თეგი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ. პროფკავშირის განცხადებით, თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. კერძოდ, განათლებისა და კულტურის პროფკავშირში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია. „დასაქმებულები ითხოვენ ხელფასების მატებას! ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ დამსაქმებელმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ახლა უკვე გაფიცულთა მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენაცაა. მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები. დროა, ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და პირობებისთვის. მოგიწოდებთ ყველას დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს,“ - ნათქვამია პროფკავშირის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.