თეგი: თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელმა აქტივისტმა ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად დანიშვნის“ გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, შიმშილობა დაიწყო, რითაც დავით გურწიევის დროებით ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურორად დანიშვნას აპროტესტებს. „ჩემი მომართვის თემა არის დავით გურწიევის დანიშვნა ახალგორის რაიონის პროკურორად. მინდა გესაუბროთ იმ მიზეზებზე, რის გამოც, ჩემი აზრით, ეს ადამიანი არ არის ღირსი, მსგავსი საპასუხისმგებლო პოსტი ეკავოს. უკვე ერთი კვირაა, რაც წერილობით მიმართვებსაც ვწერ ამის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ამიტომ, მე გადავწყვიტე, გამოვაცხადო შიმშილობა და ვიშიმშილებ იქამდე, სანამ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურორი" პასუხს არ გამცემს, რატომ და რა დამსახურებებისთვის ნიშნავს "პროკურორად" დავით გურწიევს, რომელიც უკვე 15 წელია, რაც ჩვენი რაიონის მოსახლეობას ატერორებს," - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის დაუსწრებლად გაასამართლა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.  2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.