თეგი: თანხის მითვისება

სტუ-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა უნივერსიტეტის კუთვნილი ₾1.3 მლნ მიითვისა - პროკურატურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა უნივერსიტეტის კუთვნილი ₾1.288 მლნ მიითვისა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე, დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად - საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს კუთვნილ 1 288 000 ლარს“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათივე ცნობით, მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.  

პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება წარუდგინა. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 4 547 ლარი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ქართრეიდის“ დილერმა და ამავე კომპანიის დირექტორებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან, 209 220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად, მხოლოდ 145 210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122 712.37 აშშ დოლარი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს. „სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე პირების დადგენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.