თეგი: თანხების კონფისკაცია

პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიდან თანხების კონფისკაცია მოახდინა

პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე არსებული თანხების კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა პოლონეთში, სერგეი ანდრეევმა განაცხადა. საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე ბანკ Santander-ში არსებული ანგარიშებიდან ამოღებული თანხები პოლონეთის პროკურატურის ანგარიშებზე გადაირიცხა. საუბარია დიდ თანხაზე, როგორც პოლონურ ზლოტებში, ისე ამერიკულ დოლარებში. შესაბამისი შეტყობინება რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე გადაეცა. ელჩის თქმით, ბანკმა Santander-მა განაცხადა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა საელჩოსთან და დახურა ანგარიშები. ელჩმა მომხდარი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა. პოლონეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშები 2022 წლის მარტში გაყინეს, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პოლონეთმა ასევე მოახდინა დიპლომატიური წარმომადგენლობის უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტის, დიპლომატების საცხოვრებლების და ვარშავასთან მდებარე დასასვენებელი ცენტრის კონფისკაცია.