თეგი: თვითმკვლელობა
განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, დაკავებისას თავი მოიკლა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, განზრახ მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე სავარაუდო ბრალდებულის თვითმკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, 1987 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ თანმხლები პირის - 1989 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თანდასწრებით, 18 დეკემბერს თბილისში შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მუცლის არეში დაჭრა 1966 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს აცხადებს, დანაშაულის ჩადენისთანავე, ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. ფაქტზე იმავე დღეს დაიწყო გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. როგორც შსს აცხადებს, დანაშაულის ჩამდენი პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ღონისძიებებში ჩაერთნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც, მათი ადგილსამყოფელის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სხვადასხვა მისამართებთან ერთად გამოცხადდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გ.ს.-ის ნათესავის სახლში, სადაც მათ ადგილზე დახვდათ გ.ს. შსს-ს ცნობით, პოლიციელების დანახვისთანავე გ.ს.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები", - ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით, სსკ-ის 375-ე მუხლით, 1989 წელს დაბადებული გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ გ.ს. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში.