თეგი: თბილისობა
„თბილისობა“ 1-2 ოქტომბერს გაიმართება
„თბილისობა“ დედაქალაქში 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გვაქვს შესაძლებლობა 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ „თბილისობის“ დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიებები, რაც ძალიან მასშტაბური იქნება. „თბილისობას“ ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები კონცერტები მთელი დღის განმავლობაში. რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი საკუთარი, სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, ამაზე ყურადღების გამახვილება, რა თქმა უნდა, არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარია კონცერტებზე, შემოქმედებით ღონისძიებებზე, აქ შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება. ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან საახალწლო ღონისძიებების თანმდევი პროცესია, „თბილისობის“ და სხვადასხვა ღონისძიებების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდა მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.
დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
დიზაინერი დემნა გვასალია საპატიო თბილისელის ჯილდოს მფლობელია. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას; რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი; ქართველები ვართ ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამ შეგვიძლია. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ დემნა გვასალიას კანდიდატურა - ადამიანის, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია, არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი. დემნა ცხადია, დღეს თბილისში არ იმყოფება, იცით, რომ პარიზის მოდის კვირეული იმართება, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო და მე მექნე შესაძლებლობა, საპატიო თბილისელის წოდება ოფიციალურად გადავცე პირადად მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაჯოლდოებულებს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
თბილისის 20 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადაეცა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ახალი სტატუსი 20-მა საპატიო თბილისელმა მიიღო. „მივესალმები თბილისს - ჩვენს მუდამ თანამედროვე, მოდერნისტულ, ახალგაზრდულ და რაც მთავარია, უძველეს დედაქალაქს, რომელიც უკვე 16 საუკუნეა ქმნის თბილისური ცხოვრების, სიყვარულის, ტოლერანტობის, მეგობრობის, კულტურის საოცარ ისტორიებს. მივესალმები ჩვენს თანაქალაქელებს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ თანამოქალაქეებს. ჩემო თბილისელებო, თქვენ ხართ თბილისის დღევანდელობა, მისი სახე და ანარეკლი. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა. მე, როგორც დედაქალაქის მერი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი; თენგიზ არჩვაძე - მსახიობი; ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი; ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი; მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი; მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე; ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ; ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი; ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი; გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი; ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი; ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი; რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი; ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი; მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი; ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი; ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი; ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი; ელდარ შენგელაია - რეჟისორი; დემნა გვასალია - დიზაინერი; „პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.