თეგი: იენს სტოლტებერგი
სტოლტენბერგი: დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის
„დასავლეთი არ ისწრაფვის რუსეთთან ომისკენ, მაგრამ მაინც უნდა მოვემზადოთ კონფრონტაციისთვის, რომელიც შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს,“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Welt Am Sonntag-თან, 10 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისი თქმით, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის მხარდაჭერისა და NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო, რადგან რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის თავის ეკონომიკას უკვე ამზადებს. „ჩვენ სამრეწველო ბაზის სწრაფად აღდგენა და გაფართოება გვესაჭიროება, რათა უკრაინისთვის მიწოდება გავზარდოთ და ჩვენი საკუთარი რეზერვები შევავსოთ. ეს მშვიდობიან პერიოდში ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას ნიშნავს, როგორც ეს კონფლიქტის დროს არის აუცილებელი,“ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ფლოტის უკან დახევა შეძლო
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდის ჩაძირვის ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო. „მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს შავი ზღვა რუსული ხომალდებისთვის სახიფათო გახდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით მოკავშირეების ოპტიმიზმს უკანასკნელი წარმატებაც ზრდის. „ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რომ გასული წლის კონტრშეტევა უფრო წარმატებული არ იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფრონტის ხაზის უმოძრაობის მიუხედავად, უკრაინამ მის მიღმა შეტევები განახორციელა. ხმელეთზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურა, მათ შორის აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავები, ასევე, ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება განაგრძო,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.