თეგი: თოღრულ ქოჩარლი
SOCAR-ი უზბეკეთიდან მსოფლიო ბაზრებზე საქართველოს გავლით დიზელის გატანას განიხილავს — მედია
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR უზბეკეთიდან მსოფლიო ბაზრებზე დიზელის საწვავის საქართველოს შავი ზღვის პორტ ყულევში მდებარე საკუთარი ტერმინალის გავლით ტრანზიტს განიხილავს. ამის შესახებ Report-ს SOCAR-ის გლობალური ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თოღრულ ქოჩარლიმ განუცხადა. „SOCAR Trading ამჟამად უზბეკეთიდან ნაფთას (ნავთობქიმიური ნედლეულის) ტრანსპორტირებას და შავი ზღვის პორტებში მიწოდებას ახორციელებს. განხილვის საგანია დიზელი. საუბარია უზბეკეთში წარმოებულ დიზელის საწვავზე. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი ექსპორტიც ყულევში მდებარე ჩვენი ტერმინალის გავლით განხორციელდება,“ — აღნიშნა ქოჩარლიმ. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყაზახეთისა და თურქმენეთისგან განსხვავებით, რომლებიც აზერბაიჯანის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები არიან საერთაშორისო ბაზრებზე ეროვნული ნავთობპროდუქტების ტრანზიტისა და ექსპორტის კუთხით, ტაშკენტთან თანამშრომლობა ამ სფეროში მხოლოდ წელს დაიწყო. „ფაქტობრივად, ერთობლივი მუშაობის საფუძველი გაცილებით ადრე ჩაეყარა მხარეებს შორის შექმნილი სამწლიანი ენერგეტიკული პროექტის — „ტურანის“ ფარგლებში. თუმცა მისი პრაქტიკული განხორციელება და აქტიური საოპერაციო საქმიანობა სწორედ წელს დაიწყო,“ — განმარტა ქოჩარლიმ.