თეგი: თავდაცვის კოდექსი
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას
პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე, მომხსენებელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველო პარტნიორების დახმარებით აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას. „არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იარაღს არ ვყიდულობთ - ვეჭვობ არც დაინტერესდით. გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა - იქნება ეს საჰაერო თუ სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია თავდაცვისთვის. აგრეთვე პოლონელებთან ერთად ერთობლივი საწარმო „დელტა-ვებე" დაფუძნდა. მიმდინარე წელს გვექნება უპილოტო საფრენი აპარატები - როგორც მზვერავი საშუალებები, ასევე გამანადგურებლები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძველი საბჭოური იარაღის ჩანაცვლება, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროცესია, რასაც ვახორციელებთ“, - მიმართა გიორგაძემ ოპოზიციას რადიო თავისუფლების ცნობით. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის" პროექტს განიხილავენ. ინიციირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები: სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის იქნება 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. 2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური, ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „სწავლასთან თავსებადია“.
გრიგოლ გიორგაძე: „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება
„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან განმარტა. „დღეს მოქმედი კანონმდებლობით გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენელი მღვდელმსახური ექვემდებარება გადავადებას, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ყველა მღვდელმსახური, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური დაექვემდებარება ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაცვის უწყებას კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები ჰქონდა რელიგიურ კონფესიებთან, საკითხები მათთან შეჯერებულია. „შესაბამისად, პროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება“, - ამბობს გიორგაძე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკორდატს აღიარებს და, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდელმსახური, სხვა კონფესიების მსგავსად, ალტერნატიულ შრომით სამსამსახურს დაექვემდებარება. „საქართველოს კონსტიტუციით არის მოცემული, კონკორდატის არსებობას არავინ უარყოფს, აქ საუბარია ალტერნატიულ შრომით სამსახურში, სხვა კონფესიების მსგავსად, მართლმადიდებელი მღვდელმსახური გაივლის თუ არა ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ჩვენი პასუხი არის, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, სწორედ, ასე მოხდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თავდაცვის უწყების ცნობით. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა
სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის, დავით თევზაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან „ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს.“ „ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა. ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი. და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას," - განაცხადა თევზაძემ.