თეგი: თამარ გუდავა

თამარ გუდავა: თუ დადასტურდა ჩემი შვილის ბრალეულობა, მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე, მივდივარ პოზიციიდან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა თანამდებობას ტოვებს. მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია თამარ გუდავას შვილი. მან განაცხადა, რომ “უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“ დაკავებული პოზიციიდან მიდის. “მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი, რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან,” -აცხადებს თამარ გუდავა. ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს, 5 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 -ელ მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. გამოძიების თანახმად, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.