თეგი: თეიმურაზ კუპატაძე

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა. თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.  

ფონიჭალაში, 20-მდე ნარკორეალიზატორი დაკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს „დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომელიც ახორციელებდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა კუპატაძემ.  

თეიმურაზ კუპატაძე: შსს-ს თანამშრომლებს აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ

7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. აქციებზე დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან - კუპატაძე „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან ხუთი მათგანი გადის ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ მძიმე დაზიანებები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ“, - აღნიშნა კუპატაძემ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.  

შსს აცხადებს, რომ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე - 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.  

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ათზე მეტი პირი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. კუპატაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. „ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და რის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან საკონტროლო შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ასევე აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან : იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და ა.შ.“ - განაცხადა კუპატაძემ. რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად იყო განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ეს სეროზულ გამოწვევას წარმოადგენს. კუპატაძის თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამ მიმართულებით ცალკე დანაყოფი მუშაობს. „ალბათ, საზოგადოებამ იცის, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ხდება ნარკოტიკული საშუალებებს განთავსება და ეს არის: სადარბაზოები, სასაფლაოები, კვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას] 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი. სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამას ექსპერტიზა დაადგენს,“ - განაცხადა კუპატაძემ.

შსს: ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში 52 კგ კოკაინია აღმოჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. მის თქმით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით. ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა. აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.