ჯავშანტექნიკასთან ერთად კომბინირებულად მოქმედებებში, ასევე მცირე ჯგუფებად ოპერაციების შესრულებასა და მართვა-კონტროლის ზომების დახვეწასა და გაუმჯობესებაში. სწავლის დასკვნით ეტაპს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.
ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა
სარეზერვო სამსახურის გავლა შიდა ქართლის რეგიონშიც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა, რომელიც მთლიანად რეზერვისტების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ბატალიონი შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდება. „რეზერვის პროგრამისა და პირობების გაცნობის მიზნით, 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაური და სხვა წარმომადგენლები ქალაქ გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის კონტრაქტის, რეგისტრაციისა და მიღების პროცედურების, პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლამდე, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი მერვე ბატალიონია, რომელიც რეზერვისტებს მოამზადებს. ბატალიონები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით არის შერჩეული,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველო ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიასთან ითანამშრომლებს
საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას (eGA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინსიტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ და ელექტრონული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანეს ასტოკმა მოაწერეს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ინიციატივის (EPF) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და საქართველოს თავდაცვის ძალების მედეგობისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. „მემორანდუმი, კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის კიბერსწავლებებისა ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს ითვალისწინებს და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები სამეთაურო საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2023-ის“ მიმდინარეობით დაინტერესდნენ
საქართველოში ვიზიტით მყოფი NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას გაეცნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობაში სტუმრებმა სწავლების გენერალური შტაბისა და უწყებათშორისი ოპერაციული, ასევე, სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, ასევე „დიდგორი 2023“-ის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან მიიღეს. „დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელმა პირებმა NATO-ს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესიც გააცნეს. „კრწანისში“ ვიზიტისას, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი JTEC-ში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე NATO-სთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველო NATO-ს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვაც.
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ,,დიდგორი 2023-ის“ საველე კომპონენტების სიმულაციური სცენარი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას ითვალისწინებს. მიისვე თანახმად, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია. „წელს სწავლების სცენარი კრიზისულ სიტუაციაში სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწის გარდა, სხვადასხვა უწყებასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შორის ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებასაც ითვალისწინებს. „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე კომპონენტს პირველად დაემატა ორფოლოს პოლიგონზე გათამაშებული სწავლება - მოწინააღმდეგის ბლოკირება, სადაც მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად მოწინააღმდეგის ბლოკირება საბრძოლო სროლებით განახორციელა. სწავლებაში 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული და სატანკო ასეული, 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმტყორცნი, ასევე ბრიგადის ცალკეული დაზვერვის ასეულის ერთი ათეული, საინჟინრო ასეულის ერთი ათეული, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ერთი გათვლა და ეროვნული გვარდიის რეზერვი მონაწილეობდნენ. უწყებათშორისი სწავლება წელს მეცხრედ ტარდება. სწავლების მიზანს კრიზისული სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა წარმოადგენს,“ - აღნიშნულია უწყებუს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები სამეთაურო საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2023-ის“ მიმდინარეობით დაინტერესდნენ
აზერბაიჯანმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კანონი დაამტკიცა. „კანონის თანახმად, დამტკიცდა 2023 წლის 24 აპრილს ბაქოში ხელმოწერილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება,“ - წერს აზერბაიჯანული მედია. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 5 ოქტომბერს დაამტკიცა. შეთანხმებას ხელი ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, მხარეთა მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ აქტივობებს.
ვაზიანში საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამანევრო ასეულებმა, რეზერვის ამოცანების ფარგლებში, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მონაწილეობით ბლოკირების/ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს. ოპერაციები მოიცავდა საბრძოლო მზადყოფნის ვარჯიშებით ტაქტიკურ გადაადგილებას, საბრძოლო პოზიციების დაკავებასა და ბრძოლის წარმოებას. სწავლება ბატალიონის საბრძოლო დონის ამაღლებასა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის წევრების სინქრონიზებული მოქმედების დახვეწას ისახავდა მიზნად.
მე-4 ქვეით ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებს ბაზის ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია გააცნეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები გაიხსენეს. დღის ბოლოს, მოსწავლეები ბრიგადის სასადილოს ეწვივნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. „საგნის „სამხედრო საქმე“ სწავლება საქართველოს სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა. საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამაში მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლა ჩაერთო. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მე-13 ქვეითი ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩატარდა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. კერძოდ, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. „ასეულის დონის საველე სწავლება 60 მმ ნაღმმტყორცნის, 122 მმ არტილერიის, სნაიპერთა ჯგუფის, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევისა და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე: გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული
„2025 წლიდან სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია, აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია - 6-8-11-თვიანი, ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა - 4 წლის განმავლობაში ზაფხულობით 1 თვე სამხედრო სამსახურის გავლა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ მესამე მოსმენისას გამოკვეთილი ინიციატივები განიხილება. დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ შემოგვაქვს ინიციატივა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს სასამართლო. ეს არის ახალგაზრდისთვის კარგი, რომ მან იცოდეს, ეკუთვნის თუ არა ჯარში წასვლა. დაახლოებით 2-3 თვეში დასრულდება ეს პროცედურები. სასამართლოს ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლით აქვს შესაძლებლობა, თუ ის დაინახავს, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილება არის გაწვევასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ვიდრე არ დამთავრდება სასამართლო წარმოება. ამიტომ, ყველა მხრივ ადამიანის უფლებები იქნება დაცული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, უწყება საკანონმდებლო ხარვეზებს გააკონტროლებს, რათა არ დაუშვას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ჯარისგან თავის არიდება. გრიგოლ გიორგაძემ ასევე განაცხადა, რომ „თავდაცვის კოდექსში“ რელიგიასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შემოდის: „როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი რწმენის ან სინდისის გამო იარაღის აღებაზე უარს ამბობდა, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს.“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყება მიმართულია სამხედრო სამსახურის საკანონმდებლო საფუძველის მაქსიმალურად დახვეწისა და გასაწვევი ადამიანების უფლებების დაცვისკენ. „გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული,“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოში ვიზიტით იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს. „თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ იტალიელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები აქტიურად თანამშრომლობენ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ავიაციის საკითხებზე. კონსულტაციების ფარგლებში საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებსაც,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, თანამშრომლობის გეგმა ორმხრივ ვიზიტებს, კონსულტაციებს, სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები ასევე გააგრძელებენ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო და პანელზე მომხენებლად წარსდგა. ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში მათი ჩართულობის საკითხებს ეძღვნებოდა.
ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს სამაგალითო პარტნიორობისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ყურადღება გამახვილდა NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე. საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს. აღინიშნა აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა. შეხვედრას აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრნენ,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვაშინგტონის განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია
203-ე ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვედანაყოფი პირველად ჩამოყალიბდა და შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ. „რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36-დან 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მათი ხელფასი წლის განმავლობაში 4218 ლარია. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ამერიკული წარმოების სახმელეთო სათვალთვალო რადარების შესაძლებლობები და ტაქტიკური-ტექნიკური მახსასიათებლები გააცნეს. სტუმრები WARMATE-ის და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენებს დაესწრნენ, ასევე, სტაციონარული და მობილური სახმელეთო რადარების, სადაზვერვო დამრტყმელი კვადროკოპტერებისა და ბარაჟირებადი (კამიკაძე) უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდის პროცესს დააკვირდნენ. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს. აღნიშნული პროექტი დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. პარალელურად, „დელტა-ვებე“-ს ბაზაზე შექმნილ ტრენინგ ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს დრონების ოპერატორების მომზადებისა და გადამზადების პროცესი. მრავალფუნქციური სარადარო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალების განვითარების 2030 გეგმის შესაბამისად გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას.
იაპონია თავდაცვის ხარჯებს 10%-ით ზრდის
იაპონიის მთავრობა მზადაა, 2024 წელს ბიუჯეტის გაზრდის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დაამტკიცოს. ხარჯები (54,1 მილიარდი აშშ დოლარი) მიმდინარე განაკვეთებით, რაც დაახლოებით, 13,2%-ით მეტია მიმდინარე წლის ანალოგიურ ხარჯებთან შედარებით. მთავრობა ასევე გამოყოფს ფულს ჰიპერბგერითი რაკეტის შემუშავებისთვის, რომლის ფრენის დიაპაზონი 3000 კილომეტრია. გარდა ამისა, დაგეგმილია თანხების გამოყოფა Aegis-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი ორი ხომალდის ასაშენებლად და მიმდებარედ კუნძულების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენმა ჯარმა კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების წლიური საქმიანობის შეჯამებისას, სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. „მინდა, დავიწყო მილოცვით, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი წარმატება, მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არა თუ ჩამოვრჩით რაიმე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ, ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედის“ ეთერში. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო. შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ უკვე გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ. „ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა,“ - განაცხადა მინისტრმა იმედთან ინტერვიუში.
დანია 2024-2033 წლებში ეროვნული თავდაცვისთვის 5,7 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს
დანიის მთავრობამ ეროვნული თავდაცვის ჩარჩოს აღდგენის გეგმა წარმოადგინა. ქვეყანა 2024-2033 წლებში ეროვნული თავდაცვისთვის 5,7 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პულსენის განცხადებით, ეს თანხები ტექნიკის, სამშენებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პერსონალის შესყიდვას მოხმარდება.
დანიიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა. მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ 403 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა, რომელიც JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება. პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser) და ცენტრისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა. „ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, დანიის სამეფოს ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა წერია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზე
სენატის შემდეგ, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში 300 მილიონი დოლარის გამოყოფას, უკრაინის დახმარებისთვის სპეციალური ინსპექტორის ოფისის შექმნას, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტსა და გამოძიებას. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ინტერესებშია, რომ მიიღოს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული სტრატეგია. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით. შავი ზღვის უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგია. დოკუმენტში ვკითხულობთ: პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული უშიშროების საბჭომ შეიმუშაოს უწყებათაშორისი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისა და შავი ზღვის ქვეყნებისთვის. გაიზარდოს კოორდინაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირთან. პუნქტები მოიცავს შემდეგს: ეკონომიკური კავშირების გაღრმავება; ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება; აშშ-მ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების დახმარება რეგიონის პარტნიორებთან, აშშ-ის ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად. მხარი დაუჭიროს მათი დემოკრატიებისა და მედეგობის გაძიერებას; ერთ-ერთი პუნქტი ასევე მოიცავს შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაძლიერებას რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით, და რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, ასევე, ენერგიის დივერსიფიკაციის მხარდაჭერას. ჩამონათვალი ასევე მოიცავს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური იძულების გავლენის შემცირებას შავი ზღვის ქვეყნებზე; ამასთან, მიუთითებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენაზე; ახალი შესაძლებლობების გამოვლენაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის შეერთებული შტატებიდან და სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან; შეერთებული შტატების საქმიანი კავშირების გაღრმავებაზე რეგიონულ პარტნიორებთან შეერთებული შტატების ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად. შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს შორის ჩართულობის გაზრდაზე. ეკონომიკური ზრდის, ინფრასტრუქტურის გაძლიერება განვითარებასა და ვაჭრობის გაღრმავებაზე მაღალი დონის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ფოკუსირებით; გეგმაზე საიმისოდ, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შავი ზღვის ქვეყნებმა აღიარონ და უპასუხონ რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შავი ზღვის რეგიონში. აშშ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი
უკრაინაში, 40 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს
უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ის ეჭვმიტანილია შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოყოფილი დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქურდობაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ოფიციალურმა პირმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სპეციალურ ექსპორტიორ კომპანიასთან, 1,5 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საარტილერიო ჭურვების ფასად შეძენის თაობაზე. უკრაინის უშიშროების პრესრელიზის თანახმად, ეს თანხა კომპანიის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. მოგვიანებით, იმავე ჭურვების მიწოდებაზე და იმავე მწარმოებელთან თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში განცხადეს, ოფიციალური პირი დააკავეს ბრალდებით, რომელიც კვალიფიცირებულია, როგორც უკრაინის არმიისა და სხვა სამხედრო ფორმირებების ლეგიტიმური საქმიანობის შეფერხება, რამაც ადამიანების სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია. ამ მუხლით ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი და რაც მთავარია, მზარდი - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრმა 2023 წლის საქმიანობის შეჯამებასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების გარდა, უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში უწყებამ უდიდეს პროგრესს მიაღწია, რაც გაზრდილ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება. „საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი. 2021 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ ევროკავშირისგან დახმარება მიიღო. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. დახმარებას რასაც ახლა ვიღებთ, ათჯერ, ოცჯერ მეტია, რაც მთავარია მზარდია, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, ასევე, გერმანიისგან მიღებული დახმარება“. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც ქვეყანას სამი წელია, ინტენსიურ დახმარებას უწევს თავდაცვისუნარიანობის განვითარების პროცესში: „ერთი კვირის წინ გერმანელებმა გრანტი დაგვიმტკიცეს, რაც მიმართულია ლოგისტიკური, საინჟინრო და სამედიცინო საშუალებების გასაძლიერებლად.“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო NATO-სთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებს და გააფართოებს. „იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება მისი ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით,“ - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია. „ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.“ „პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინაში ქალი სამხედროებისთვის სპეციალური ჯავშანჟილეტები შექმნეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქალისთვის ადაპტირებული პირველი ჯავშანჟილეტი დაამტკიცა. უკრაინის არმიაში მომსახურე ქალებს სპეციალურად შემუშავებული ჯავშანი პირველად გადაეცემათ. ჯავშნის წონა, რომელიც სულ მცირე 10,5 კილოგრამია, სხვა ანალოგებისგან არ განსხვავდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟილეტი ორეტაპიანი ტესტირების შემდეგ დამტკიცდა. საველე გამოცდების პირველი ეტაპის შემდეგ, დიზაინი დაიხვეწა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 40 000-ზე მეტი ქალი მსახურობს, მათგან 5 000 ფრონტის ხაზზეა
თურქეთის ელჩმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 2024 წლისთვის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის და თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მეზობელი ქვეყნის უდიდეს წვლილზე ისაუბრა. „ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, სამხედრო მრეწველობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები და 2024 წელს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები მიმოიხილეს. თავდაცვის სამინისტროში თურქ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხედრო მოსამსახურე გორში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. „პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და, შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.“
რას მოხმარდება შვედეთის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული დახმარება
9 იანვარს Europetime-ს შვედეთის საელჩოში დაუდასტურს, რომ სტოქჰოლმმა საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. Europetime-ს შვედეთის საელჩოში ექსკლუზიურად განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, შვედეთის მთავრობა საქართველოსთვის 490 000 აშშ დოლარის გამოყოფის გარდა, უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონ აშშ დოლარს, მოლდოვას კი, საქართველოს მსგავსად, 490 000 აშშ დოლარს ჰპირდება. კერძოდ, საქართველოსთვის თანხა გამოიყოფა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.
შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვის სფეროში დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფს
შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს. Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება NATO-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება. თანხები მოხმარდება განაღმვის, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა საკითხებს.“ კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, საქართველოსთვის თანხა გამოყოფილია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. საქართველოს შემთხვევაში თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.
საქართველო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის ხეშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია - "MESKO S.A"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, NATO-ს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
თავდაცვის ძალებს გერმანიის მხარდაჭერით შეძენილი ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის, გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. „ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო, მზარდი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სპეციალური ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი დაესწრნენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის ელჩის თქმით, ახალი ტექნიკის გადაცემა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. ელჩის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს შეიერაღებულ ძალებს. „ჩვენ საერთო მომავალი, საერთო გზა გვაქვს. ევროკავშირმა გასულ წელს გადაწყვიტა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია. საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ყოველთვის იყო დასავლეთი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გვერდით ვართ. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და ბედნიერი მომავალი ჩვენს პარტნიორობასა და მეგობრობაში,“ - აღნიშნა ელჩმა.
გერმანია ცივი ომის შემდეგ პირველად ამზადებს ახალ გეგმას ქვეყნის დასაცავად
გერმანია ცივი ომის შემდეგ პირველად შეიმუშავებს თავდაცვის სრულყოფილ გეგმას, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე. როგორც RBC-Ukraine იტყობინება, ამის შესახებ გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრე ბოდემანმა განაცხადა. ანდრე ბოდემანმა აღნიშნა, რომ გეგმის ძირითადი პუნქტები დაეთმობა მტრის ჯარების შეკავებას გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა განიხილონ ომის ახალი მოვლენები და მოემზადონ კრიტიკული ინფრასტრუქტურის, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევებისთვის საბოტაჟისთვის. ასევე მოსალოდნელია, რომ ბუნდესვერის მნიშვნელოვანი ნაწილი საჭირო იქნება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად. „გერმანიის ოპერატიული გეგმა ეფუძნება უსაფრთხოებისა და საფრთხის ამჟამინდელ მდგომარეობას გერმანიასა და მთლიანად ევროპაში. ეს უნდა იყოს რეალიზებადი და განხორციელებული გეგმა, რეალურად რაღაც ხელშესახები, რომელმაც შეიძლება, საბოლოოდ იმუშაოს,” - აღნიშნა ბოდემანმა. კერძოდ, ცნობილია, ახალი გეგმა, რომელიც ასობით გვერდს შეიცავს, გასაიდუმლოებული იქნება. დაგეგმილია მისი განხილვა პოლიციის, სამოქალაქო დაცვის ოფიცრების, მეცნიერების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკური ინდუსტრიის და მოკავშირეების მონაწილეობით. მისი სრულად განვითარება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე იგეგმება. „ეს თავდაცვის დაგეგმვა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს შეკავებას. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ კონფლიქტის ან ომის თავიდან ასაცილებლად," - აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა. მისივე თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საფრთხე ემუქრება, შესაძლოა - დივერსიის სახითაც. „ასე რომ, მე არ ველოდები სატანკო ბრძოლებს ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე და იმედია - არც რუსი მედესანტეების დაშვებას. მაგრამ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს საბოტაჟი ემუქრება, შესაძლოა, სპეცრაზმიც ეცადოს, ჩამოშალოს ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა,“ - დასძინა გენერალ-ლეიტენანტმა. ბოდემანი თვლის, რომ თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი სფერო კიბერსივრცე უნდა იყოს. კერძოდ, მტრის მიერ დეზინფორმაციის გავრცელება და ამით გერმანიის ხალხსა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მცდელობა. ცნობისთვის, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
შვეიცარიის პრეზიდენტი: თავდაცვისუნარიანობა უნდა გავაძლიეროთ
შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამერდი ესტონეთსა და ნორვეგიაში ვიზიტით იმყოფებოდა. „NATO-ს ორივე წევრმა დიდი შეშფოთება გამოხატა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო,“ განუცხადა ამჰერდმა შვეიცარიულ საინფორმაციო სააგენტოს Keystone-SDA-ს მოგზაურობის ბოლო დღეს. ესტონეთი კიდევ უფრო დაზარალდა რუსეთთან სიახლოვის გამო, მაგრამ ასევე ისტორიული მიზეზების გამო. ამიტომ ქვეყანა ასევე აფართოებს თავის თავდაცვის შესაძლებლობებს, განმარტა შვეიცარიის პრეზიდენტმა. იანვარში ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ ასევე გამოაცხადეს, რომ ერთობლივი თავდაცვის ხაზს შექმნიან რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარზე. ამჰერდი თვლის, რომ შვეიცარიამ უნდა ისწავლოს ამ გამოცდილებიდან და გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები. „არმია ბოლო 30 წლის განმავლობაში განადგურებული იყო და ცხადია, რომ ამის გამოსწორება ხუთ წელიწადში და გაზრდილი რესურსების გარეშე შეუძლებელია,“ - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების მაგალითზე, შვეიცარიამ შესაბამისი გაკვეთილები უნდა მიიღოს. ამასთან, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარკუს მედერმა განაცხადა, რომ შვეიცარიამ NATO-ს ქვეყნებთან ინფორმაცია და გამოცდილება უნდა გაცვალოს. ასევე, გადახედოს იმას, შეუძლიათ თუ არა შვეიცარიის სამხედროებს ალიანსის ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა.
თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში საკადრო ცვლილებებია
მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში - თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვეს ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ - გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.
თავდაცვის მინისტრი: კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე
„ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული, თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მდგომარეობა ზოგადად, სექტორისა და სისტემის - კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპორტაჟებში მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. „ჩემს პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში, არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები არის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია და არ არის განპირობებული, ან ერთი, ან მეორე რეპორტაჟით. რაც შეეხება რეპორტაჟებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ რეპორტაჟებში იყო ვარაუდები, მინიშნებები, მანიპულაციები, დეზინფორმაციაც კი, ზოგჯერ. ეს ნამდვილად არის არასწორი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება თავდაცვის სფეროს და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი არათუ ინტერესის სფერო, ჩემი ვალდებულება იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო ყველა ის რესურსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. აქვე გავუსვამ ხაზს და გეტყვით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა თავდაცვის სფეროში დანახარჯებთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით, ჩვენს გენერლებთან, ოფიცრებთან, კაპრალებთან, რიგითებთან და აბსოლუტურად ყველასთან და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და მაქსიმალური ეფექტიანობით მოვახმართ ჩვენს თავდაცვის ძალებს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.
თავდაცვის ახალმა მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „ე.წ. რამშტანის ჯგუფის მე-19 შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა,“ წერს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში. კანადა უკრაინის თავდაცვისთვის 44 მილიონ დოლარს გამოყოფს
უკრაინაში ომის გათვალისწინებით, შვეიცარია თავდაცვისთვის დამატებით, $22,58 მილიარდს დახარჯავს
ნეიტრალური შვეიცარიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში სამხედრო ხარჯებს გაზრდის, რაც გახდება ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადადგა. ამის შესახებ The Guardian იუწყება. პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა განაცხადა, რომ დაახლოებით 20 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი - 22,58 მილიარდი აშშ დოლარი - დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა თავდაცვისთვის 2035 წლამდე. „უსაფრთხოების პოლიტიკის ვითარება აშკარად რთულია, თუ გავითვალისწინებთ ამჟამინდელ არასტაბილურობას, ომს ევროპის კონტინენტზე, შეიარაღებული კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში და სხვა ცხელ წერტილებში მსოფლიოში,” - განაცხადა მან ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამჰერდმა, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრია, აღნიშნა, რომ „ახლა ამდენი კრიზისია“ და გეგმა ნაწილობრივ ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან მიღებული გაკვეთილებს.
თავდაცვის მინისტრი: სამხედრო მრეწველობის განვითარებას, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც სჭირდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობასა და გეგმებზე ისაუბრა. „გვაქვს ძალიან კარგი შედეგები გარკვეულ სფეროში, თუმცა არის პროექტები, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი გაგრძელება - ეს უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. როდესაც ვსაუბრობთ სამხედრო მრეწველობაზე, ჩვენთვის პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების საჭიროებები და შესაბამისად, გვქონდეს ამ საჭიროებების სწრაფი შევსების შესაძლებლობა. მაგრამ, მხოლოდ ჩვენს მოხმარებაზე არ შეიძლება და შეუძლებელია, ვიყოთ ორიენტირებულები. აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებას, სახელმწიფოსთან ერთად, სჭირდება კერძო სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც. მინისტრის განცხადებით, საჭიროა არსებული ბიზნესმოდელის შესაბამისი შეფასება და ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას წარმატებული ბიზნესის პროექტი. „აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე,“ ამბობს ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით.
უკრაინის მხარდასაჭერად საჰაერო თავდაცვის კოალიციას 15 ქვეყანა უერთდება
კოალიციამ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 რამშტეინის ფორმატის შეხვედრის დროს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. უმეროვმა აღნიშნა, რომ ინიციატივას გერმანია, საფრანგეთი და აშშ ხელმძღვანელობენ და მას სულ 15 ქვეყანა უკვე შეუერთდა. „უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არსებითია კონფლიქტის მომავლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კოალიცია შექმნეს უმეროვმა ასევე გამოაცხადა "დრონების კოალიციის" ოფიციალური დაწყების შესახებ, რომელსაც ლატვია ხელმძღვანელობს და რომელიც სხვა შვიდ ქვეყანას მოიცავს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ინიციატივას ახლახან შეუერთდნენ ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი. უმეროვმა რამშტაინის ფორმატის ადრინდელ სამიტზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, ავიაციის, საზღვაო ძალების და ჯავშანტექნიკის ირგვლივ კონცენტრირებული კოალიციების შექმნა მოკავშირეთა მთავარი პრიორიტეტებია.
ამერიკის საელჩო: ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას
აშშ-საქართველოს ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ამის შესახებ ამერიკის საელჩო წერს, რითაც ელჩ რობინ დანიგანსა და თავდაცვის ახალ მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება. „ელჩ რობინ დანიგანს პატივი ჰქონდა, შეხვედროდა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს. ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ.
ნეიტრალურ ავსტრიას არმიისთვის 200-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორის შეძენა სურს
ავსტრიამ 225 Pandur-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შეძენის გეგმის შესახებ განაცხადა. შეიარაღებული ძალებისთვის განკყთვნილი ამ ტექნიკის ღირებულება დააახლოებით 1,8 მილიარდი ევროს შეადგენს. ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს შესყიდვა არის "ინვესტიცია მომავალში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში." თავის მხრივ, მწარმოებელი კომპანიის, General Dynamics European Land Systems-ის დირექტორმა დაამატა, რომ 220-ზე მეტი ავსტრიული კომპანიაა ჩართული ჯავშანტექნიკის წარმოებაში.
ფინეთი ეროვნული თავდაცვისადმი ინტერესის გასაზრდელად, 300 სასროლეთს გახსნის
ფინეთი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს სამოქალაქო ინტერესს ეროვნული თავდაცვის მიმართ, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე. ფინეთმა გამოაცხადა, რომ გახსნის 300 სპეციალიზებულ პოლიგონს, სადაც შაშხანის ტიპის და ტაქტიკური იარაღის სასროლეთები ღია ცის ქვეშ განთავსდება. ფინეთის თავდაცვის კომიტეტის წევრის თქმით, ეს ნაბიჯი ფინელებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სროლის უნარები რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის პირობებში. ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კაცმა 18-დან 60 წლამდე უნდა დაასრულოს სავალდებულო ეროვნული თავდაცვის სამსახური. უახლოეს წლებში ფინეთში სასროლეთების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის იუნკერებმა 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენი განახორციელეს, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერებს მიუძღვნეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. „ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. იუნკერები 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა
ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა. კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტიანი გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა. თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტარტეგიის მიზნები ასევე მოიცავს „თავდაცვითი მზადყოფნის კულტურის ინტეგრირებას პოლიტიკაში, განსაკუთრებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პოლიტიკის წელს გადახედვის მოთხოვნით და უკრაინასთან უფრო მჭიდრო კავშირების განვითარებას ევროკავშირის ინიციატივებში თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად მისი მონაწილეობით, ასევე ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას. ახალ სტრატეგიასთან ერთად, კომისიამ ევროპის თავდაცვის მრეწველობის პროგრამაც წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს.
ჩინეთი სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის
ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 7,2%-ით მეტს გამოყოფს, ვიდრე შარშან. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ეროვნული თავდაცვის ხარჯები იქნება 1,665 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 231 მილიარდი დოლარი), რაც 7,2%-ით ზრდას ნიშნავს. ჩინეთის თავდაცვის ხარჯების იგივე ზრდა აღინიშნა 2023 წელს, როდესაც მან 220 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნა და სამხედრო მშენებლობა, რათა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. „აუცილებელია სამხედრო მომზადებისა და ომისთვის მზადების ყოველმხრივ გაძლიერება <…>, ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების მტკიცედ დაცვა,“ - აღნიშნა მან თავის მოხსენებაში. გასული წლის ბოლოს ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტის მოცულობამ 111 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 47%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და 65%-ით მეტი - ომამდელ 2021 წელთან შედარებით.
„ევროპა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა" - ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა
ევროკომისიამ დღეს თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა. კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტიანი გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა. ამასთან, ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა სტრატეგიის პრეზენტაციისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა "ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა", ხოლო საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები." ახალ სტრატეგიასთან ერთად, კომისიამ ევროპის თავდაცვის მრეწველობის პროგრამაც წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს. „ევროკომისიის სტრატეგია ტაბუს არღვევს: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მანამდე დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას საბრძოლო მასალის წარმოების დასაფინანსებლად და ერთობლივი შესყიდვების წახალისების მიზნით, ახლა კომისიას სურს ამ პრინციპის გრძელვადიან პერსპექტივაში განმტკიცება,“ წერს Politico. „თუმცა ამ კვირის თავდაცვის გეგმა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის თავდაპირველ მიზანს, რათა თავიდან აიცილოს ომი ევროპის მიწაზე,“ ციტირებს გამოცემა ევროპარლამენტარს, ესტონეთის არმიის ყოფილ მეთაურს რიო ტერასს. „ევროპა ომისთვის მზად უნდა იყოს და რადგან ის ეკონომიკური გაერთიანებაა, ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ თავდაცვის ინდუსტრიაზე,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. „ევროპული თავდაცვის კავშირის გეგმა, ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ფრანგი ჟან მონეს გონებაში დაიბადა, რაც ირონიულად მოკლეს, როდესაც ფრანგმა კანონმდებლებმა უარი თქვეს ხელშეკრულების რატიფიცირებაზე 1954 წელს. ახლა კიდევ ერთი ფრანგი, ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი ლიდერობს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების თავდაცვის გეგმების წარდგენაში. მრავალეროვნული საბრძოლო ძალების ჩამოყალიბების ნაცვლად - რასაც ცივი ომის პირველ წლებში განიხილავდნენ - ამჯერად ეს ყველაფერი ბლოკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის აშენებასა და ასევე, ამერიკულ იარაღზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზეა,“ წერს Politico.
საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში შეთანხმებებს გააფორმებენ
საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ. შეთანხმებებზე ხელის მოწერა ხვალ, პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის დროს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,“ - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დანია თავდაცვის ხარჯებს $6 მილიარდით გაზრდის და სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს
დანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯების 6 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს. შეიარაღებული ძალების ზომა 2026 წლიდან ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევით გაიზრდება, რაც ასევე შეესაბამება ქვეყნის გენდერული თანასწორობის ღირებულებებს, ამჟამად, ქალებს არმიაში გაწევრიანება ნებაყოფლობით შეუძლიათ. სკანდინავიური ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დონორად იქცა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები რამდენიმე ნაბიჯით გაზარდა. „ახალი ბიუჯეტი ნიშნავს, რომ დანია წელს თავდაცვაზე თავისი მშპ-ს 2.4%-ს დახარჯავს, უკრაინის დახმარების ჩათვლით, ხოლო მომავალი წლიდან 2%-ს - შემოწირულობების გარეშე,“ აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა. 2023 წლის მონაცემებით, ქალების წილი, რომლებიც ნებაყოფლობით მსახურობდნენ არმიაში, 25%-ს შეადგენდა. სამხედრო სამსახურის ვადის 4-დან 11 თვემდე გაზრდა იგეგმება. წვევამდელთა წლიური რაოდენობა 5 ათას კაცამდე გაიზრდება.
დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა - სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება,“ წერს თავდაცვის სამინისტრო. “მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს. „დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.” კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს: “არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.” თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა.
15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. „სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. წარმატებულ სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს. ღონისძიების დაწყებამდე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებსაც უმასპინძლა. თბილისის 35-ე და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები სამხედრო ბაზას ეწვივნენ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს და გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა,“ წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფრანგი მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალურ ნაბიჯებს არ გამორიცხავს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალური ნაბიჯების მომხრეა. ლეკორნუმ განაცხადა, რომ ის „არ გამორიცხავს“ შესაძლებლობების რეკვიზიციას თავდაცვის წარმოების გაზრდის მიზნით. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წელს მიღებული კანონი 2024-2030 წლების სამხედრო დაგეგმვის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რადიკალური ნაბიჯების საფუძველს იძლევა ქვეყნისთვის აშკარა ან სავარაუდო საფრთხის ფონზე. პოტენციური რეკვიზიცია შეიძლება, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ახლახან გამოაცხადა 500 მილიონი ევროს გამოყოფა ევროპული კომპანიებისთვის საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების გაზრდის სქემით, რომელიც გაზრდის ჭურვების მიწოდებას უკრაინაში და შეავსებს ევროკავშირის ქვეყნების მარაგს. იანვარში, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე სულ მცირე 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.
ნორვეგიამ თავდაცვის გაძლიერების ისტორიული გეგმა წარადგინა
ნორვეგიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი გეგმა, რომელიც თავდაცვის ხარჯებს 2036 წლისთვის თითქმის გააორმაგებს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. გეგმა ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას 600 მილიარდი კრონით (56 მილიარდი დოლარი) 2036 წლამდე. მთავრობამ გეგმას ისტორიული უწოდა. „ნორვეგიის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის ყველაზე ფუნდამენტური ამოცანაა. ჩვენ გვჭირდება დაცვა, რომელიც ადაპტირებულია არსებულ ვითარებასთან და საფრთხის ლანდშაფტთან. ეს გეგმა ისტორიული სტიმულია ნორვეგიის შეიარაღებული ძალებისთვის და ითვალისწინებს ყველა სახის თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებას,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა. მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესება, წვევამდელთა რაოდენობის გაზრდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კრიტიკული ხარვეზების გამოსწორება, მნიშვნელოვანი ინვესტიციები საზღვაო ძალებში, არმიის გაძლიერება და ტერიტორიული თავდაცვა. ნორვეგია ასევე აპირებს, მიაღწიოს NATO-ს მიზანს, რომელიც 2024 წლის დასაწყისში - დაგეგმილზე ორი წლით ადრე, თავდაცვისსთვის მშპ-ს 2%-ის დახარჯვას გულისხმობს.
თავდაცვის მინისტრი: NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან განაცხადა, რომ NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა დაNATO-ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება,“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
SIPRI: მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა რეკორდულ ნიშნულს, თითქმის 2,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია
გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა 2023 წელს 2,443 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6,8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და 2009 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპია. ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაშია ნათქვამი. მსოფლიოში სამხედრო ხარჯები უკვე მეცხრე წელია, იზრდება. პირველად 2009 წლის შემდეგ, სამხედრო ხარჯები SIPRI-ის მიერ განსაზღვრულ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში გაიზარდა, განსაკუთრებით, ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპაში, აზიასა და ოკეანიასა და ახლო აღმოსავლეთში. „სამხედრო ხარჯების უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი პასუხია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ გაუარესებაზე,” - აღნიშნა ნან ტიანმა, SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსმა თანამშრომელმა. 2023 წლის 10 უმსხვილესმა მოთამაშემ – შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით – სამხედრო ხარჯები გაზარდა. რუსეთის სამხედრო ხარჯები 2023 წელს 24%-ით გაიზარდა და მან 109 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 57%-ით მეტია 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. 2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 16%-ს შეადგენდა, ხოლო სამხედრო ტვირთი (სამხედრო დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტში, მშპ) 5,9%-ს შეადგენდა. 2023 წელს უკრაინამ მერვე ადგილი დაიკავა, ხარჯების მკვეთრი ზრდის შემდეგ 51%-ით 64,8 მილიარდ დოლარამდე. ეს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 58%-ს შეადგენს. აშშ-ის სამხედრო ხარჯები 2023 წელს 2,3%-ით გაიზარდა და მან 916 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც NATO-ს მთლიანი სამხედრო ხარჯების 68%-ს წარმოადგენს. 2 2023 წელს NATO-ს ევროპელმა წევრებმა სამხედრო ხარჯები გაზარდეს. მათი ერთობლივი წილი NATO-ში 28% იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
სომხეთი და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს შეისწავლიან
ერევანი, 2 სექტემბერი, არმენპრესი․ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა, საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „შეხვედრისას ხაზი გავუსვით სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობას, ასევე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონში გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სხვადასხვა ჯგუფების ორმხრივი ვიზიტების გზით ასევე შევისწავლით ორმხრივი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების და ახალი მიმართულებების ჩართვის შესაძლებლობებს. ასევე განვიხილეთ სომხურ-ქართული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები,“ - დაწერა პაპიკიანმა. ქართული მხარის ცნობით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. „გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წელს გაფორმდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე, სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ,“ წერს თავდაცვის უწყება.
სომხეთი და საქართველო შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ
1-2 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორი არტურ ეროიანის ხელმძღვანელობით. გენერალ-მაიორი ეროიანი საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების მნიშვნელობას. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის არმიის უფროსის მოადგილე ასევე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილს. განიხილეს სომხეთის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაციამ დაათვალიერა ეროვნული თავდაცვის აკადემია, სამეთაურო-საშტაბო მომზადების ცენტრი, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სერჟანტთა აკადემია.