თეგი: თელასი

„თელასი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა

საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის განმარტებით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

თელასი: თუ აბონენტებს, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ შეუძლიათ, მოგვმართონ

სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული. „იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს, თუმცა, როგორც კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ეცდებიან, საკითხის შესწავლა თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში დაასრულონ.

საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრისას დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - თელასი

საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრისას დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაო სავარაუდოდ, 00:00 საათისთვის დასრულდება. „თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენრგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. „თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.