თეგი: იგორი დოდონი
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ, კიშინიოვში დააკავეს. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კიორპეკმა განაცხადა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მის სახლში ჩხრეკა უძღოდა წინ. ჩხრეკა ასევე ჩატარდა სავაჭრო ორგანიზაცია მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირში, რომელიც დოდონმა 2022 წელს დააარსა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. 18 მაისს, მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დოდონი მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, დოდონს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა იდო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი თქვა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს საერთაშორისო მედია დოდონს პრორუს პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ცნობისთვის, დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო. მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და ხშირად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში 2017 წლის იანვარში ჩავიდა. იმავე წელს, 9 მაისს, ერთადერთი უცხოელი პრეზიდენტი იყო, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონი დაამარცხა მაია სანდუმ, რომელსაც პროდასავლური კანდიდატი უწოდეს. დოდონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოლდოვის დატოვებას და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.