თეგი: თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, უახლოეს დღეებში შეხვდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს. მიღებული სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, არის პრობლემური სიტუაციები. როგორც ყველა ქვეყანა, ჩვენც სხვადასხვანაირად ვცდილობთ მათ დაძლევას. ჩვენ უნდა გავიხსნათ. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. 26 აპრილს, გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მანამდე ის თურქეთში იმყოფებოდა. გუტერეშმა პუტინთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა. გაეროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. ანტონიო გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.