თეგი: თამბაქო
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი: ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში, თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილია
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის თქმით, ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია, მწეველების საშუალო ასაკი კი 56 წელია. მისივე ინფორმაციით, თუ პირველი იანვრიდან კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, ის 5000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. "ერთფეროვან კოლოფზე, რა თქმა უნდა, სამედიცინო გაფრთხილება იქნება. ეს კოლოფები იწარმოება უკრაინაში. ომიანობის პერიოდშიც კი, ამ მწარმოებელმა შეუთანხმა სხვა მწარმოებელს და ისევ უკრაინაში ხდება კოლოფების დამზადება, როგორც საქართველოსთვის, ისე ისრაელისთვის. ძირითადი პრევენციული ზომაა, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა თამბაქოს მოხმარება არ დაიწყონ. თუ პოტენციურად ახალგაზრდების 15-20 პროცენტი იწყებს მოწევას, სადა შეფუთვის გამო, ეს ციფრი 10%-მდე ჩამოდის. ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას. საკმაოდ ეფექტური ზომაა. უკვე ზრდასრული ადამიანებისთვისაც კარგავს მიმზიდველობას და ასოცირება ხდება, რომ ეს არ არის ნორმალური პროდუქტი.მნიშვნელოვნად ეფექტური ზომა რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, თამბაქოს ინდუსტრია არ გააგრძელებდა მცდელობებს. სამწუხაროდ, ცდილობენ კონკრეტული პოლიტიკოსებით, რომ გადავადდეს, თუმცა ამის არგუმენტები არ არსებობს. საჯარიმო სანქცია ყოველ აღმოჩენილ შემთხვევაზე 5000 ლარია, განმეორებისას 10 ათასი ლარი და ასე შემდეგ“,- განაცხადა ბახტურიძემ „კვირის“ პრესკლუბში.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის დაკანონება არ გადადოს
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა. საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც. აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას. დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს მხარი დაუჭირა. რის საფუძველძეც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი: თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მოუმზადებელია და პარლამენტმა არ უნდა განიხილოს
თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მოუმზადებელია, ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს და საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, – ამის შესახებ აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში. „საქართველოს პარლამენტი განიხილავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის ავტორები და ინიციატორები არიან დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული. ცვლილების თანახმად, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, ორი წლით, ან წელიწადნახევრით უნდა გადავადდეს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა. თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით რეალიზაციის ნორმა ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტების ძალისხმევით ხუთი წლით გადაავადეს. ანუ ხუთი წელი ჰქონდათ რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღისთვის მოსამზადებლად. სიცრუეა იმის მტკიცება, რომ მიმდინარე ომის გამო უკრაინაში თამბაქოს პროდუქციის წარმოება შეუძლებელია და დღემდე სხვა ქვეყნებში გადაწყობას ცდილობენ, რაც თურმე ხელს შეუშლით სადა შეფუთვის რეგულაციის ასრულებაში. საქართველოში უკრაინიდან იმპორტიორმა სამმა მსხვილმა მულტინაციონალურმა კომპანიამ („ფილიპ მორისი“, „ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს“ და „იაპონური თამბაქოს კომპანიები“) უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან მეორე დღეს შეაჩერეს წარმოება, მაგრამ „ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ მ/წ 25 აპრილიდან პრილუკის საწარმოში განაახლა წარმოება, „იაპონური თამბაქოს კომპანიამ“ იგივე დროიდან კრემენჩუკის ფაბრიკაში გადაინაცვლა. „ფილიპ მორისმა“ მ/წ აგვისტოს დასაწყისიდან ბრენდების წარმოება კიევში მდებარე „იმპერიალ თობაკოს“ საწარმოში განაახლა, საიდანაც სადა შეფუთვით სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს ისრაელს აწვდის. ისრაელთან სადა შეფუთვით იმპორტი უკრაინიდან ჯერ კიდევ 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და შესაბამისად, თამბაქოს სადა შეფუთვით დამზადება და მიწოდება „ფილიპ მორისისთვის“ სიახლე არ არის.ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ევროპის რეგიონში 30-მდე ქარხანა აქვთ. ყველაზე ახლოს, მეზობელ თურქეთში აქვთ საწარმოები. ერთი თვეც კმაროდა საქართველოსნაირი მცირე ბაზრის უზრუნველსაყოფად გადასაწყობად.მთავრობამ, 2022 წლის 16 მაისს დაამტკიცა „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტი“, ანუ რეგულაციის ძალაში შესვლამდე 7,5 თვით ადრე. თამბაქოს ინდუსტრიას იმედი ჰქონდა, რომ ნორმატიული აქტის დამტკიცებას დაბლოკავდნენ და რახან ვერ შეძლეს, მოიფიქრეს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადების ახალი „მიზეზი“ ომი უკრაინაში.ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი პროდუქტის დეფიციტის გამო, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება და გათვლა არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ექსპორტის თანხობრივი მოცულობა გაიზარდა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ე.ი. არანაირი პრობლემა თამბაქოს იმპორტს საქართველოში არ შექმნია. კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. არადა, უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სიგარეტის ერთფეროვანი შეფუთვა მიმზიდველი არაა და მათთვის თამბაქოს პროდუქტი აღიქმება არანორმალურ და ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქტად. კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს, ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა თუ შეთანხმებებს. უპირველესად, ზემოაღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 და მე-13 მუხლებისა და მათ აღსასრულებელ სახელმძღვანელო პრინციპებს/გაიდლაინებს. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ირღვევა შეთანხმების 283 და 356 მუხლებისა და დანართი XXXI მოთხოვნები. თამამად ვაცხადებთ, რომ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს. ამიტომაც მიუღებელია, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. იმედია, ქვეყნის საკანონდებლო ორგანო, რომელმაც 2017 წელს და შემდგომაც მრავალჯერ დაიცვა მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები, არ მოემსახურება კონკრეტული ბიზნესის ფინანსურ და მერკანტილურ ინტერესებს“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.
თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს
თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს და ამ მიმართულებით 2025 წლიდან ახალი საგადასახდო განაკვეთი ამოქმედდეს. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება. „თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება,“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: - დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, გოჩა ენუქიძემ და ელგუჯა გოცირიძემ მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა “საგადასახდო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, “ჰომოგენიზებული“ ან “აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და “საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. ინიციატორთა განმარტებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია. “საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს,“ - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.