თეგი: იარაღის წარმოება
SIPRI: მსოფლიოში იარაღის წარმოება მზარდ მოთხოვნას ვერ ეწევა
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის(SIPRI) ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, იარაღის გაყიდვითა და სამხედრო მომსახურებით მსოფლიოს 100-მა უმსხვილესმა კომპანიამ 2022 წელს, საერთო ჯამში, 597 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,5%-ით ნაკლებია. შემოსავლები შემცირდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იარაღზე მოთხოვნის მკვეთრად გაზრდის მიუხედავად. ანგარიშის თანახმად, შემოსავლების კლება დიდწილად მოდის ამერიკულ კომპანიებზე(-7,9%). ევროპული ფირმების შემოსავალი მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა. დაკვეთების გაზრდის მიუხედავად, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა პერსონალის დეფიციტის, გაზრდილი ხარჯების და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთო ჯამში, 3,1%-ით გაიზარდა აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მწარმოებელთა შემოსავლები. ერთ წელიწადში 94%-იანი მატებით რეკორდსმენია თურქული კომპანია Baykar-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, Bayraktar-ს აწარმოებს. ეს ფირმა პირველად შევიდა მსოფლიოში იარაღის მწარმოებელი 100 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში. 2022 წელს 18%-იანი ზრდა ჰქონდათ ჩინეთის კომპანიებს. SIPRI-ს ანგარიშში მოხვდა მხოლოდ 2 რუსული კომპანია, „როსტეხი“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“, რომელთა შემოსავალი, საერთი ჯამში, 12%-ით შემცირდა. რუსეთის სამხედრო მრეწველობის სხვა კომპანიების მონაცემები საჯარო სივრცეში არ არის ხელმისაწვდომი.
საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ
საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ. ინდოეთის მთავრობის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი იარაღის წარმოების, ბირთვული ენერგიის და კოსმოსური კვლევების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას თანამშრომლობასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა და გასული წლის მაისის შემდეგ ნარენდრა მოდის მეხუთედ შეხვდა.