თეგი: იაპონიის ელჩი

იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია

იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც იაპონიაში მთის დღე აღინიშნება, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს. „კავკასიონის ულამაზესი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მან ხაზი გაუსვა მთის საკვანძო როლზე ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში. მოგზაურობის დროს ელჩი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე და არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მესტიის მერთან ერთად ეწვია უშგულს, რომელმაც თავისი ისტორიით, კულტურული თავისებურებებით, უნიკალური არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მონახულება, რომლის სიამაყეა ეთნოგრაფიული ექსპონატები, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების კოლექცია. მოგზაურობის განმავლობაში ელჩი გაეცნო სვანურ კერძებს, მუსიკას და ცეკვას. ელჩმა, ასევე დაათვალიერა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მინი გრანტების ფარგლებში დაფინანსებული ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს. გამოფენა ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს-ს „ემ თი ეი“ მიერ. საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიას 17 აგვისტოდან უმასპინძლებს. ვიზიტის გამორჩეული ნაწილი იყო შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობა, რომელიც 2019 წელს იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი მუნიციპალიტეტში, რომელიც მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის 100 მდე შშმ პირს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველომ და იაპონიამ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, გააგრძელოს ძალისხმევა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.