თეგი: თორნიკე მამალაძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია - თორნიკე მამალაძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია - ინფორმაციას მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს. თორნიკე მამალაძე „ტვპირველთან“ პირდაპირი ჩართვის დროს ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს მისი ძმა, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ დეკანოზმა საპყრობილე უკვე დატოვა. „ორი ან სამი საათის წინ მაცნობა ამის შესახებ,“ ამბობს თორნიკე მამალაძე. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი ე.წ. უდოს კომისიის (პირობით ვადამდე გათავისუფლების) საშუალებით გათავისუფლდა. მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველად ისაუბრა
„მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის - მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა,“ - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის საპატიმრო დაწესებულებიდან ქობულეთში, საკუთარ სახლში რეანიმობილით გადაიყვანეს. დეკანოზი ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება. „მადლობას ვუხდი ოჯახს, თორნიკეს. ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. ყველა ჩემს უფლებადამცველს, მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივს და საერთაშორისოს. ამერიკის და ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც იცავდა ჩემს უფლებას. ასევე ყველა ჟურნალისტს ვუხდი მადლობას. მადლობა ყველას, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე იცის. ჩემი მთავარი გეგმაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მისცემდა უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, მე მაინც მიყვარს ის," - აღნიშნა დეკანოზმა.